ზეცის ბილიკებზე გამატარე ღმერთო


ზეცის ბილიკებზე გამატარე ღმერთო,
ვარსკვლავთა თაიგული მაკრეფინე,
ღრუბელზე ჩამომჯდარს, მთვარის შუქის ფონზე,
შენი სათნო სახე მაკვეთინე.

ისევ გამაგონე ის პირველი ნანა,
აკვანში ჩაკრული რომ ვისმენდი.
ათასჯერ ნატკენი გულის კუნჭულებში,
რწმენა ჩამინერგე, ისეთი -

სულში ქარიშხლებს რომ დაატრიალებს,
კოცონს რომ დაანთებს გიზგიზას, თაკარას,
ყველა უწმინდურს რომ გაატიალებს,
და დაემსგავსება მთის წყაროს ანკარას.

ხომ ხედავ, მაცდური სულ ყველგან მდარაჯობს,
თუმც ვცდილობ, არ ვიყო უძღები.
და ასე წვალებით, ხან ცრემლით, ხან ლხენით,
ჩემს ნაწილ ცხოვრებას ვუძღვები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი