ახლა ვდგები უღმერთოდ
ახლა ვდგები უღმერთოდ, გულში ცეცხლი მინთია, მაგრამ მცივა, მცივა და მიკვდებიან თითები. მამა, დედას უთხარი, არ შეწყვიტოს ლოცვები, დამაჯეროს ისევე, ძველისძველი მითები. უთხარი, რომ სავსე მაქვს ფეხისგული, ეკლებით, რომ ისევე ვიარე ყინვაში და გავცივდი. კითხე, აბა თუ ახსოვს, ღმერთთან რომ მიმიყვანა?! მამი, ისიც უთხარი, ღმერთს ისევე დავცილდი. ახლა შორს ვარ, მცივა და ისევ ისე ვჯიუტობ, მეც არ ვიცი, ამდენი ცოდვა როდის დავუშვი, უთხარი, რომ ყოველთვის ძველებურად მჭირდება, უთხარი, რომ ვინანე, ხელი როცა გავუშვი. უთხარი რომ მესიზმრა ჩემი ყველა სიზმარი, ახლა ცხადში ვცხოვრობ და მიჭირს, მიჭირს ძალიან, სული გადამირჩინოს, თორემ აბა უსულოდ რაა ადამიანი? ხორცია და ძვალია. მოუყევი, უთხარი, დროს რომ ველოდებოდი, დრომ კი ასე უღმერთოდ დამტოვა და გამასწო. ყველაფერი უამბე, მაგრამ ერთს გთხოვ, მამილო, ჩემი გარდაცვალება არ მოუყვე, არასდროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი