შემოვიხვიე


შემოვიხვიე სევდის მანტია,
ისევ ჩემს გულში ვიწყებ დიალოგს.
სურვილი თითქოს ანდამატია,
მოვა და ისევ შენზე მიამბობს.

დგახარ,მიღიმი ირონიულად,
მე ფიქრით გულის კედლებს ვაწყდები,
შეტრიალდება შენი აჩრდილი
და ძარღვებივით გულში ჩამწყდები.

ახლაც გიგონებ არასდროს ნანახს,
ჩემს გონებაში დალექილს წამით,
რაც იყო თითქოს გადაივიწყე,
მე კი რაც დამრჩა თავს ვირთობ ამით.

შენ სხვანაირი იცი მოსმენა,
ფიქრს გამოვუღე შენსკენ ფანჯარა,
სათქმელი ნათქვამს ისე მოსდევდა,
რომ გულში თითქმის არა დამრჩა რა

ვიცი მიხვდები სად ჩავრჩი მარტო,
დარდმა ოხერმა სად არ მათრია,
შენ აგვიანებ,არ ვიცი რატომ
კვლავ მოვიხვიე ფიქრის მანტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი