როცა მარტო ხარ


როცა მარტო ხარ,
უფრო კარგად შეიცნობ შენს თავს.
როცა მარტო ხარ,
საყვედურსაც არავის ეტყვი, -
ვადაგასული საწამლავი
რადგანაც ვერ გკლავს,
გადამტვრეული მაჯებით კი,
საფლავს რომ ვერ თხრი...

გარეთ კი თოვს და
თეთრ სუდარას გიქსოვს ფანტელი,
გარეთ კი თოვს და
შენს ჯინაზე მიწაც ცივია,
გარედან მოსჩანს
დაორთქლილი 
შენი სარკმელი,
შენი ტოლები, 
თოვლში დგანან და იცინიან.

შენ კი, მარტო ხარ, 
შენს თავს უსმენ და გეღიმება,
ისე სასტიკად, 
ისე მწარედ, რომ ტირილს ითმენ,
რადგანაც უკვე
გადაგრიეს ავმა ხილვებმა,
იცი, საითაც მიგათრევენ 
და ფეხებს ითრევ.

ვერც შველას ითხოვს,
ვერც დანდობას, შენი თვალები,
თოვლმა სიცივე,
ძვლების შიგნით შემოგაპარა,
კვალს რას დაეძებ, 
რა აზრი აქვს ეგ ნაკვალევი,
წაიშალა თუ 
ნამქერმა და თოვლმა დაფარა.

როცა მარტო ხარ
გარიყული, ეულად, ცალად,
გარეთ კი თოვს და 
შენ ვერ კვდები, რადგან გრცხვენია,
რომ საწამლავსაც აღარ შერჩა
სიკვდილის ძალა,
არა და ასე,
მარტოობაც მოსაწყენია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი