ეს ნოემბერიც ისე გაივლის


ეს ნოემბერიც ისე გაივლის,
უბრალოდ, უბრად, მარტო, ეულად.
შენამდე შორი გზები მოსჩანან,
ზოგი სწორად და ზოგიც ხვეულად.

ჩემი ფიქრები ვეღარ გწვდებიან,
მალეც რომ გნახო, არა მგონია.
მე შემოქმედის კალთა მიფარავს,
შენი მფარველი ბარაკონია.

ჩუ, მეგობარო, რა ვუყოთ თუკი
ერთმანეთისთვის ისე ვერ ვზრუნავთ,
რა ვუყოთ, თუ მე ბარში ვარ, შენ კი,
შვლებს აედევნე მთებში მეგზურად.

ზეცა ალანძა ნოემბრის დილამ,
შენ ალბათ თავსხმა წვიმით სველდები.
მე კი ვზივარ და ჩაის ვწრუპავ და მთებზე ვფიქრობ და შენ მახსენდები.

მოვა ზამთარი, თეთრი სევდებით,
მოიტანს ყინვით დამზრალ საფიქრალს,
ცას გვირილები ჩამოსწყდებიან
და შენს ბარაკონს თეთრად დაფიფქავს.

დაიბნა ხედავ? შემოდგომის ცა,
შემოგვაპარა ზამთრის სიცივე.
შენ შვლებს გაჰყევი ერთგულ მეგზურად,
მე კი დარდები ვერ მოვიცილე.

ჩემი ფიქრები ვეღარ გწვდებიან,
მალეც რომ გნახო, არა მგონია,
მე შემოქმედის ლოცვა მიფარავს
შენი მფარველი ბარაკონია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი