ქარიშხლისგან დალეწილებს
თავს შევუშვერ, აისროლონ ქვა რომ ზევით. ბანდიტებმა მთვარე მოჰკლეს, მზე ჩაიწვა... დანგრეული ამქვეყნიურ ქაოსებით, სად მიგყავარ, გამარკვიე დედამიწავ?! ვიღაც მომდევს, ვიღაც მომდევს ნაჯახებით, ჩემმა სისხლმა წითლად უკვე გზა მოფერა. ალბათ გამსრესს მეტეორულ დაჯახებით ამ დრო-ჟამის უსაშველო გამოფენა. იქნებ სჯობდა, ბედს რომ ადრე გავეწირე... არ შემეხოთ, დავიწყების მადევს ფითრი! წავალ, ვარდებს ქარიშხლისგან დალეწილებს ცრემლიანი მწუხარებით გადავითვლი. მთელი ვიყავ, დღეს ვარ მთელის ნაწილები. ყველაფერი როგორ დადგა თავდაყირა... საგიჟეთში უკეთ ვიყავ გაცილებით, აქ ცხოვრებამ ჩემთვის ცეცხლიც გადაყინა. აღარც მჯერა თუ ოდესმე მართლა ვიყავ, დრო ხვალ გულზე რკინის ქუსლით გადამივლის? საწუთროო, ყველაფრიდან თუ გამრიყავ, სიკვდილის წინ მოვუსმენდი პაგანინის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი