არჩევანი, რომელიც იდენტობას გაკარგვინებს.....


ამბობენ, რომ სახელი ჩვენი იდენტობის ნაწილია. მე კი ბავშობიდან არ მომწონდა სახელი ნინო, ნუ, იდეაში არც ახლა მომწონს,   მივეჩვიე, ეს ხომ უბრალოდ სახელია,  არ ღირს  გაზვიადებად.
ხმა -  როგორ თუ არ მოგწონს?  ნინო ხომ  წმინდანის სახელია, იაზრებ მაინც, რომ მისი სახელი გქვია?!
რა თქმა უნდა ვიაზრებ, მაგრამ მაინც არ მომწონს!  მერე  რა,  რომ წმინდანის სახელია, ეს სულაც არ ნიშნავს ჩემთვის არაფერს, რა მოხდებოდა სხვა სახელი  რომ დაერქმიათ? ან ის მერქვას  რაც მე მინდა, ეს ხომ ჩემი არჩევანია?!
ხმა- არ არის შენი არჩევანი, ეს იქამდე გადაწყდა, ვიდრე დაიბადებოდი. სინამდვილეში ნინო შენს ბებიას ერქვა და  დედაშენმა დედამთილს გული გაუხარა, აბა იმას ხომ ათქმევინებდა ახლობლებს, რომ დედამთილს პატივს არ სცემსო, თან წმინდანის სახელია, რას ერჩი.
......
საქმე მხოლოდ სახელის არჩევაში როდია?   სამეზობლოში ბევრი ბავშვი იყო, ერთად ვიკრიბებოდით, თუმცა გააჩნდა თუ რომელ  მეზობელთან იყო რიტუალური ყავის ვიზიტი. ემოციებისგან დაცლილი გრძნობების მქონე  დაღლილი დედები , რომელთა სასაუბრო თემაც ძირითადად საკუთარი ქმრების ავკარგიანი თვისებების გაზიარება იყო.  ყავა მათთვის  ფსიქოთერაპიის ერთადერთი საშუალება იყო. და რა შუაშია აქ ბავშვები?  ფორმალურად შეკრების მიზეზად ბავშვების ერთად თამაში სახელდებოდა.  ყველანი ერთად ვთამაშობდით, ძალიან მომწონდა მარიამის სათამაშო ციყვი, რომელიც ერთდროულად  საყვარელი და მახინჯი იყო. მინდოდა მეც მეთამაშა მასთან ერთად, სანამ დედა  არ მოვიდოდა და ჩემს სათამაშო მანქანას  მომიგდებდა -  დაანებე მაგას თავი, აიღე შენი სათამაშო და ამით ითამაშე!  ეგ რად გინდა, ასეთი მანქანა გყავს. მე კი ტირილს ვიწყებდი რადგან  ის სათამაშო მინდოდა.  ეს ხომ ჩემი არჩევანი იყო,  მეთამაშა  იმით, რითაც მინდოდა?! დედა კი  მოდიოდა და ირონიულად მომაძახებდა, რატომ ტირი,  გოგო ხარ?  არ გაბედო, ბიჭები არ ტირიან!
ხმა-  მართლა ფიქრობ, რომ რითაც გინდა, იმით შეგიძლია თამაში? არა, რასაც მოგიტანენ ის უნდა მოგეწონოს, თუკი ტირილს დაიწყებ მაშინვე შენს სისუსტეს გაუსვამენ ხაზს და გრძნობების გადმოცემის საშუალებას არ მოგცემენ. გაიაზრე თუ რა გარემოში დაიბადე!
........
სკოლაში ბოლო მერხზე  მინდოდა  დაჯდომა  იმ ბიჭთან ერთად, რომელიც ბაღიდან მოყოლებული  მომწონდა, მაგრამ წინა მერხზე დამსვეს - მასწავლებლის შვილის გვერდით, რადგან მამიდაჩემიც მასწავლებელი იყო, შესაბამისად იძულებითი პრივილეგიები უნდა მიგვეღო. ნუთუ  უფლება არ მქონდა, რომ ამერჩია გვერდით მჯდომი და ადგილი?
ხმა- რა თქმა უნდა არა, ამას შენი მშობელი და მასწავლებელი გადაწყვეტს, როგორც მათ სურთ ისე იქნება შენ კი დამჯერი  მოსწავლე უნდა  იყო, რა პრეტენციები გაქვს, მთავარია მასწავლებლისგან საყვედური არ მიიღოს მშობელმა.
ჩემი პირველი სიყვარული ხუჭუჭა ბიჭი, რომელიც ბოლო მერხიდან სულ მიყურებდა, მინდოდა მასთან ერთად  სკოლის უკან დავმალულიყავი და  მეკოცნა, თან გავიგებდი კოცნა როგორია, რომელიც მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი, როცა მთელი ოჯახი ბრაზილიურ სერიალებს უყურებდა და კოცნის დროს თვალებზე  ხელს მაფარებდნენ, შენთვის არ შეიძლება და ნუ უყურებო.  ყოველ ჯერზე, როცა ეგ მომენტი დგებოდა თავად ვხუჭავდი თვალებს და სირცხვლისგან სად დავმალულიყავი  არ ვიცოდი. მე ხომ შემიძლია ავირჩიო ვინ მინდა იყოს ჩემს გვერდით, თუნდაც ეს ბავშვური სისულელე იყოს?
ხმა- გაგიჟდი?! შენ ხომ ბავშვი იყავი! მაშინ თუ ეგეთებს გააკეთებდი,  მერე ყველა ბოზს დაგიძახებდა. გაიგებდნენ შენი მშობლები და  მასწავლებლები, შენსკენ გამოიშვერდნენ ხელს, ჯერ არ გაზრდილა და რეებს აკეთებს, ეს რომ სკოლას დაამთავრებს უკვე ბოზი იქნებაო.
.......
უბანში ბევრი ეგრედ წოდებული კაი ბიჭი ცხოვრობდა. ბიჭების ცხოვრება სულაც არ არის მარტივი მუდმივად გიწევს ორ უკიდურესობას შორის არჩევანის გაკეთება, უბანში ყოველთვის არის ისეთი სასტავი, რომელსაც ისე ვერ ჩაული, გაგაჩერებენ ვიღაც ქალის ფოტოს განახებენ და გკითხავენ მოგწონს თუ არა? არ იფიქროთ, რომ პასუხი მარტივია და არჩევანის წინაშე დაგაყენეს, თუ იტყვი, რომ მოგწონს, მაგაზეც აგიშარდებიან!  როგორ თუ მოგწონს, იცი ვინ არის ეს ქალი? დედაჩემია ბიჭო.. იტყვი, რომ არ მოგწონს და მაგაზეც პასუხი მზად აქვთ, რას ქვია არ მოგწონს, იცი ეგ  ვინ არის? დედაჩემია ბიჭო. ხშირად გაიგონებ მათგან დმცინავი ტონით გაჯერებულ შეკითხვას, ჰა, ისევ ვაჟიშვილი ხარ თუ წაგიყვანა ბიძამ ბოზებში? ჰო, კიდევ აუცილებელია კაი ბიჭობას თუ არ მიყვები, ქუჩის წესები მაინც  აუცილებლად იცოდე, რადგან თუკი ჩხუბი მოგივა ინფორმირებული იყო,  რომ დავა მხოლოდ იმ შემთვევაში გადაწყდება სამართლიანად, თუკი ამას კაი ბიჭი გადაწყვეტს.  მე ხო მაქვს არჩევანი, ვისთან დავკარგავ ვაჟიშვილობას, ან ვინ მომეწონება, ვისთან დავიჭერ საქმეს და ვისთან არა?
ხმა- სერიოზულად, ამაზე დაფიქრდი? მგონი, ჯერ კიდევ ვერ ხვდები, თუ სად და რა მენტალიტეტის სოციუმში დაიბადე. გარემოს იმ ფორით უნდა მოერგო, რომ შენი სახელი არ შეილახოს. რა სიყვარული და რა ვაჟიშვილობა, გგონია  შენ წყვეტ? არა, ამას შენი მდიდარი ბიძა წყვეტს და ის გადაწყვეტს, თუ რა ღირებულების ბოზი დაგჭირდება.
........
სკოლის დასასრულს შეყვარებული გავიჩინე, კარგი ბიჭია. აი, როგორც ამბობენ, შეძლებული. სიმართლე რომ ვთქვა, მგონი არც მიყვარს, უბრალოდ მეც მინდოდა სხვების მსგავსად შეყვარებული მყოლოდა. ხო, ვიცი, რომ ეს უაზრობაა და რას ვუმტკიცებ საკუთარ თავს მაგასაც ვერ  ვხვდები, მაგრამ ეს ხომ ჩემი არჩევანია ვიყო მასთან, ვისთანაც მინდა, მიუხედავად იმისა, მიყვარს თუ არა ის? იქნებ მერე შემიყვარდეს... 
 ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ სწავლა მეზარება, იქნებ ცოლად გავყვე, ეს ხომ ჩემი არჩევანია გავთხოვდები თუ არა 18 წლის ასაკში? სწავლის გაგრძელება  ყველასთვის  აუცილებელია?!
ხმა- რას ამბობ, რა გათხოვება, შენ ჯერ პატარა ხარ და  უნდა ისწავლო, პროფესია აირჩიო. მართლა იფიქრე, რომ ამას მარტო შენ გადაწყვეტ? არა, პროფესიის არჩევაში მთელი შენი ოჯახი, მეზობლები და ახლობლები  ჩაერევიან, რადგან  გოგოსთვის შესაფერისი პროფესია აირჩიო. აბა, დაფიქრდი,  ვინმეს უნდა გაუნათლებელი რძალი? რა თქმა უნდა არა, ეგღა აკლია შენს დედამთილს, რომ ვინმეს ათქვენინოს, არ ასწავლეს და სახლიდან მოიშორესო. შენც გააგრძელებ უნივერსიტეტში სწავლას, მაგრამ იმდენად დაგეზარება, რომ საგნებს განზრახ შეიტენი, დახარჯავ მშობლების მიერ რაიონიდან გამოგზავნილ სწავლისთვის განკუთვნილ ფულს და ასე იცხოვრებ დაძალებული სწავლის ფონზე.  მართალია იწვალებ, თუმცა  მაინც აიღებ დიპლომს. მეტი რა საჭიროა, მთავარია იცოდნენ, რომ შენ განათლებული გოგო ხარ. მხოლოდ ამის შემდგომ შეგეძლება, რომ გათხოვდე. საოჯახო საქმეებს სანიმუშოდ შეასრულებ, მეტი სწავლა აღარ იქნება საჭირო, შეიძლება მუშაობა არც არასოდეს დაგჭირდეს და ეს დიპლომიც დაგრჩება გვერდით.
........
ყველაფრის მიუხედავად სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ძალიან დამაინტერესა პროფესიის არჩევამ, უნივერსიტეტში სწავლამ და ხარისხების მიღებამ. ოცნებად მექცა, რომ პროფესორი გავხდე, და რა მიშლის ამაში ხელს, რატომაც არა? ოჯახი? რომლის შექმნაც არა მინდა, ვალდებულელების აღება, რომლებიც არ მიმაჩნია პრიორიტეტულად და მაგას სხვა დროსაც მოვასწრებ. ახლა კი, დრო ჩემი თავის განვითარებასა და სწავლას დავუთმობ. არც სასიყვარულო ურთიერთობებში მინდა დროის დაკარგვა, რადგან ვფიქრობ, რომ პრიორიტეტები  სწორად უნდა განვსაზღვრო და დავალაგო., ეს ხომ ჩემი არჩევანია, როდის და ვისთან შევქმნი ოჯახს? რამდენ ხან ვისწავლი და ჩემს ცხოვრებას ისე დავგეგმავ, როგორც მე მინდა?
ხმა- კაი რა, სერიზულად, 20 წელს გადაცდი, შენს მოხუც მშობლებს შვილიშვილი უნდათ, ერთადერთი ნანანტრი ბიჭი ხარ, რომელმაც გვარი უნდა გააგრძელოს, შენ კი ამბობ, რომ ცოლის მოყვანა არ მინდაო. მოიცა, შენ ხომ შეყვარებული გყავდა, თან საკმოდ დიდი ხანი, რატომ დაშორდი? არ იცი რომ აქ შეყვარებულის ყოლა მის ცოლად მოყვანას გულისხმობს? ამდენი ხანი გოგო შენთან იყო, თან თუ სექსი გქონდათ პასუხიმგებელი ხარ მასზე, აბა როგორ? აბა, სხვა ვინ მოიყვანს  ცოლად?! ხო, შეიძლება გინდოდეს ურთიერთობა ვალდებულებების გარეშე, თუ ძია ნოდარმა არ გაკურთხა, ისე სექსი არ გამოვა თუ როგორ?  მაგრამ არა, შეეშვი მაგ გოგოს! იცი? მაგას კახა ტყნავდა. ხო და რა სწავლა, კარგი რა, ბიჭი ხარ. მოიყანე ცოლი და იმას მიხედე, ქართველი ვაჟკაცების გაკეთებაზე იფიქრე, მაგ სწავლით გვარს გააგრძელებ?
***
ჩემი კარიერა პიკზე ავიდა, მეც ბედნიერი და შემდგარი ქალი გავხდი, თუმცა მაინც სიყვარულმა და საყოველთაო აზრმა, რომ ოჯახი აუცილებლად უნდა შემექმნა,  გადაწონა და ამიტომ მეც გავთხოვდი. გარკვეული პერიოდი ვერ ვვორსულდებოდი, ამის გამო აშკარად ყველა ღელავდა, ზურგს უკან მჭორავდნენ და კლინიკიდან კლინიკაში დამარბენინებდნენ, განრიგს მიდგენდნენ, თუ  როდის მექნებოდა ქმართან სექსი. როგორც იქნა მეც დავვორსულდი, ვგრძნობდი, რომ რეალობა  შეიცვალა, კარიერისტი გოგო სადღაც გამქრალიყო და  მხოლოდ საზოგადოდ მიღებული ტიპიური დედა და ცოლი დარჩენილიყო. ვიღაცის ცოლი.. სარკიდან სინანულით მიყურებდა ჩემი წარსული, მე კი  ვფიქრობდი, რომ თავიდან დაწყების შანსი ყოველთვის არსებობს.  როცა ჩემი შვილი წამოიზარდა და მე სამსახუში დაბრუნება გადავწყვიტე, ისევ დამაძალეს მეორე ბავშვი გამეჩინა და ისევ იმ რუტინაში დავბრუნებულყავი საიდან ამოსვლასაც ასე ძლიერ ვცდილობდი.  მე ხომ შემიძლია ავირჩიო რამდენი შვილი მყავდეს, როგორი იყოს ჩემი ცხოვრება, თუნდაც გათხოვების შემდეგ?
ხმა- რას ამბობ, შენ ვერ იაზრებ, რომ გათხოვდი! შენ მოგიწევს ბევრი რამის დათმობა ქმრისთვის, დედამთილისთვის, მამამთილისთვის, ყველასთვის, გარდა საკუთარი გაგიმართლებს და თავისა, შენ სადღაც კუთხეში იმალები, და თუკი გაგიმართლებს და დრო გექნება, შეგეძლება საკუთარი თავისთვის მოცლაც. ბავშვების გაზრდა პრიორიტეტია, მაგას ვერც ერთი სამსახური შეედრება! რა გეგონა, ერთი ბავში მარტო ცოდოა, ეგოისტად გაზრდება, ამიტომ საჭიროა დამატებით ძმა ან და, რომელიც ეთამაშება.
.......
რა არჩევანი, როდის დაიჯერე, რომ შენ რამის არჩევის უფლება გქონდა( კარგი, შეიძლება გგონია, რომ შენ არჩევანს აკეთებ, მაგრამ როგორც კი შესაბამისი მომენტი დადგება, რეალობა სახეში სილის გაწვნასავით მწარედ დაგანახებს , რომ ეგ არჩევანი მხოლოდ შენი გადაწყვეტილება არ იყო) შენ სულ იქნები  იმ სოციუმში, სადაც შენი ნებით არაფერი ხდება, დაიწყებ არ მიღებული თავისუფლების  ძებნას, გააკეთებ ყველაფერს, რასაც გიკრძალავდნენ, ამით შენს პროტესტს გამოხატავ, მაგრამ შენს სხეულზე იქნება ლაქებად, რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, დაისჯები იცოდე...
შენ არ გაქვს არჩევანის უფლება და არც არასდროს გქონია ის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

:( ძალიან გულწრფელია... იმედი მაქვს ამ ნაწერს, ბევრი ადამიანი ნახავს... სადღაც (ცოტა, მაგრამ მაინც), იმის იმედიც მაქვს რომ, ამ მოცემულობას და სამწუხარო რეალობას, შევცვლით. ჩვენ თუ ვერა, ჩვენი შვილები მაინც...

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი