მიცნობდეთ
მიცნობდეთ, მე მქვია ინანა, ბედს ვახვევ სევდიან არშიებს. თუ ვცოდავ, ხვალ ცოდვას ვინანებ და ჩემი ჭოჭმანი მაშინებს. დღეს თუკი მცივანი ტერფებით ქოშინით ავირბენ მზის აღმართს, ხვალ ამნეზია მექნება და დავივიწყებ მისამართს მისას, ვინც გუშინ მითბობდა სულის გათოშილ ლავიწებს. დღეს კი ლილიტი მიხმობს და მრევს და ყველაფერს მავიწყებს. მავიწყებს, როგორ ვირგებდი ფეხზე გრძნობების გამაშებს და ვეღარც გემოს ვიგებდი ჭისას, რომელიც დავაშრე. დღეს არა, ხვალე ვინანებ, "გუშინ" რომ გახდა თამუსი. მიცნობდეთ, მე მქვია ინანა, ეჭვია ჩემი სამოსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი