ამკრიფე ახლა, მიმსხვრეული ყინულის ..
ამკრიფე ახლა, მიმსხვრეული ყინულის კედელს. მარცხენა პეშვში მომაგროვე და დამაფარე მერე მარჯვენა. ამოჩემებულს მიღალატე რამდენჯერ... გენდე უფრო მეტჯერ და გაიძულე ღმერთთან დარჩენა. მიმქრალ ცისფერში მიაშველე სევდა ნამსხვრევებს ჩემსას და გლოვა სიზმარივით ცხადი გახადე _ ისეთი რუხი (დღის ნათელზე ხშირად ვახსენებ), რომ ჩამოვფურცლო ბინდისფერი შავ-თეთრ ნახატებს და დარბეული ამკრიფე და შემაკოწიწე, განა ბოლოჯერ... კვლავ მოგენდე! აგერ რომ ზიხარ, ხომ არ გგონია, გაჩუმება დიდხანს მოგიწევს, ან, იქნებ ფიქრობ, რომ (ჩემ ფონზე) ანგელოზი ხარ... განა უარვყოფ?! დასასრულიც სადღაც იწყება, ყველა რიტუალს მართებს მზე და მთვარის ნატეხი. ჩემი პორტრეტი არის სადა _ შეშლილს სიცხე მაქვს, წამოდგომას და გამოხედვას მაინც ვახერხებ. თენდება... იქნებ ღამდება და ნაბიჯების ხმამ თუ მარტოობამ მომიყვანა ამ ცივ სარკმელთან. ისე ვარ ახლა (დამიჯერებ?), ვერც ფრთებს შევისხამ, გაქვავებაა ალბათ ეს თუ... უფრო _ დაღვენთვა! როგორ ვარ? არა, ,,ცუდად ყოფნა" ამას არ ჰქვია, ახლა ის დროა, უსათუოდ უნდა მოგძებნო. მალე ქუჩებში შემოდგომის ფოთლებს დაგვიან, არ გამომივა ხეტიალი უამფოთლებოდ! და მერე რა, თუ იყო ცეცხლი და თბილი ფერფლიც, მე ხომ აღვსდექი მაინც მხოლოდ ჩემი შიშიდან. კორიანტელი სიტყვების და... ბოლომდე ვერ ვთქვი! განა სხვა? მხოლოდ საკუთარი მზერა მიშლიდა! დიდიხანია, ვეღარ ვგუობ უკვე ბალავარს მარტოდყოფნის და ჩაგითრევდი, თუ არ მიწყენდი, რადგან უშენოდ მარტოობის ფსკერზეც არა ვარ, შენ გეყრდნობოდი, შენებას როს ციდან ვიწყებდი! ხელი ჩამჭიდე. იქნებ, ქარი მაინც გავდენოთ, სანამ ჩვენს ღიმილს ჯერ! ნამსხვრევებს მერე წახვეტავს, ვინმე ხომ იტყვის, გადაფხეკილ ფრესკებს გავდნენო, მოიტანესო უცნაური სასოწარკვეთა! ვინ გვიმეგობრებს ნეტა... როგორ მიამიტი ხარ, ხელი მომეცი, ერთი ვარ და ზრუნვას ვუნდები. როცა ლექსების სივრცეებით ,,მე"-დან მიდიხარ, ხშირად (ასევე წარმატებით!) ,,სხვა"-ში ბრუნდები და ორი შენ და ერთიც მე და (ერთად სამია!) ეშმაკმა უწყის (აბა, ღმერთი ისე შორს არის!), მოეკითხება რა რა დოზით ერთ ადამიანს, იყოს მეთევზე... ან _ მეზღაპრე... თუნდაც _ მგოსანი... ხელი მომეცი, შეგაგებო უნდა ნაპირი ცის, სადაც მთვარე ბევრჯერ ჩვენი ხათრით ეკიდა და ვერ ვუთხარით, რომ სიცოცხლეს აღარ ვაპირებთ, რომ გადმოვედით ნესტიანი კედლის ფრესკიდან! შეხედე, როგორ იწრიტება მჟავე სისხლისგან ალუბალი და ბინდისფერში ნელა ვფხიზლდებით. ლექსი თუ არა, მეწამული მაინც გვიხსნის და... დავრჩებით, მაგრამ მეტი ცრემლით... უფრო ხისტები. მერე რა, თუკი მოცახცახე მაჯას მისდგნენ და ისე დასერეს, თითქოს ბედის ვარსკვლავს ხატავდნენ, თვითონ უფალიც (არაერთხელ, ვიცი!) გვისმენდა, სწორედ ამიტომ (არაერთხელ!), კიდეც გადავდეთ ეს რიტუალი! დღეს რომელიც უნდა აღსრულდეს, ახელილ თვალებს გზა მიეცი, ცაში გახიზნე და მენდე, მე რომ გადარჩენა შენი არ მსურდეს, ამ ფორიაქში სიყვარულს ხომ აღარ აგიხსნი! შეხედე, უკვე დაიწრიტა... გვაქვს ახლა მჟავე სისხლი, ცოტა მზე, უფრო მეტი _ მთვარის ნატეხი, არ შეგეშინდეს, გამომყევი! ეს მე ვაშავებ თორემ... შენ ახლა უფლისაკენ ნაბიჯს ახერხებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი