იცი ვეღარ გწერ...
იცი, ვეღარ ვწერ და ზოგჯერ ისე მიჭირს, ვეღარ თავსდებიან ჩემი სხეულები, მე ალბათ მომიწევს, ჩემს სულს შეწუხებულს მოვხსნა მოჭერილი რკინის ხვეულები. მიწას გადავუხსნა ყველა სახსარი და მზეზე მივაფიცხო ხავსიანი ძვლები, დაბლა საყვედურით რომ არ ჩამომხედო აყროლებულ ცხედარს, სულო, როს გამძვრები. მერე მამაჩემის გათოხნილ მიწაში, ფრთხილად ჩავაწვინო ჩემი მკვდარი ლეში, მიწა მომაყარონ როგორც ვაზის ძირებს, ოფლიანი ხელით, ღიღინით და ხვნეშით. იცი, ვეღარ ვწერ და მოსვენებაც არ მაქვს, ალბათ წინათგრძნობა ასე ბორგვით მტანჯავს, რა თქმა უნდა ბედის არ ვივიწყებ ამაგს, ვერ ვინელებ მხოლოდ, დროის უქმად ხარჯვას იცი ვეღარ ვწერ და გულსაც ვეღარ ვუდებ ადგილს, სადაც არ ხარ, სადაც ჩრდილებს ტოვებ, მგონი საკუთარ თავს ვეღარაფერს ვუგებ, ადვილ გზას ვეძებ და მიტომ ვერ გიპოვე. მიტომ ვეჭიდები ახლა მიწის ქერქებს... დავაბიჯებ , წესით - სადაც უნდა ვიწვე. ვთელავ უნებურად, ახლად დარგულ ნერგებს, საკუთარი ხელით საფლავის თხრას ვიწყებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი