„ფიქრში შემოპარებულ...“ (ლ.მ - ს.)
ფიქრში შემოპარებულ შემოდგომას გაფიცებ, არ დამალო ზამთარი, თმაში შეფარებული, ვიცი ახლა ბავშვობას, მშრალ ამინდში აფიცხებ, გაზაფხული გიხსენებს, შენზე შეყვარებული. წლების ქარტეხილები, რამდენ სევდას ტოვებენ, რამდენ ტკივილს აჩვევენ, თურმე ადამიანებს და სიცოცხლის მანძილზე, რასაც მოიპოვებენ, კაცთა მოდგმა ასეა - წამში გაანიავებს. შენ კი მუშტი გაშალე, ნახე ხელში რა გრჩება, იქნებ სიზმრებს ვერ არჩევ, იქნებ ცხადში გერევა. ყველა ტკივილს გაფიცებ, გულზე რაც დაგაჩნდება, სანამ თეთრი ზამთარი თმებზე ჩამოგელევა, ამოწყვიტე გარშემო, ყველა შავი ყორანი და სიყვითლეშეპარულ ფიქრს აცილე ზამთარი. გააცურე ტალღებში, შენი ზანტი ბორანი, გააყოლე ოცნება, შენი ხელით გამთბარი. იქნებ ცაში არწიოს, სიფრიფანა ნიავმა, იქნებ ვინმეს აუხდეს, შენი გულის სურვილი, იქნებ სადმე მოგაგნოს სიყვარულმა გვიანმა.. არ დამალო ზამთარი, თმებში ჩამობურვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი