აღარ ვდარდობ
აღარ ვდარდობ, რადგან უკვე გხედავ, შენისლული ღრუბლის ფრთებზე ზიხარ, რამდენჯერაც გაგიწოდე ხელი, ყოველ ჯერზე სულ სადღაცა მიხვალ. მივუყვები გზებს ზნელსა და ქვიანს, სულ ჩუმად ვარ, თითებს ვიჭამ სიმწრით, ვიმტვრევი და დაწყლულებულ მუხლებს, ქარი მივსებს ქვიშითა და მიწით. ეს ახალი ჭრილობები მიყვარს, რადგან ძველი ტკივილისგან მიცავს, რადგან უფრო გასაგებად მესმის, - სადღაც თლიან ჩემი კუბოს ფიცარს. მომიყევი, რაზე ფიქრობს მთები, ნისლებში რომ თავი შეუყვია... ჩვენთან იცი, ხეს ჭრიან და წვავენ, მერე ნაცარს ყოველ დილით ყრიან. ყოველ დილით ისახავენ პირჯვარს და გარბიან სადღაც, წყება - წყებად. ახსოვთ, ზოგჯერ უმნიშვმელო რამეც, მაგრამ ღმერთი ისევ ავიწყდებათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი