ჰოი, მარიამ
აუხდენელი სურვილივით დასანანია, ყველა ის წამი, რასაც მხოლოდ მარტო ვატარებ. ნაფერმკრთალები შემოდგომა ნაბიჯებს ითვლის, ზაფხულის დღეებს ღვთისმშობლობის თვეში ვაპარებ. მიიძინე და სული შენი უფალს მიანდე, შენი აგვისტო იწურება, ჰოი, მარიამ, თვალი დახუჭე, თავი ზეცის კალთას მიადე. ვინ დაგიტირებს? მომტირლები არსად არიან, შენგან შობილი გიწინამძღვრებს ახლა ზეცაში, თანაც მარიამ, რა ტკბილია შვილთან შეხვედრა. მერე ზეციდან მოგვაგებე ტკბილი ზედაშე, დაე ტკივილებს გვიამებდეს შენი შეხება. ნაფერმკრთალები შემოდგომა მოიცავს დღეებს, შენ კი იძინე ცის კალთაზე, დედა მარიამ. გულზე დაკრეფილ, გაყვითლებულ შენს ნატიფ ხელებს. ვინც ეამბორა, ვინც ემთხვია - ნეტარ არიან. მიიძინე და ბილიკს გაჰყევ დედაო ღვთისა, ცაში შენი გზა ია ვარდით გადაშლილია და მოგვიყევი, რა ტკბილია უფალთან მისვლა, მეტადრე მაშინ, როცა ღმერთი შენი შვილია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი