დაიტევს ღამე
დაიტევს ღამე ყველაფერს ბნელში, მზეს მარხავს მთვარე, და შავად გლოვობს. ღამის ლანდები მღერიან ხმებში და იღლებიან ისინიც ბოლოს. მე კვლავ გიხსენებ, შენ ალბათ არა, ჩვენში სხვაობა ისეც დიდია, მე ამ სიბნელემ ვერ შემიყვარა, მთვარეზე თავდაღმა რომ ჰკიდია. ვარსკვლავებს ვითვლი და მეშინია, მილიონობით თვალს ახელს ზეცა, შენ ახლა ალბათ მზეს დასტირიხარ, რადგანაც გლოვის ფერები გეცვა. რადგანაც თვალზე გდიოდა წვიმა, ვერ ატყუებდი გულს ცრუ ფიქრებით, მალე სიკვდილი მთვარესთან მივა, შენ და მზე დილად გარდაიქმნებით... და ასე წრეზე ბრუნვაში გადის დღეები, რომლის დათვლაც გვწადია, აღარ ბრუნდება დედამიწაზე ის, რაც მოკვდავი და გახრწნადია. აბა მზესა და მთვარეს რა მოჰკლავს, დროებით ერთურთს ენაცვლებიან, შემორკალავენ დედამიწას და ცის ბილიკს მაინც ვერ ასცდებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი