იცრიცებოდა ღამე


იცრიცებოდა ღამე, როგორც ზღაპრის კონკია. 
ისმის მუსიკა, ცა გამხდარა, როგორც აკრილი.
ფერთა კაბაში ატირებას რაღა მიკლია, 
ისე უჩუმრად თავზე მადგას თეთრი აპრილი.
ხელებგაწვდილი დავუძახებ სხვა აპრილებსაც, 
რომ სიხარული იბნებოდეს ცაში ირაოდ.
იცრიცებოდეს ღამე, როგორც ზღაპრის კონკია,
მიუსაფარი, უთვისტომო და უბინაო.
ყოველ სიხარულს გაფრთხილება, უნდა ფერება.
ისმის მუსიკა, ხმა მიაპობს ცამდე მანძილებს,
კონკიურ ღამის ხვეულებში ღირს დაბერებაც...
როცა იცი, რომ ყოველი დღე გაიაპრილებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი