ხედავ? ისევ თოვს


ხედავ? ისევ თოვს და ისევ აფენს 
თოვლის ფანტელი მიწაზე ფატას.
გარეთ ცივა და ეს ცივი ღამე,
ჩემს დაბუჟებულ ძვალ - რბილში ატანს.

ხედავ? ისევ თოვს, მთელი სამყარო,
დედაჩემივით ისევ თეთრდება,
დედამიწა და ზეცა კი, მალე
ერთმანეთს თეთრად შეუერთდება.

გაყინულ თითებს ვისრისავ სიმწრით,
ჯიბეშიც არ მაქვს სითბო სამყოფი,
გზად წამოწეულ ფანტელებს დავსდევ,
დაოსებული, ქარში ნამყოფი.

მივათრევ სხეულს, თოვლიან გზაზე,
სხეულს გამხდარს და ზამთრისგან დაღლილს,
მარტი კი გიჟობს და თეთრ ფანტელებს,
ქარით გალახულ სახეზე მაყრის.

თოვას ავცქერი, მიწას ვწყდები და
ვგრძნობ, ზეცისაკენ მიმაფრენს თოვლი,
არა მსურს ფრენა, თვალებს ვხუჭავ და
უკან ვბრუნდები, შიშით და თრთოლვით

ზამთარი ისევ ჯიუტობს, ცდილობს,
რომ დარდი ფიფქად წინ დამიყაროს,
მეშინია და თვალებს არ ვახელ, ფიფქებმა ცაში არ წამიყვანოს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი