ისევ დაინისლებიან


ისევ დაინისლებიან მთები შენი კუთხის,
ტყეს გარინდულს გააღვიძებს 
ფრთის შრიალი შურთხის.
ჯიხვებს ვდევნი ქარაფებზე, სიზმარ - სიზმარ გეძებ,
გადაიყრის მთები ნისლებს და შენს ნახვას შევძლებ.
მოგიყვები სად ვიარე,
სად გავწვიმდი ანდა.
ქარი ცრემლებს მიმშრალებდა და რიონი მბანდა.
წამოსული წავიქეცი, ზოგჯერ მერჩის ბედი,
სიზმარს ცხადში შევუტიე, შევიცვალე გვერდი.
მეგობარო, შენ ვეძებ და ნუთუ არვის უთქვამს,
რომ გულიდან ოხვრა მოსდევს, ჩემს ნერვიულ სუნთქვას.
და რამდენჯერ მარტო ვადექ ღამის ბილიკს ბნელში,
მოთმინების ფიალები მემსხვრეოდა ხელში.
სისხლიანი ხელისგულით მისამართებს გწერდი,
დამარხული იმედების სკივრს, მიწიდან ვწევდი.
გითვალთვალე, გიდარაჯე, ვაწყდებოდი ქარებს,
ვრეკდი, ვრეკდი ბოლო ხმაზე, ერთგულების ზარებს.
ისევ მარტო ვდგავარ ახლა და ჭრილობებს ვირჩენ,
შენ ხომ მიცნობ, დარდებს ვმალავ, არასოდეს ვიმჩნევ.
რომ ეს გული სამარეა
ტკივილის და დარდის,
ყველა ფიქრი და ოცნება ამ გულის გზას გადის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი