ზოგჯერ ვერაფერს შეცვლის დღეები


ზოგჯერ ვერაფერს შეცვლის დღეები,
სიცივე უნდა ძვალ-რბილში გაჯდეს.

გაყვითლებული ნოემბრის ბოლოს,
დეკემბრის სუსხი ალოკავს ფანჯრებს.

მე გავიხსენებ ეზოს თუთებით,
ეზოს ვაშლიან - ალუბლებიანს.

დავუწყებ ძებნას არასდროს ნანახ,
ღვთის საუფლოში წასულ ბებიას.

და ყოველ ღამე ჩამყვება ფიქრში,
ბაბუაჩემის მკრთალი „სანათი“.

გაწყვეტილ სიზმარს მივაბამ ლოცვებს,
როცა რეკს, დილის ექვსი საათი...

მუნჯია ამ დროს, ღამეც და ზეცაც,
დეკემბერს ელის მთელი სამყარო.

მე კი მცხელა და ჩემი ძონძები,
ეზოს ბოლოში მინდა დავყარო.

მოლიეს დარდი თითქოს თვეებმა,
ახლა სულ ერთი არის ყოველი,

ოცნება უკვე არახდენილი
და ალუბლებზე განაყოლები,

აღარასოდეს აღარ ახდება.
გადახმა ყველა ძველი ხის ფესვი.

შესანდობარი უკვე წარმოვსთქვი,
ცრემლებით სავსე ფიალა შევსვი.

ეს მისავალიც მიუვა მიმსვლელს,
ამ ფიქრსაც ზამთარს გადავაყოლებ

და ცოტას თუკი მაცლის სიკვდილი,
დაბერებასაც არ დავაყოვნებ.

მერე დავითვლი გადამხმარ ხეებს
გავმართავ მუხლებს, ბებერს და უძლურს

ხმელ ტოტებს მჭიდროდ შემოვხვევ ხელებს,
არახდენილი ნატვრით დახუნძლულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი