მე მეგონა რომ.


მე მეგონა რომ გაზაფხული ცხოვრობდა სადღაც,
და ყინვის მერე ლურჯ იებად მოვარდებოდა,
დედოფალივით დასთრგუნავდა იმ გულცივ დღეებს,
რომელიც შემდგომ თბილ ამინდთა
მონა ხდებოდა!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდათ მერცხლებს,
თბილ ქვეყნებიდან ჩვენს წილ სითბოს მოაბრძანებდნენ,
მერე კი სხივებს იმ ყვავილებს დაურიგებდნენ,
რომლებსაც შემდგომ ლარნაკებში მოათავსებდნენ!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდათ იმათ,
ვინც ყვავილებით სეირნობდა მზიურ ქუჩებში,
და მაშინ იცით უყვავილო მებრალებოდა,
საბრალოდ ვინც კი დამდგარიყო ქუჩის კუთხეში!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდათ მშობლებს,
რადგან სანუკვარ თბილ დღეებით გვანებივრებდნენ,
სიყვარული კი იმგვარია რომ იცით მინდვრად,
დედებისათვის ნაზ ყვავილებს გვაკრეფინებდნენ!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდათ დედებს,
რადგან მარტის თვე მათ ტრფობისთვის იხარჯებოდა,
ლურჯი იები უნაზესად ახელდნენ თვალებს,
თებერვლის ეს თვეც სადღაც სიზმრად იკარგებოდა!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდათ ატმებს,
მათ ყვავილების აფეთქებებს ირგვლივ ,გარშემო,
გაზაფხულს ჰქონდა ვარდისფერი შეფერილობა,
მით იცვლებოდა უსწრაფესად ჩუმი გარემო!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდათ ქართველთ,
რომ საქართველო სხვა თვალთა თვის ენახებინათ,
გაზაფხული რომ დამდგარიყო თბილის- ქუჩებში,
მათ ეს ამბავი სურდათ სხვისთვის ეხარებინათ!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდა თბილისს,
კაბის შრიალით პროსპექტებზე დააბიჯებდა,
რომ შესძლებოდა თბილ ამინდებს დაიტოვებდა,
თან გაზაფხულსაც ,,არ წასვლაზე"დააფიცებდა!

მე მეგონა რომ გაზაფხული მოჰყავდათ ჩიტებს,
მყის თვის ჭიკჭიკით აბრუებდნენ გულცივ სამყაროს,
ეს ჩემი ლექსიც თვის იისფერ- ვარდისფერებით,
მე მივუძღვენი საქართველოს ერთ თბილ საღამოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი