ამ გზაზე, მახსოვს, ევკალიპტის სურნელი ..


ამ გზაზე, მახსოვს, ევკალიპტის სურნელი იდგა,
ვიწრო ხეივანს ფერიც აღარ შემორჩა. ქარში
მოვდივარ, თუმცა, ვეღარ ვხვდები, რა უნდა გითხრა,
რომ დაგარწმუნო _ ვერმომხრობილ აწმყოშიც დარჩი!
ეს უღიმღამო სიხარული ვერ გაატოკებს
სულის სიღრმეში ფრაგმენტებად ჩაშლილ ხვაშიადს.
უარარაო აღარ ითქმის ჩემზე... მარტოკაც
არა ვარ, რადგან მთელი ხიბლი ამ გრძელ გზაშია.
ვარ გზაზე შენკენ... პირმცინარი მთვარე გამეფდა
ღამის ცაზე და ვარსკვლავეთი ღიმით დამყურებს.
საცაა თრთოლვით შევყოვნდები ნაცნობ კარებთან,
ავილეწები და საკეტიც გაიჩხაკუნებს.
შემოვალ! გვშველის ალკოჰოლი. ღია სარკმელთან
ვიდგებით, სანამ დაგვინისლავს მზერას აისი.
გეტყვი _ შეხედე, საოცარი დილა გათენდა...
როგორ უსაზღვროდ მომენატრე... ერთიც დამისხი!
შენ კი _ ღრუბლები, ნახე, როგორ წახვეტა ქარმა,
დასანანია, ვეღარ უნდა ვეღირსოთ წვიმას...
ვიცოცხლებ! სხვა გზა, ღვთის ნებით და შენ გამო, არ მაქვს.
მოვხურავ სარკმელს. გარიჟრაჟზე აქ ჯერაც ცივა!
შენი ღიმილი (ეს ღიმილი თუკი ვიცოდე,
გულს უცნაური სისასტიკით რატომ მისერავს)...
მერე _ ,,როგორ ხარ?” _ რამდენჯერაც შეგეკითხები,
შენ იმდენჯერვე მიპასუხებ, _ ვარო ისე რა...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პირისპირ ვდგავართ და თვალებში ახლა სხივი კრთის,
უჩინარ ფრთებს რომ შემასხამს და ჟრჟოლად ამიტანს.
დუმილის მიზეზს (რა თქმა უნდა, ჟესტსაც!) მიგიხვდი _ 
ვერდაწყნარების ძველ რიტუალს იწყებ თავიდან!
როგორმე, უნდა კვლავ მოვნიშნოთ ერთადყოფნის დრო,
გავაზიაროთ ჩვენი ცხადი, სიზმრად ნანახი.
უცნაურ ბინდში უეცარმა ელვამ მოგვისწრო,
მინავლებული ცეცხლისაგან კოცონს ვანახლებთ!
ვხვდები, სხვა არც რა, სიჩუმეა ახლა საჭირო...
მოკვეთილ მუხლებს ვერდაძლეულ ნაბიჯს ვაძალებ.
ამ დაუდეგარ, ვერმომხრობილ გულში გაჩნდი, რომ
დროდადრო მოდგე და მოქექო თბილი ნაცარი.
ეს რიტუალი არ იქნება მხოლოდ ,,საჩვენო”,
თუმცა, განზრახვა გულწრფელია, მაინც ბოროტი!
ახლა ცხოვრების სხვა ხარისხი უნდა ვაჩვენოთ,
დავაგემოვნოთ სიმწარე და მივყვეთ ბოლომდე!
წაშლილი სახე _ გაცრეცილი... სულაც მიტკალი _
ალბათ ბოლოჯერ აირეკლავს ღიმილს გადამდებს.
როგორ ვერ უძლებ ამ ყველაფერს _ მერე მითხარი,
ერთად უარვყოთ სიყვარული! მხოლოდ, მანამდე
გინდა? წვიმებზე მომიყევი. ჩამოხვეწილებს
ცახცახით როგორ ეგებები ღია ფანჯრებთან...
ისიც მითხარი, დღის ბოლო წვეთს როგორ აცილებ...
ისიც, რომ ერთი უცნაური ფიქრი დაგჩემდა...
თქვი _ დღემდე აღარ ემართლები მიწას გადაშლილს
და უმოწყალოდ გამეტებულს ფეხქვეშ სათელად...
მაგრამ, რატომღაც, კვლავ ცა ჭარბობს მძიმე მადანში...
სიცივემ ყველა საცნაური ბგერა გადენა.
მოვედი! მომყვა ევკალიპტის შუმი სურნელი...
გამომიწოდე უჩვეულოდ თბილი მარჯვენა
და, ღმერთო ჩემო, ისევ ის ხარ _ სულის მკურნალი...
ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდა შენთან დარჩენა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი