თითებიდან ვიწურავ


თითებიდან ვიწურავ
მელანს, 
ლექსის საწერად,
გულის ფურცლებს გადავშლი,
ჩავინიშნავ თარიღებს.
აღარ მოდის არავინ, 
ჩემი აკვნის სარწევად,
მესიზმრება, - 
კართან ვარ,
კარს არავინ არ მიღებს.
თითქოს მწერდეს ვიღაცა,
უკანასკნელ ბარათებს,
რომ მის სულში ოდესღაც, 
ვიყავ და ვითარეშე.
დილით გავუჯავრდები
ღამეს, 
თეთრად განათევს,
მეც მჭირდება ეგება
ძილი, 
სიზმრის გარეშე.
და ყოველ დღე,
თავიდან
თვალს ვახელ და ვუყურებ,
ცის კალთებზე ღრუბლების
შეღიღილოსფერებას,
ერთხელაც ვერ შევძელი, 
კარი ვერ დავუხურე,
მზე მილოცავს, როდესაც, 
გულში შემოთენებას.
მოასკდება ნაპირებს,
წამწამების ჩეროდან,
ზღვის ნარჩენი წვეთები,
მშრალ უბეში ჩაქცევით.
მივიწყებულ მდელოზე,
ბალახების ღეროდან,
წამოდგება წარსული,
ნაკუწებად ნაქცევი.
მხედველობას მიძნელებს,
რძისფრად გადაბურული,
მთის კალთებზე სიცივით
აბოლილი ნისლები.
ისევ მახრჩობს,
მაწამებს,
დაბრუნების სურვილი
და ღვთის ხატად შექმნილი,
უღმერთობით ვივსები.
ეს გზაც დამაძლევინე,
დავიღალე სირბილით,
მომიგროვე სასთუმლად
თივის ხმელი ღერები,
და როდესაც უღმერთოს,
მომეწევა სიკვდილი,
მიიბარე ეს სული,
ერთი ამოხველებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი