გულზე ისევ მატყვია


გულზე ისევ მატყვია,
ძველი ნაიარევი,
და ნატყვიარ ჭრილობას, 
ხელის გულით ვიმალავ.
დრო გადის და ნატყვიარ გულით დავიარები,
ზოგჯერ თავს ვეკითხები;
საით მივალ, ვინა ვარ?

რატომ მესმის გულიდან
ხშირად, სისხლის ჩხრიალი?
რად არ მემორჩილება
ზოგჯერ, ჩემი სხეული?
ხმა ჩამესმის წარსულის,
მოგუდული ხმიანი,
მიჭკნებიან იები,
თმებზე შემოხვეული.

იმედები გავთოხნე,
ტკივილები გავთიბე,
ზვინი დავდგი ფიქრების,
ახლა ჩრდილში ვისვენებ.
ო, რამდენი ვიდარდე
ღამეები ვათიე,
გულმა ვერ დაიტია
და მეც ვეღარ ვიხსენებ.

მერე რა რომ ცოტას ვსვამ,
ხელით ვმალავ ჭრილობას,
ყველა ღია ჭრილობა
სატკივარი როდია.
ვიცი, ვერ ვუთამადებ
პოეტების ყრილობას,
ვისაც უყვარს დალევა,
განა ყველა ლოთია.

ღამეს ვისვამ უბეში
და ცრემლების მორევით,
ჩამოცვენილ ფოთლებს და შემოდგომას მივტირი.
ვცდილობ წარმოვიდგინო,
ოდნავ მთვრალი გონებით,
როგორია ნეტავი,
პოეტური სიკვდილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი