იცი, რამდენჯერაც უარმყოფ


იცი, რამდენჯერაც უარმყოფ,
იმდენჯერ სიცოცხლე მოკლდება.
ჩემს თვალებს სიცოცხლეს თუ ატყობ,
უშენოდ ერთ წამში მოკვდება.

მე უკვე მელევა ძალები
მე უკვე ვეღარ ვწერ ტანჯვაზე,
ოთახს მიმოვავლე თვალები,
სიცოცხლეს ვისინჯავ მაჯაზე.

და პულსი ისეთი სუსტია,
სიტყვასაც კი ვეღარ გაგონებს,
სიკვდილის საათი ზუსტია,
მე ვტოვებ სიცოცხლის ვაგონებს.

და ტანზე მაცვია შენს მიერ,
კარებთან ნასროლი უარი,
და აზრი აღარ აქვს გარჩევას,
ვინ იყო ჩვენს შორის მტყუანი.

ფერების ძებნასაც შევეშვი,
სიკვდილს არ უხდება ფერები,
და რკალავს ჩემს ირგვლივ ცივ ჰაერს,
შავი ცისარტყელის ფენები.

პულსი აგვიანებს გათიშვას,
რატომღაც საეჭვოდ ყოვნდება,
მიწას კი პირი აქვს ღია და 
უჩემოდ დღითიდღე ყროლდება.

შენ ალბათ არ იცი როგორ ვარ,
რა მიმაქვს ამ წუთისოფლიდან,
მე შენი ღმერთივით მჯეროდა
და არც მოღალატე ვყოფილვარ.

არა ვარ კარგად და არ ვამხელ,
მიზეზად რაღაცას ვიბრალებ,
მცივა და სხვა გზა რომ არა მაქვს,
სხეულზე შენს უარს ვიფარებ.

მე ვეღარ გეძახი ვერაფერს,
ვეღარც ვიხედები ვერსაით,
და როგორც სიცოცხლე მაჯებთან,
ეს ლექსიც სუსტია ჩემსავით.

შენ ალბათ არასდროს იცოდი,
რომ ჩემი სიცოცხლის წყარო ხარ,
იმედსაც კი აღარ ვიტოვებ,
რომ გადასარჩენად წამოხვალ.

მარტო ვარ ცარიელ ოთახში,
დროს ვითვლი სიცოცხლის წამიდან,
იქ წასვლა რარიგად რთულია,
მაგრამ აქ უშენოდ რა მინდა?!

ეს ნიშნავს არა დამარცხებას, 
ეს არც დავიწყებას არ ნიშნავს,
როცა დაგიფიცე, ღმერთს ვთხოვე,
უშენოდ მიწაში გამიშვას.

და თუ მარტოობა მოგიცავს,
თავი არ გეგონოს მტყუანი.
შენ ჩემი ლოცვები დაგფარავს,
მე შენგან ნასროლი უარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი