სუნთქვას ტკივილი მიაქვს ფილტვებში
სუნთქვას ტკივილი მიაქვს ფილტვებში, შენ კი გრძნობების კლებას მაბრალებ, შენ აღარ მისმენ,როგორც მისმენდი და ქარებს უთქმელ სათქმელს ვაბარებ ქარტეხილები გადავიარე, უკვე დავცილდი ფიქრებს თვითმკვლელის, თვალდახუჭული ვუყურებ ზეცას, ჩემი ვარსკვლავი ისევ იქ მელის. ვერ გავაღწიე მაინც შენიდან, ვერ დაგთმო ჩემმა სულმა და ძვალმა, ხშირად გაგწირე, როგორც ობოლი - დაუნდობელმა დედინაცვალმა. გადაგიკვნიტე არტერიები, შენ სისხლის ნაცვლად გდიოდა ოფლი, ყველა ტკივილის მიუხედავად კვდებოდი ჩემი ყოფნა - არყოფნით. მიყვარხარ, როგორც მიყვარდი წინათ, გულით, გონებით, ფიქრით და აზრით. ყველა ტკივილი ნისლივით ქრება და ვთვრები შენი სხეულის ამბრით. ალბათ არ ღირდა ამბის მოყოლად, ის რაც მტკიოდა, ის რაც მტანჯავდა, გეენის ალში დავწვი დღეები, შენი თვალები სადაც არ ჩანდა. მტკიოდა, იცი როგორ მტკიოდა, შიშველი ფეხის გულზე წყლულები? თუმც საყვედური არასდროს მითქვამს, არ დამცდენია სიტყვა სრულებით. გულს მაფენია შენი ხატება, როგორც ყვავილი მწვანე მდელოსი, დამაქვს გულწრფელი გრძნობები გულით, ვით სადღეგრძელო საქართველოსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი