ალბათ, ბედია


ალბათ , ბედია 
          – ნანა,ნანა, დამელოდე – მოესმა, შეჩერდა, მოიხედა და მეტროს ვაგონის კარებიც დაიხურა.
          ახალგაზრდა ქალს ჩქარი ნაბიჯით შეცბუნებული მამაკაცი მუახლოვდა:
        – მაპატიეთ, ჩემს თანაკლასელი მეგონეთ, რომელიც წლებია არ მინახავს. მატარებელზეც კი დაგაგვიანეთ...
        – არაუშავს.. – გაიღიმა ქალმა, – ხდება ხოლმე, მით უფრო მეც ნანა მქვია და...ნაცნობი მეძახდა მეგონა.
        – თბილისში წელიწადია რაც დავბრუნდი, ისე მენატრებიან კლასელები...თვალებით სულ ნაცნობ სახეებს ვეძებ...კიდევ ერთხელ, ბოდიში
        – არ ღირს ამდენ მობოდიშებად, არ მაგვიანდება.
        – ეტყობა ეს შეხვედრა ბედია – მომხიბვლელად გაიღიმა მამაკაცმა – ბარემ გაგეცნობით, მე ლევანი მქვია, თქვენი სახელი უკვე ვიცი. სამსახურში მიგეჩქარებათ ალბათ.
        – პირიქით, ვბრუნდები.
        – სად მუშაობთ? თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა.
        – არა, რა საიდუმლოა...აფთიაქში. ყოველი მეოთხე მორიგეობა ღამის სმენაში მიწევს და ბავშვს დედას ვუტოვებ ხოლმე.
        – მეუღლეს ეზარება თავის შეწუხება?
        – მეუღლე 2  წელია დამეღუპა...– ჩაილაპარაკა ქალმა და ჩამომდგარ ვაგონში შეაბიჯა.
        – მაპატიეთ...– სინანულით ჩაილაპარაკა კაცმა.
        ვაგონში სიხალვათე იყო, გვერდიგვერდ დასხდნენ.
        – შორს მიბრძანდებით? – უხერხული სიჩუმე დაარღვია ლევანმა.
        – თუ დელისში გადმოსულს ვაჟაზე მიმავალი მატარებელი დამხვდა , ვაჟაზე, თუ არა, დელისში ამოვალ და ფეხით გავაგრძელებ, თითქმის შუაგზაზეა დედას სახლი.
        – თანამგზავრები ვყოფილვართ – იცრუა კაცმა, არ ეთმობოდა შემთხვევით გაცნობილი ლამაზი ქალი. „მერე რაა, სამედიცინომდე რამეს გამოვყვები, იმედია, გოგი არ დატოვებს ჩემს მისვლამდე სამორიგეოს... იქნებ, მართლა ბედმა შემახვედრა ნანას...“
        შეფარვით შეათვალიერა ქალი. მაღალი, ლურჯთვალა, ქერა გრძელი თმებით, სპორტული აღნაგობით, მოკრძალებული მაკიაჟით და სადა ჩაცმულობით საოცრად სასიამოვნოდ გამოიყურებოდა.
        „ალბათ მარტო ცხოვრობს მეუღლის სიკვდილის შემდეგ. ნეტავ რა დაემართა ახალგაზრდა კაცს? რა დროს ეგაა, უნდა დაველაპარაკო, თორემ ..მატარებელი მიქრის...“
        – ბიჭი გყავთ ნანა?
        – კი, ბიჭი – გაეღიმა ქალს და სითბო ჩაუდგა თვალებში – ისეთი მოუსვენარია...ოთხი წლისაა და იმდენი რაღაც იცის... მაგდენი მე 10 წლისამ არ ვიცოდი. კომპიუტერიც ისე უცებ ისწავლა, მიკვირს. ინტერნეტშიც ადვილად ეძებს თამაშებს.
        – ახლანდელი თაობა საოცრად ადრე ვითარდება – დაეთანხმა ლევანი.
        – თქვენ არ გყავთ შვილი?
        – სამწუხაროდ არა. ამჟამად ცოლიც არ მყავს.
      მატარებელი „სადგურის მოედანზე“ გაჩერდა. გადასასვლელისკენ გაემართნენ.
      ლევანმა მოხუც მათხოვარ ქალს ხურდა ჩაუყარა.
      – რატომღაც ბებიას მაგონებს....
      – აჟამად არა...ე.ი. გყავდათ ? – საუბრის თემას დაუბრუნდა ნანა.
      – სკოლის დამთავრების შემდეგ  რუსეთში წამიყვანეს, რადგან მაშინ აქ სამედიცინოზე ჩარიცხვა სასწაულის მოხდენას ჰგავდა.
        – ექიმი ბრძანდებით ?
        – დიახ, ქირურგი ვარ. იქ კურსელი შემიყვარდა. მეოთხე კურსზე დავქორწინდით, მაგრამ ქალური პრობლემების გამო, შვილი არ უჩნდებოდა. დავამთავრეთ და  მშობლების მოთხოვნით უკანვე დავბრუნდით. ნასტია ჯერ კი გამომყვა, მაგრამ ვერ გაძლო უშუქო, უწყლო, გაყინულ თბილისში და...დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. ორ წელიწადში გათხოვდა კიდეც. ვერც მე გავძელი ამ არეულ ქვეყანაში, არ იყო სამუშაო, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა და  მეც  წავედი რუსეთში, ოღონდ სხვა ქალაქში. იქ ვიმუშავე ეს წლები და შარშან დავბრუნდი უკან.
        – ცუდია... – ჩაილაპარაკა ნანამ.
        – რაა? რომ დავბრუნდი?
        – არა, არა, რას ამბობთ...ოჯახი რომ დაგენგრათ.
        – ალბათ ასე სჯობდა...რომ ვყვარებოდი ისე, როგორც მეგონა...არ დამტოვებდა.
        მატარებელი „დელისში“  გაჩერდა. გადმოვიდნენ თუ არა მოესმათ : „მატარებელი მიდის სადგურ „ სადგურის მოედანზე“.
        – მირჩევნია ფეხით წავიდე
        – მეც – გაიცინა ლევანმა.
        ამოსვლა და მობილურის ზარი გაისმა :
        – ლევან, ვერ დაგიკავშირდი, გათიშულიაო, არ მოდიხარ? ხდება რამე?
        – მოვდივარ გოგი, მოვდივარ. ჩემს მოსვლამდე დარჩი რა.
        – კარგი, ოღონდ ძაან არ დააგვიანო, უფროსმა არ შემოიაროს.
        – არა, არა, ათ წუთში მანდ ვარ.
        – ჩემს გამო აგვიანებთ?
        – არა, არა, რას ბრძანებთ...მე ისეთი ბედნიერი ვარ ამ შეხვედრით...ეტყობა ბედია...
        – ცრუმორწმუნე ბრძანებულხართ ლევან, აი, დავშორდებით ერთმანეთს და...ვინ იცის, შევხვდებით კი?
        – მობილურის ნომერს არ მომცემთ ?
        – რა საჭიროა? თუ ბედია...ისედაც შევხვდებით. აი, მოვედით კიდეც. მშვიდობით ლევან.
        – არა, ნახვამდის ნანა...
        – კარგით, იყოს ნახვამდის. – გაეღიმა ნანას, შეტრიალდა და მალევე სადარბაზოში შევიდა.
        ლევანმა ტაქსი გააჩერა :
        – რესპუბლიკურში – უთხრა მძღოლს.
          გარემოს გაჰყურებდა  და თვლწინ ნანა ედგა , მისი ნაღვლიანი თვალების გამოხედვა, უზადო ღიმილი...
 მოვძებნი, აუცილებლად ვიპოვი, მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა აფთიაქს შემოვივლი, აუცილებლად, აუცილებლად ვიპოვი...ნამდვილად ბედი იყო ეს შეხვედრა.“

  ნანა ნელი ნაბიჯით ადიოდა კიბეებზე.
  „მართლაც, რა იყო ეს შეხვედრა? რამდენი ვილაპარაკე უცნობ მამაკაცთან... ისეთი გრძნობა გამომყვა, თითქოს კარგა ხნის ნაცნობი იყოს. სასიამოვნო საუბარი აქვს, გარეგნობაც“
  მეორე სართულის ბაქანზე შეჩერდა. მოაჯირს დაეყრდნო და თვალწინ ლევანი წარმოუდგა. მაღალი, მხრებგაშლილი, ზომიერად დაკუნთული. ღიპის ნასახიც არ ეტყობოდა, ღიპიანებს ვერ იტანდა ნანა, ონდავ შევერცხლილი, შემელოტებული შავი თმა, კეხიანი, ქართული ცხვირი  . შავგვრემან სახეს საოცრად უხდებოდა მწვანე თვალები. უცებ რომა გაახსენდა, მხატვარი ვარო და ყური გამოუჭედა ტრაბახით, გრძელი თმები (ხშირად გაზინთული), დონდლო სხეული, გვარიანი ღიპით...ცოლობას რომ სთავაზობდა და თანაც ისე, თითქოს საოცარ გმირობას სჩადიოდა...“ფუჰ, რამ გამახსენა ახლა რომა? ლევანთან მიმართებაში მაინც...“
  ქვემოდან ხმაური შემოესმა, გამოერკვა და კიბეებს აუყვა.
  „რატომ არ მივეცი ნომერი? თუმცა, თუ მასაც დავამახსოვრდი, მომძებნის. ხომ დამპირდა, გიპოვიო. თუ მიპოვა?! ჯერ მიპოვოს და.. მერე ვნახოთ...თემო? თემო ჩემი ტკივილია, მუდმივი ტკივილი, მაგრამ..“.მაშინ ეგონა ყველაფერი დამთავრდა. თემო და მისი დედ–მამა ერთად...ეს ენით აუწერელი ტკივილი იყო ოცდარვა წლის გოგოსთვის. ორი წლის ბავშვით მარტო დარჩენილი ქვრივად. რომ არა მისი მშობლები და ძმა, ალბათ ვერ გაუძლებდა ასეთ დარტყმას...ორი წელი და ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ. ლამაზ ქვრივს მალევე გამოუჩდნენ მთხოვნელები, მაგრამ ნანას ამაზე ლაპარაკიც კი არ უნდოდა. „დღეს კი...რა მოხდა, რა თვალით შევხედე იმ კაცს?!“
  – მოვდივარ, მოვდივარ – შემოესმა დედის ხმა.
  – რა მოხდა შვილო? – შეეკითხა შეშფოთებული დედა.
  – არაფერი, რატომ ?
  – რა ვიცი, ზარს ხელი არ აუშვი და...
  – უჰ, რაღაცას ვფიქრობდი და ინსტიქტურად ალბათ...
  – დედიკო, დედიკო მოვიდა...–საძინებლიდან გამოვარდა დათუნა – ჩემი დედიკო!– ფეხებზე შემოეხვია ბიჭი.
  ნანამ ხელში აიყვანა და ჩაიხუტა.
  – ხომ კარგად იქცეოდი დედი? ხომ არ გააბრაზე ბებო?
  – არა, მართლა კარგად იქცეოდა, ყველაფერს მიჯერებდა. – უთხრა ბებომ და დათუნას მიუბრუნდა:
  – ჩამოდი ბებო, დაღლილია დედა, ეძინება. მოდი, საუზმე გავაწყოთ, ვჭამოთ. მერე დედა ცოტას დაიძინებს, მე და შენ კი საქანელებისკენ წავიდეთ.
  დათუნა ჩამოსრაიალდა დედის ხელებიდან და ხტუნვა დაიწყო.
  – რა კარგია, რა კარგია...
  მაგიდა გაშალეს. ბიჭმა მალე შეჭამა ფაფა, დააყოლა კაკაო და მაგიდის ირგვლივ სირბილს მოჰყვა.
  – გეყოფა ბებო, დაიღლები – დაუშალა ბებომ.
  – არ დავიღლები –უპასუხა დათუნამ და სირბილს უმატა.
  – კარგი რა, დათუნა, გაჩერდი – უთხრა ნანამაც – თავბრუ დაგეხვევა და წაიქცევი.
  – მე მაგარი ბიჭი ვარ, მე სპაიდერმენი ვარ –იძახოდა დათუნა და უფრო და უფრო სწრაფად დარბოდა მაგიდის გარშემო.
  – გაანებე თავი, დაიღლება და გაჩერდება – უთხრა ნანამ შეწუხებულ დედას და  ცივი წყალი დაისხა, უცებ ჭიქა წაექცა, წყლის ნაწილი იატაკზე დაიღვარა და...დათუნას ფეხი გაუსრიალდა, წაიფორხიალა და ახლოს მდგარ კომპიუტერის მაგიდის კიდეს თავით შეასკდა.
  დედამ და ბებიამ ერთდროულად მიაკივლეს . ნანა ბავშვს მივარდა.გადმოაბრუნა, ბავშვს მარცხენა წარბი გასკდომოდა, სისხლი მთელ სახეს უფარავდა, შოკირებულმა პატარამ ერთი კი შეხედა დედას და თვალები ამოატრიალა.
  – დედა, წყალი –იკივლა ნანამ –თითქმის მთელი გრაფინი დაასხა თავზე, თან ჭრილობაზე ხელი მიაჭირა.
  დათუნამ მძლავრად ამოისუნთქა, თვალები დაახამხამა და აღრიალდა.
  – სასწრაფოს, სასწრაფოს დაურეკე – ძლივს ამოიქვითინა ნანამ.
ტაქსიდან გადმოსული ლევანი სირბილით გაემართა მიმღებისკენ.
– მოხდა რამე?  რატომ დააგვიანე? – შეეკითხა გოგი.
– ისეთი არაფერი...გმადლობ , რომ დარჩი –გაუღიმა ლევანმა და ხალათი გადაიცვა. ის იყო ღილები შეიბნია , რომ კარი მთავარმა ექიმმა შემოაღო.
– გამარჯობათ, ვაჟკაცებო, ხომ მშვიდობაა?
– დილა მშვიდობისა, ბატონო ვაჟა – თითქმის ერთდროულად მიესალმნენ ისინი –კი, სიმშვიდეა.
– ორივენი რომ გნახეთ ...
– რაღაც თემაზე ვსაუბრობდით და შემოვრჩი ბატონო ვაჟა –გაუღიმა გოგიმ.
– ხო...ისაუბრეთ, იკამათეთ, კამათში იბადება ჭეშმარიტება, აბა! –ჩაილაპარაკა მან და კარი გაიხურა.
– ძაღლის ბედი გაქვს რა –მხარზე წამოჰკრა ხელი გოგიმ – მე რომ დამგვიანებოდა, აუცილებლად ადრე შემოივლიდა ბატონი ვაჟა.
– კარგი რა...შენც არ გეტყოდა არაფერს...
– ჰო, მაგარი კაცია, მაგრამ მაინც...–კარგი, წავედი , მშვიდ დღე – ღამეს გისურვებ.– გოგიმ ხალათი კარადაში შეინახა.
– გაიხარე, კიდევ მადლობა.
გოგიმ გაუღიმა და კარი გაიხურა.

ლევანი სავარძელში ჩაჯდა. არაფერზე არ შეეძლო ფიქრი , თვალწინ ნანა ედგა. „რა ქალის უნახავივით გავხდი...ასე ჯერ არავინ ჩამრჩენია გულში პირველივე შეხვედრისას...იქნებ , მართლა ბედმა შემახვედრა?  დროა, დაოჯახებაზე ვიფიქრო, წლები გარბიან და თან როგორ...დედაც როგორ განიცდის....შვილი რომ ყავს? მერე რა? ისე ვფიქრობ, თითქოს ნანა თანახმა იყოს ჩემს ცოლობაზე“–გაეცინა თავის თავზე. „აუცილებლად მოვძებნი, იქნებ მეორედ ნახვისა გამიაროს ამ აღტაცებამ...არა, არა, ეს შეხვედრა ბედია.“
სასწრაფო დახმარების მანქანამ სიგნალ – სიგნალით შემოუხვია და მიმღების წინ მკვეთრად დაამუხრუჭა. ლევანი გამოერკვა, სწრაფად ადგა და ოპერატორის ხმაც გაისმა : „ლევან ექიმო, საოპერაციოში!“
მედდები პატარა ბიჭს შემოხვეოდნენ და სახეს უწმენდნენ. ბავშვს გახეთქილი წარბი შეშუპებოდა, ჭრილობა საკმაოდ ღრმა ჩანდა, სისხლი ჯერ კიდევ დიოდა. ცრემლებშერეული სისხლი პატარას მთელ სახეზე მოთხუპნოდა და ფუნჩულა მკერდზეც გადმოსვლოდა.
ლევანს გული მოეწურა. საოცრად უყვარდა პატარები და ვერ იტანდა, როცა ისინი მისი პაციენტები ხდებოდნენ. მათი ცრემლებით დასველებული ლოყების, ცრემლ და შიშჩამდგარ თვალების ყურებისას გული ტკივილით ეკუმშებოდა. თან სინანულს გრძნობდა, მის შემდგომი დანახვისას რომ იმალებოდნენ, ან იბუზებოდნენ და ტიროდნენ.
ჭრილობა დაამუშავა, მაგრამ ნაკერის გარეშე დატოვება მიზანშეუწონლად ჩათვალა.
პატარას დამაყუჩებელის დოზა გაუდიდეს. სამი ნაკერი დაადო და „ხვალამდე სტაციონარში გადაიყვანეთ“ –უთხრა მედდას.
– დედას შეხვდით რა, ბატონო ლევან – სთხოვა მორიგე ოპერატორმა, ძლივს ვაჩერებთ.
ლევანმა ხელთათმნები და პირბადე მოიშორა. ხელები გადაიბანა და მიმღების მოსაცდელის კარი შეაღო.
სანდომიანი, შუახნის ქალბატონი წამსვე მივარდა:
– ექიმო, როგორაა დათუნა?! – ქალს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
– ექიმო...– მკლავში სტაცა ხელი უკანიდან ვიღაცამ.
ლევანი შემობრუნდა და...
– ნანა?...
– ლევან?...–ერთდროულად წამოიძახეს.
– ბავშვი?–წამოიძახა გაფითრებულმა ნანამ და შეტორტმანდა.
ლევანმა ხელი შეაშველა, მტირალმა ქალმაც, ოპერატორიც წამოიჭრა.
გულშეღონებული ნანა იქვე წამოაწვინეს.
– ნიშადური , წყალი !– გასძახა სამორიგეოში.

მიმღების ღია კარიდან იჭყიტებოდა  ივლისის თაკარა, ცნობისმოყვარე მზე  და ცხელი ხელებით ცდილობდა შეჯგუფული ხალხის გაწევ–გამოწევას...
შეპკურებულმა წყლის წვეთებმა და ნიშადურის მძაფრმა სურნელმა ნანა გონს მოიყვანა. ჯერ წამწამები შეათრთოლა, შემდეგ თვალი გაახილა, გარშემო შემოატარა, უეცრად წამოიწია, იქვე ჩამომჯდარ ლევანს ჩაეხუტა და ქვითინი ამოუშვა. შეცბუნებულმა და ბედნიერმა ლევანმაც ფრთხილად მოხვია ხელი.
–ნანა!– საყვედურნარევი ხმით გამაფრთხილებლად დაუძახა დედამ.
ნანა თითქოს ბურანიდან გამოერკვა, ლევანს მოსცილდა, ხელები სახეზე აიფარა: „მაპატიეთ“, წაიჩურჩულა.
–არაუშავს, ეს ნერვიული შოკის ბრალია, ყველაფერი გაივლის – მიმართა ლევანმა შუახნის ქალბატონს და წამოდგა.
– ნუ გეშინიათ, ნანა, ბავშვს საგანგაშო არაფერი ჭირს, ხვალამდე მაინც აქ დავტოვებთ, დილით სახლში გავუშვებთ, ჭრილობაც მალევე შეუხორცდება და ნაწიბურიც სრულიად შეუმჩნეველი იქნება – თბილად მიმართა ლევანმა ქალს.
ნანამ პატარა ბავშვივით ცრემლები ხელის ზურგით ამოიწმინდა და ფეხზე წამოდგა:
– ბავშვთან მიმიყვანეთ ლევან, უნდა ვნახო.
– ვერა, ნანა. ბავშვს ახლა, ალბათ, ძინავს, თან მნახველთა მიღება სამი საათიდანაა. წესის დარღვევისთვის დავისჯები - გაიცინა კაცმა.
– მე აქ დავრჩები.
– რა საჭიროა? თქვენ დაღლილი ხართ, წაბრძანდით, დაისვენეთ, მანამდე ბიჭიც გაიღვიძებს და ნახავთ, ხვალ დილით კი სახლშიც წაიყვანთ.
– საჭმელი ხომ უნდა ექიმო? თანაც პატარაა, იტირებს უჩვენოდ– ცრემლიანი ხმით მიმართა ბებიამ.
– საჭმელი შეგიძლიათ მორიგის ხელით აუგზავნოთ, იქ არც მოაწყენენ და არც ატირებენ, ნუ ნერვიულობთ ქალბატონო – გაუღიმა ლევანმა.
– კი, ასე ჯობია დედი, წავალ, საჭმელს ვუყიდი. ავაგზავნოთ და ცოტა ხნით წავიდეთ სახლში, ადამიანის ფერი არ გადევს, სამის მერე მოვიდეთ –უთხრა დედამ ნანას და გავიდა.
– რა მოგივიდათ ნანა? რა სუსტი გულის პატრონი ყოფილხართ – შეეხმიანა ლევანი.
– თქვენ რომ რომ შვილი გყავდეთ, ასე არ იტყოდით...
– შეიძლება - სახე დაუნაღვლიანდა კაცს - რა მოუვიდა?
– მაპატიეთ, უნებურად გაწყენინეთ - ლოკები შეეფაკლა ქალს - მაგიდის გარშემო დარბოდა. მე ჭიქა წამექცა , დასხმულ წყალზე ფეხი დაუცდა და კომპიუტერის მაგიდის ძგიდეს შეასკდა...– ხმა ისევ აუთრთოლდა ნანას.
– ბედი გქონიათ, რომ საფეთქელს აცდა...ყველაფერი კარგადაა და ახლა ნუ განიცდით ასე...გთხოვთ...
– აი, მეც მოვედი – შემოაღო კარი დედამ – მგონი, ყველაფერი ვუყიდე რაც უყვარს, ამას მორიგეს გადავცემ და დავბრუნდები.
– უთხარით, მესამე სართულზე, მეათე პალატაში–თქო –მიადევნა ლევანმა.
– უფ, ეგ კი არ მიფიქრია მეკითხა, ისეთი დაბნეული ვარ – ხელი ჩაიქნია მან და გავიდა.
– მეც წავალ, ლევან. მადლობა ყველაფრისთვის.
– არაფრის. დიახ, თქვენ წაბრძანდით ნანა.  გამოიძინეთ. ნუ იდარდებთ, არ მოაწყენენ თქვენ ვაჟკაცს, სამისთვის მობრძანდით.
– გადასახადი ლევან? სად ვიკითხო რამდენია?
– არაფერია საჭირო, მიბრძანდით, დაისვენეთ, ნანა – ისევ გაუღიმა კაცმა
– ნანა, წამო დედი, წავიდეთ –შემოიხედა დედამ.
– გმადლობთ, ლევან, ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა. წავალ...
– მიბრძანდით, დროებით, ნანა.
ლევანი გაბრუებულივით მისჩერებოდა კარებს. ახლა ნამდვილად სჯეროდა, რომ დილანდელი შეხვედრა, მართლაც, ღმერთის საჩუქარი, მინიშნება იყო და ხელიდან არ უნდა გაეშვა.
ორი საათი ხდებოდა. ლევანმა გადაწყვიტა დათუნასთან ასულიყო. დერეფანში მდგარ ავტომატთან შეჩერდა. „რა  უნდა ავუტანო? პატარებს კოკა–კოლა უყვართ, მაგრამ კოკა-კოლას იქნებ არ ასმევს ნანა. ისევ რაიმეს წვენი სჯობს.“ ატმის წვენი და სამი სნიკერსი აიღო, შემდეგ ეზოში მჯდარი გამყიდველისაგან ორი, კურდღლისა და მგლის ფორმის გასაბერი საჰაერო ბუშტები იყიდა, მერე ლიფტს მიაშურა.
პალატაში პატარასთან მედდა იჯდა და რაღაცას ეთამაშებოდა.ბავშვს მოწყენა არ ეტყობოდა. ლამაზი, ბუნჩულა, ხუჭუჭთმიანი პატარა ძალიან საყვარელი ჩანდა.
– თქვენიანია, ლევან ექიმო?
– დიახ, ჩემი ახლობლისაა.
– ისეთი ყოჩაღი ბიჭია, სულ არ უწუწუნია.
– მართლა დათუნა? – გაუღიმა ლევანმა.
ბიჭმა იცნო ის ექიმი, რომელმაც, მისი აზრით,შუბლი ატკინა და სატირლად მობუსხა ტუჩები.
– აბა, აბა, ტირილი არ იყოს, შენ ხომ ყოჩაღი ბიჭი ხარ?...ნახე, რა მოგიტანე? გიყვარს ატმის წვენი?
– ფორთოხლის მირჩევნია – ქვემოდან ამოხედა მაყვალვით თვალებით პატარამ. მედდას გაეცინა, ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა. - მე მალე დავბრუნდებიო - უთხრა და გავიდა.
– ოო, არ ვიცოდი და მაპატიე. ახლა ეს დალიე და მეორედ ფორთოხლისას მოგიტან. სნიკერსი ხომ გიყვარს?
ბიჭმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ლევანმა გარეკანი მოაშორა და ბავშვს შოკოლადი მიაწოდა. ბიჭმა გაუღიმა, ისევ თავი დაუქნია, ალბათ მადლობის ნიშნად და შოკოლადი ჩაკბიჩა.
– საჰაერო ბუშტები გიყვარს? ნახე, კურდღელი და მგელი მოგიტანე. გინახავს მათზე მულტფილმი?
დათუნამ ისევ თავი დაუქნია.
– გიყვარს? მოდი, გავბეროთ. უფრო სწორედ, მე გაგიბერავ, შენ კი ითამაშე.
ლევანი მონდომებით შეუდგა კურდღლის გაბერვას. კურდღელს მუცელი გაებერა, თავი და ყურები კი პატარები დარჩა, როცა გაბერილ მუცელზე ხელი დააჭირა, თავი და ყურები გაებერა, მუცელი კი დაეჩუტა, ხელი აუშვა, ჰაერი მუცლისკენ წამოვიდა, თავი და ყურები დაპატარავდა. ჩაჰბერა ისევ მაგრად, ბუშტი გაუსხლტა და დაიჩუტა. ამის დანახვაზე დათუნა აკისკისდა. ლევანს გაუხარდა ბიჭის გამხიარულება, თვითონაც გაეცინა. ბუშტი აიღო და ისევ ჩაბერა. იგივე განმეორდა. გაწამდა კაცი, მზად იყო ბუშტი სანაგვეში მოესროლა, მაგრამ ბიჭი ისეთი გახარებული იყო, გადაწყვიტა, ბოლოჯერ ეცადა. მთელი ძალ-ღონით ჩაჰბერა ერთხელ, მეორედ, მესამედ და როგორც იქნა ბუშტმა სასურველი ფორმა მიიღო. ლევანმა სიმწრის ოფლი მოიწმინდა, ბუშტს თავი მოუსკვნა, დათუნას მიაწოდა და უთხრა:
– მეორე მერე გავბეროთ, ახლა ამით ითამაშე, კარგი?
დათუნამ შეჰღიმა და ბუშტი გამოართვა.
კარმა დაიჭრიალა და გაიღო. ოთახში ნანა და დედამისი შემოვიდნენ.
– დედი, ბებო, ნახეთ ძია ექიმმა რა მომიტანა!–ახარა ბიჭმა მათ.
– დათუნა, როგორა ხარ დედი?
– შენ მოგიკვდეს ბებო - ჩაეხუტნენ პატარას ქალები.
– კარგად ვარ, არ იტირო დედა...
აირია ხმები ერთმანეთში...ლევანმა კარისკენ გაიწია.
– ლევან!– ნანა კაცს მიუახლოვდა.
– არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა...შესატანიც თქვენ დაგიფარავთ...
– არ ღირს თქმად –გაუღიმა ლევანმა – ახლა ხომ გჯერათ, დილანდელი ჩვენი შეხვედრა რომ ბედია?
ნანას ოდნავ შეეფაკლა ღაწვები, თავი დახარა და მხრები აიჩეჩა.
დათუნა კი იცინოდა და ბებოს კურდღელი–ბუშტის გაბერვის ისტორიას უყვებოდა.
ცნობისმოყვარე მზე ახლა უკვე ფანჯრიდან იჭყიტებოდა და წყვილს თვალს უკრავდა... ლევანი სიყვარულით უცქერდა ნანას. ისიც, გოგონასავით დამორცხვებული, ხანდახან აწევდა თავს და გულიანად გაუღიმებდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი