მალე თეთრკაბიან აპრილს იზეიმებს


მალე თეთრკაბიან აპრილს დაგვათენებს
ზეცა, მარტისაგან გადაღლილი.
რა ვქნა ამ იარას ფიქრი არ ამთელებს,
ფიქრი, შენი გზისკენ გადახრილი.

შემოადნა მწვერვალს, თეთრი საბურავი,
წითლად გამოაყრის მალე ატამს.
მე კი მომერია, ძილი და ბურანი,
თუმცა მოლოდინი ძალას მატანს.

შევეჩვიე თოვლს და ცივ ღამეებს თითქმის,
მაგრამ აპრილს ელის მარტი.
გვიძნელდება, ის ვთქვათ, რაც იოლად ითქმის,
დარდზე გვემატება დარდი.

მალე ყვავილებით აპრილს იზეიმებს,
ზამთარგამოვლილი ბაღი.
იქ კი, ალბათ, სულ სხვა წყვილი ისეირნებს,
წყვილი, სხვანაირად ლაღი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი