გადაიკარგე როგორც ზამთარი


გადაიკარგე, როგორც ზამთარი,
როგორც მზემ იცის ღამით დაკარგვა.
მე კი ყოველღამ ვიცვლი გარეკანს
და ყოველ დილით შენთან აღარ ვარ.

გულის პერანგი შემომეფლითა,
სიტყვაც აღარ მაქვს, ლექსს რომ მივაბა,
და საკუთარ თავს ვუსვამ შეკითხვას,
ბოლოს და ბოლოს მითხრას, ვინა ვარ?

რისი ტკივილის გრძნობა მაწუხებს?
ვისი ცრემლების დარდი დამყვება?
ნუთუ გაუხმა ფესვები იას,
აღარასოდეს არ აყვავდება?

მიმატოვე და გაინაპირე,
ვიცი, ამაოდ მოგტირი ახლა.
ხელის ცეცებით ამაოდ გეძებ,
დიდი ხანია გახვედი გაღმა.

საით გასცურა ნეტავ ვიცოდე,
ჩემი ბავშვობის თეთრმა ხომალდმა,
დავეძებ დღეებს, თვალს და ხელს შუა, -
თოვლის ფიფქივით რომ შემომადნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი