დღეები მთელავენ


დღეები მთელავენ ასე უმოწყალოდ,
კედლებს ტკივილები უნდა შევატოვო.
სანამ გავნაპირდი, სანამ დამივიწყეს,
მინდვრებს თეთრ ფიფქებად უნდა შევათოვო.

უნდა ვაფათურო გამომხმარი ხელი
სისხლდაწრეტილ მკერდში, თუნდაც დავიღალო,
სანამ დამივიწყეს, ამ ვრცელ ველ - მინდვრებზე
უნდა მოვასწრო და წვიმად დავიღვარო.

მერე შევუძახებ ჰორიზონტის კიდეს
ეჰეჰეი მოვაალ! ყველა მივატოვე!
ჩემი წილი მიწა უკვე გავახარე,
წვიმაც გავაწვიმე, თოვლიც მივათოვე.

ახლა ფიფქის ნამქერს ავუყვები ზემოთ,
თვალებს ვხუჭავ წამით,
სუნთქვას ძალით ვიკრავ.
აღარც იებს ველი, აღარც მარტს და აპრილს,
თითქოს მივფრინავ და თავს თოვაში ვიკლავ.

თითქოს არ არსებობს სხვა გზა, სხვა წყალობა,
თითქოს მოვიხადე ყველა ვალი იმ წამს...
და მივყვები თეთრ გზებს, თვალებდახუჭული,
დაბლა ვტოვებ, გახსნილ,
ჩემს წილ ერთ გოჯ მიწას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი