გავიშლი აფრებს


გავიშლი აფრებს, შებინდებისას,
მოალუბლისფრო დაისის ფონზე
და რძისცერ ღრუბლებს 
დავმალავ უბით
სანამ ქარები მოვლიან გონზე.

რად აგვიანებ,
ვკითხო აბა, ვის?
გული მეხრჩობა
ღრუბლის გუბეში
და საკუთარ ძვლებს,
სისხლით გაბანილს,
ფრთხილად ვალაგებ
მიწის უბეში.

ზოგჯერ მირაჟი
გაკრთება თვალთან,
ზოგჯერ საშველად
მკვდარ სულებს ვუხმობ.
მე ახლა იმ გაზას
ვადგავარ გემით,
შენ რომ ყოველდღე
წყევლიდი უხმოდ.

და ბედისწერა წუხს,
რაკი ვერ თქვა:
„ბორბალი“ როგორ
სწრაფად ტრიალებს...
და ჰორიზონტზე,
მზის ნაპირებთან,
ჩემი გაშლილი აფრა იალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი