ახლა როგორმე ხელი უნდა ჩაგჭიდო ..


ახლა როგორმე ხელი უნდა ჩაგჭიდო... ამდენ
ტკივილში მხოლოდ უსათუო სიკვდილს გამორჩი!
შენ გადაწყვიტე, სხვას არავის, მაცხოვარს გავდე
და ღმერთი ახლა განა მხოლოდ ამის გამო გსჯის?!
ამბობ, რომ თეთრი ღამეები ფიქრებს ისხამენ
და სინანული ნელა, მაგრამ მაინც შემოდის
ოთახში, სადაც გაფერმკრთალდა თითქოს სისხამი,
მწიფე ალუბალს დაემსგავსა დარდი გემოთი!
მიყვები, როგორ თენდებოდა! ყოველცისმარე
ლაჟვარდისფერის უცხო ცისქვეშ აღქმა გიჭირდა!
არ სრულდებოდა იმ შფოთიან ძილში სიზმარი,
არ გელეოდა განახლებად ფიქრში ბიჭვინთა!..
გამოაგნებდი ჯიქურ (განა ხელისცეცებით?!),
ზღვაური ისევ მიგახლიდა სისხამს ნისლიანს!
სანგარიც იყო...
................................................................................
გრძნობ, ხელიდან როგორ გეცლები?!
რა ჯანდაბაა... უსასრულოდ რატომ ისვრიან?!
მტკივა!
როგორი შევუტიე... თუ უყურებდი...
მზე სხივჩამქრალი შუბისტარზე ისევ გადადის...
ვკვდები!
არადა, დამფრთხალ მტრედებს დავაპურებდი...
სანაპიროზე მაგნოლიის ხესაც დავრგავდი...
აქ... ბავშვობაში... 
მირბენია ორთითა ფიწლით
და ფეხშიშველა შევდგომივარ (გესმის?) ნარიანს!
ნაბილიკარი ჩვენ და კიდე... ჩიტებსაც იცვლის...
ხეები მაინც უსაშველოდ მარტო არიან!
დაცხა...
ისეთი ამინდია... ალბათ იწვიმებს...
თუ არ გაწვიმდა (სულერთია!) _ ისიც ღვთის ნებით...
მთავარი, იცი, რა მგონია?..
ახლა ვიძინებ...
ნუ გეშინია!
რა გატირებს?!.
ერთად ვიქნებით...
............................................................
სასწაულია! შენ გინდა, რომ იესოს გავდე
(ბავშვობამ ახლოს ჩაგვირბინა დარდიან დიდებს)...
მე სასთუმალი გაგისწორე, შენ თავი დადე...
ვერ პატიობ და... ხელები კი ლოცვანზე გიდევს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი