ზებრას იუბილე


დაპატიჟა ცხოველები,
იუბილეს იხდის ზებრა,
ზღარბმა ზაგუმ მოიტანა,
შუშხუნების მთელი შეკვრა.

მელიამ თქვა მე ვიმღერებ,
გავაოცებ ყველა სტუმარს,
ღვეზელების გამოცხობა,
დაავალა ზებრამ ტურას.

ციყვმა თხილი მოიტანა,
დათვმა ორი კასრი თაფლი,
ვირმა გოგრა მოაგორა,
მაჩვმა ტყემალი და წაბლი.

გააჩაღეს ქეიფობა,
თამადა ჰყავთ რუხი მგელი,
მგელმა ზებრა ადღეგრძელა,
სიმღერით და ლხენა-ლხენით.

ლიმონათს სვამს სირაქლემა,
ღვეზელებს ჭამს ხარბად ტურა,
მელამ სიმღერა დაიწყო,
ჰარალე და სისატურა.

თაგვმა იმდენი იცინა,
მაგიდიდან გადავარდა,
მაჩვს ცეკვის დროს ფეხსაცმელი,
ბნელ სოროში ჩაუვარდა.

ტორტის გაჭრის დრო მოვიდა,
ზებრამ სანთლებს შეუბერა,
ულოცავენ, უმღერიან,
მხიარულობს ირგვლივ ყველა.

ცეკვავენ და იცინიან,
ტლინკებს იქნევს ლაღად ვირი,
ტკბილეულის ჭამისაგან
წამოსტკივდა ჟირაფს კბილი.

გაისროლეს შუშხუნები,
გაანათეს არემარე,
კუ სოროდან იჭყიტება,
გაოცებით იფშვნეტს თვალებს.

დათვის ბელებმა დაიწყეს,
დამალობანას თამაში,
ციყვი მელას ეჯიბრება,
მარმელადების ჭამაში.

მე ასეთი იუბილე,
ცხოვრებაში არ მინახავს,
მგელი ზებრას ეცეკვება,
ვირი ზურგზე ისვამს კატას.

მელა ამბობს მუდამ ასე,
მეგობრულად ვიყოთ ყველა,
ჩვენი ტყიდან სულ ისმოდეს,
მხიარული დელი-დელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი