მსუნაგი ბელის ამბავი
იყო და ნეტავ რა იყო, ამბავი არის ნამდვილი, ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა, ფრინველი, მწერი, ნადირი. ცნობა გავრცელდა უბანში, დათვმა დაკარგა ბელია, ასეთი ცუდი ამბავი, ჯერ ყურს არ მოუსმენია. თაგუნას გაჰკიდებია, თურმე ეს ჩვენი პატარა, მარტორქის შეშინებია, მუხის ხმელ ხეზე ამძვრალა. ხის ფუღუროში ყოფილა, ფუტკრის სკა სავსე თაფლითა, ბელს გული უჯერებია, ტკბილი ნუგბარის ჭამითა. მსუნაგი ბელის ამბავი, ქვეყანას მოსდო კოდალამ, დათვებსაც გააგებინა, ყველა მუხასთან შეყარა. ისე გამოძღა პატარა, ხიდან ვერ ჩამოდიოდა, მამა მაშველებს იხმობდა, დედა მოთქმითა ტიროდა. მოფრინდა მამა ფუტკარი, ცრემლად იღვრება ბელიო, გამოგიჭირე მსუნაგო, ვეღარსად გამექცევიო. ჟირაფმა ძლიერ იმარჯვა და მოიღერა ყელიო, კისერზე სწრაფად შეისვა და ძირს ჩამოსვა ბელიო. ბელმა შეჰფიცა დედიკოს აღარსად გავიპარები, ისე ვარ შეშინებული, სკას აღარ გავეკარები. ხომ მოგიყევით ბავშვებო, მსუნაგი ბელის ამბავი, ქატო იქ, ფქვილი აქაო, ასე მთავრდება ზღაპარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი