კიდევ რამდენი უნდა ვიწვალო


კიდევ რამდენი უნდა ვიწვალო,
რამდენჯერ უნდა გავეკრა ჯვარზე,
რომ ჩემი სიტყვა ერთხელ იწამო,
რომ აღარ ვწერო ლექსები ჯავრზე.
რომ ძველებურად გჯეროდეს ჩემი,
რომ მაპატიო სამოთხის ვაშლი.
გულის ყვავილებს ვკრეფ და ნისლებში
მზეს ბილიკებად ვუტოვებ გაშლილს.

შენ იცი? ისევ მაღელვებს წვიმა,
ისევ ვინახავ ჭრილობებს გულში,
ზოგჯერ ვივიწყებ, რა ვარ და ვინ ვარ
და მზეს სხივების ნაწნავებს ვუშლი.

შენ იცი? ისევ მიყვარს დუმილი,
ისევ მარტოკა დავდივარ გზებზე,
ისევ დავმალე ჩემი სურვილი,
ახლა დაკარგულ ოცნებებს ვეძებ.

გადავიარე რამდენი მდელო,
შენამდე კვალი ისევ მერევა,
კიდევ რამდენი გზა უნდა ვთელო,
სანამ სიცოცხლე შემომელევა.

კიდევ რამდენი უნდა ვიწვალო,
რამდენჯერ უნდა გავეკრა ჯვარზე,
რომ ჩემი სიტყვა ერთხელ იწამო,
რომ აღარ ვწერო ლექსები ჯავრზე.
რომ ძველებურად გჯეროდეს ჩემი,
რომ მაპატიო სამოთხის ვაშლი.
გულის ყვავილებს ვკრეფ და ნისლებში
მზეს ბილკებად ვუტოვებ გაშლილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი