იასამნების ფოთოლცვენა გინახავთ სადმე?
იასამნების ფოთოლცვენა გინახავთ სადმე? მე კი მინახავს როგორ სწყდება მათ ტანს ფოთოლი, ჩემს სახლთან ბედად ამ ყვავილის შემოდგომაა, და ისიც მესმის როგორ სტირის სული ობოლი! ყველა ჭადარზე,ნეკერჩხალზე ისე განვიცდით, ტრფობის ყვავილი გვავიწყდება ყველას სავსებით, მით მარტოდ სტირის სიცოცხლისთვის, მარტოდ ილევა, და მარტოდ უმზერს შემოდგომას ცრემლმდენ თვალებით. იასამანი გვავიწყდება შემოდგომისას, ჯერ არც ერთ პოეტს არ უთქვია მასზედ სათქმელი, იასამანი გვიყვარს მხოლოდ გაზაფხულისას, როდესაც ფეთქავს სიყვარულით მისი სახელი! იასამანთა შემოდგომა ჯერ არ გინახავთ? მოდით გაიგეთ რას განიცდის მარტოდ შთენილი, ფიქრობს რომ მისი გაშიშვლება არვის ადარდებს, და დგას მტირალი ხალხისაგან თითქოს დევნილი! მართლაც რომ მკაცრი კანონი აქვს ამ წუთისოფელს, ყველას მოსწონხარ თურმე მაშინ როცა სჭირდები, და თუკი რჩები უქონელი არვის ახსოვხარ, არვინ გკითხულობს წლებისაგან როგორ ილევი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი