უბრალოდ, თეთრღრუბელა
. . . . ისე უცნაურად, მაღლა, თეთრ ღრუბლებში ვიმშობიარე... არც ორსული ვყოფილვარ, არც მუცელი გაუჭრიათ, არც ჩვეულებრივად. არვიცი, როგორ გითხრათ, თეთრ ღრუბლებში, მაღლა, რაღაც უჩვეულო სითეთრეში ვიმშობიარე. თეთრი, ფითქინა, ლამაზი ბავშვი დაიბადა. და ვტიროდი... რადგან ღრუბლებიდან გადმოვვარდი ჩემი შვილიანად, ძლივს წამოვდექი, შვილი კი გაქრა. მასშემდეგ დავეძებ, ხომ არ გინახავთ? -- როგორი იყო შენი შვილი? -- თეთრი, ღრუბელა, ლამაზი... --- რა ერქვა? -- უბრალოდ, თეთრღრუბელა. -- როდის დაიბადა? -- არვიცი, არ გამიჩენია, არც ორსული ვყოფილვარ, არც მუცელი გაუჭრიათ, არც ჩვეულებრივად, უცნაურად, თეთრ ღრუბლებზე დაიბადა და თეთრღრუბელა დავარქვი..... ხომ არ გინახავთ? -- შენ ღრუბელა ბავშვის დედა ხარ? -- მე? დედა ვარ? კითხვა შევუბრუნე უცხოს, კი, დედა ვარ, რა თქმა უნდა, რამ დამავიწყა. რა, იცნობ ჩემს შვილს? -- არა, უბრალოდ მამას ვიცნობ, თეთრღრუბელას მამას. -- მამას? არა, რას ამბობ, მამა საერთოდ არ ჰყოლია, არც დედა. ხომ გითხარი, უბრალოდ ღრუბლებზე დაიბადა, ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი და გაქრა... სადმე ხომ არ გინახავთ? -- არაა. მიპასუხა შემხვედრმა და ისე მოიღრუბლა, რომ ცაზე სინათლის ნასახიც აღარ ჩანდა. არაუშავს, ხვალ მზიანი დღე იქნება და მოვძებნი, აუცილებლად ვიპოვი ჩემს თეთრღრუბელას. . 10. 12. 2017წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი