ღიმილი დამეკარგა


ერთ მშვენიერ დღეს ღიმილი დამეკარგა. ვინ იცის რამდენს ვიცინოდი ბავშვობაში, ახლა კი გამომელია. იქნებ მომპარეს? ნამდვილად არ მახსოვს. გადავწყვიტე მომეძებნა და მეპოვა. ღიმილის მოძებნა წლების წინაც მოვისურვე,ჯერ კიდევ მაშინ,სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი,მაგრამ ვერ ვიპოვე. ნეტა ახლა თუ ვიპოვი?-- გავიფიქრე და ქუჩაში გამოვედი. ავიარე და ჩავიარე, მართლა ქუჩაში ხომ არ დამეკარგებოდა,--საკუთარ თავს გავუბრაზდი. ქუჩის მეორე მხარეს წიგნების მაღაზიის ვიტრინასთან გავჩერდი,მაღაზიის მინაში თავი შევათვალიერე,როგორც სარკეში და გავიღიმე.ჩემს თავს გავუღიმე,მაგრამ მაშინვე პირი მოვკუმე,კბილებშორის სიცარიელისა შემეშინდა, წლების წინ,ტკივილის გამო, ფესვიანად რომ ამოვიღე. დარჩა ასე კბილების ნაადგილევი.
მზერა წიგნებზე გადავიტანე,ერთი ფართოყდიანი წიგნი მომხვდა თვალში, დავაცქერდი, დიდი მხატვრებიდან ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდასყდიან წიგნს ვუყურებდი. მართლა და, რატომ იღიმის მონალიზა? რამდენი იკვლიეს მისი ღიმილი... რომელიღაც გაზეთში წაკითხული სტატია გამახსენდა. ... თავისთავს უღიმის ლამაზი ქალი,ან იქნებ ორსულია, დედობის მოლოდინში მომღიმარე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ისიც დაადგინეს,რომ მონა ლიზას კბილები არ ჰქონდა და მხატვარმა ასე გამოსახა უკბილო ქალი. მხოლოდ კბილების არქონის შემთხვევაში იღიმის ასე ადამიანი, ასკვნიან სტომატოლოგები.პიდაპირ საოცრებაა, ექიმებიც კი თავისებურად ხსნიან უდიდეს ქმნილებას. ფაქტია,რომ მხატვარს, კერძოთ კი, ლეონარდოს ანატომიის ცოდნა ძალიან ეხმარებოდა ადამიანის როგორც შინაგანი,ისე გარეგანი სამყაროს გადმოცემაში.
რა კადნიერებაა,ისევ გავუბრაზდი საკუთარ თავს.ჩემი ღიმილი რა მოსატანია მონა ლიზას ღიმილის კვლევასთან? არაფერი, უბრალოდ გამახსენდა.
მაპატიეთ, მე ხომ ღიმილი დამეკარგა, საძებნელად დავბორიალობ და უნებურად წიგნის ყდამ გამახსენა ვიტრინასთან.
როგორია ჩემი ღიმილი? როგორ გამოვიყურები როცა ვიღიმი? წლებია აღარ ვიღიმი და აღარც გაღიმებული მომწონს ჩემი თავი.როცა მეკითხებიან,თუ რატომ არ ვიღიმი, ვპასუხობ,რომ ღიმილი დამეკარგა. გაკვირვებულები შემომხედავენ ხოლმე,ჰგონიათ რომ "სმაილები" არა მაქვს... გულისყურით მისმენდა ნაცნობი მამაკაცი,რომელიც, შემთხვევით ქუჩაში შემომხვდა და ჩემს გვერდით ვიტრინასთან იდგა. რას დაშტერებიხარო --- შემეკითხა და ისევ სულმოუთქმელად მივაყარე,ღიმილი დამეკარგა და საძებნელად წამოვედი, ყველამ გაიგეთ, რომ ღიმილი აღარ მაქვს. შევხედე ნაცნობს და მაინც გავუღიმე,მანაც გამიღიმა. ნაცნობი კარგა ხანს დამაშტერდა,თითქოს ჩემს ღიმილს ათვალიერებდა,მერე უცბათ გადაიხარხარა და მითხრა --- იცი, ღიმილი ძალიან გიხდება,ოღონდა კბილის ნაადგილევის სიცარიელე არ მომწონსო. წიგნების მაღაზიაში რამდენიმე წიგნი შეაფუთვინა და გადმომცა. დაბნეულმა შევხედე, საჩუქარი გამოვართვი და მადლობა გადავუხადე.--- არაფრისო, მითხრა და კვლავ დასძინა: იცოდე,რომ ღიმილი ძალიან გიხდება და გაღიმებაში ხელს აღარაფერი შეგიშლისო. დამემშვიდობა და წავიდა.
ვეღარ მოვითმინე, გავხსენი საჩუქარი და შემდეგი წიგნები ვნახე: ქართულ-ინგლისური ლექსიკონი,ფილოსოფიის სახელმძღვანელო და დიდი მხატვრებიდან ლეონარდო და ვინჩი, ყდაზე გამოსახული მონა ლიზას რეპროდუქციით. ლექსიკონის ყდაში ფული იდო, ზუსტად იმდენი, კბილების მკურნალობას რომ დასჭირდებოდა. გამეხარდა და გუწრფელად გამეღიმა... ჩუმად ჩავილაპარაკე: მადლობა,ჩემო ნაცნობო, ახლა სიხარულმა გამაღიმა და როცა მექნება აუცილებლად დაგიბრუნებ.

 2016 წლის მარტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი