მე თუკი მწამხარ
მე თუკი მწამხარ, მწამხარ უსიტყვოდ, ჯანდაბას ყველა ეჭვი და ფიქრი. მეხვევა ზოგჯერ სათქმელი გულზე, როგორც გამხმარ ხეს ეხვევა ფითრი. დავეხეტები ზოგჯერ უკვალოდ, და უთავბოლოდ გიყვები ამბებს, ვწვები ღრუბელზე ყოველ საღამოს და უძილობა ჩემს სიზმრებს არბევს ჯობდა ეშმაკებს გავრიდებოდი, არ შემრჩა მრუდე სიტყვა არცერთი, მეც ვჭამდი ლუკმას უფლის ჯამიდან, სანამ იესოს მტრებთან გავცემდი. ვნანობ ყველაფერს, რასაც ვიხსენებ და თითებს ჩემსკენ როცა იშვერენ, თუკი ადამის მოდგმა გამკიცხავს, შენ ნუ დამტოვებ ღმრთო, მიშველე. ჩამოძონძილი სიბნელის შუქი,ჯოჯოხეთიდან მკრთალად ჭიატობს, ამომიყვანე ამ საძვალედან, სანამ საძირკველს შავად მიათოვს. ქვემოდან ზემოთ ასვლას ვესწრაფვი, თუმცა ჩემს ძალებს აღემატება, ღმერთო მიშველე, სანამ განწირულს, ცოდვა ცოდვაზე დამემატება. ხმა აღარა მაქვს, უხმოდ ვყვირივარ, ბედმა დამტოვა გზაში უმზითვოდ, მე სულ პირველი ცოდვის შვილი ვარ და აღსარებას ვამბობ უსიტყვოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი