ზოგს შემოდგომა შემყვარებია,


ზოგს შემოდგომა შემყვარებია,
რადგან სევდას ჰგვრის მისი თვალები,
ზოგს დაღვრემილი მოსწონს ბუნება,
ზოგს მხიარული რეკვის ზარებით!

ზოგს ცისთვალება ყვავილი მოსწონს,
ზოგიც ნატრულობს ღვთიურ შროშანებს,
ზოგიც სიყვარულს თვის გულში მალავს,
ზოგიც დაეძებს მწერალ-მგოსანებს!

ზოგი სევდიან ტირიფზე ნაღვლობს,
ზოგიც აშოლტილ ალვის ხეებზე,
ზოგიც იისფერ ერთ ფერზე ფიქრობს,
ზოგიც ამ სოფლის მრავალ ფერებზე!

ზოგი სიმდიდრეს,ვერცხლეულს ეტრფის,
ზოგიც პატარა ერთ ხის ქოხს ნატრობს,
სხვა თუ სითბოში განცხრომით ცხოვრობს,
ზოგს სიცივეში აწვიმს და ათოვს...

სხვას უმდიდრესი ჰქვია ამქვეყნად,
ზოგს სიღარიბე ყოფნის სიმდიდრედ,
სიღარიბეში სისავსეც არის,
და საუკუნო სულის სიწმინდეც!

ზოგს სიძულვილი უბნელებს დღეებს,
ზოგს სიყვარული უნათებს გზა - კვალს,
და ეს გრძნობები თვით გამოარჩევს,
ამ წუთისოფლად მტყუანს და მართალს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი