მთაწმინდის მთვარე
თოვლი მოდის... თოვლი მოდის, ოფელია თოვლში თეთრად იძირება ქალაქი, შენც სითეთრე, რა სითეთრე მოგფენია, მიატოვე ცივი ძვალთშესალაგი. თოვლი მოდის... ახლა უკვე სულერთია – საიქიო სააქაო რაც გინდა, დღეს თბილისი ამ სამყაროს სულეთია და სულების ტაძარია მთაწმინდა. შენც ამ თოვლში თეთრ შროშანას ჰგავხარ, ოდენ, თვალისათვის თუმც არა ხარ საჩინო, ამ თოვაში, ოფელია, გიხაროდენ, ხორცით ყოფნა არც ყოფილა საჭირო. თოვლი მოდის, ყური უგდე, ოფელია, მთაწმინდაზე სულთათანას გალობას, თბილისს თეთრად უფლის კვართი მოჰფენია, დაივიწყე ბედის უმოწყალობა. ზეცის ნედლი ფირუზები მეფინება, სადაც გაჰქრა ბედი ნატალახარი, თოვლი მოდის იებად და ზეფირებად, სულთმოფენა არის ახალთახალი. ჩემი სული სიყვარულით შეშლილია, ჩემი სული ახლა ამ თოვლს ედრება, სიმარტოვის უკვე აღარ მეშინია – შეისმინა ზეცამ ჩემი ვედრება. შენც ამ თოვლში თეთრ შროშანას ჰგავხარ, ოდენ, თვალისათვის თუმც არა ხარ საჩინო, ამ თოვაში, ოფელია, გიხაროდენ, ხორცით ყოფნა არც ყოფილა საჭირო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი