სიზმარი


როგორც ფანჯარა ჩამოშლილ კედელს
ეტმასნებოდა ცოდვები ჩემს სულს,
და უთავბოლო სიჩუმით მკრთალნი
ნუგეშს აძლევდნენ ეშმაკნი ერთურთს...

რა უმაქნისი ხმებით კვეთავდა 
შემკრთალი სივრცეს ცრუ ბელიარი, 
და მიყურებდა მოხალულ მზერით, 
გამწყდარი, ხრწნადი და გესლიანი...

ქრისტეს დაუწყო მან შეჯიბრება, 
შემდეგ მოვიდა ჩემთან უძლური, 
შემდეგ შემამკო მრავალფერსიტყვით, 
და გაამჟღავნა სახე - ურჩხული...

უდაბნო იყო ოთახი ჩემი;
ურიცხვი ცოდვა - ტაძრის სიმაღლე,
და გადმოხედვის მე შიშით შეძრულს,
მათრობდა ცოდვის ტკბილი სიმწარე...

ველოდებოდი გაურკველ ნიშნებს,
როგორც ელია ან როგორც მოსე,
და აბრამივით ვაქციე რწმენა,
ყველა უკვდავის ანი და ჰოე...

შემომეჩვია ბილწი აზრები,
სულს გადაეკრა სქელი აპკივით, 
და მიმოკლდება ღმერთამდე გზები
რაც დასაფარი იყო მანძილით...

მანძილით, რომელიც ჩვენს შორის იწვა, 
და იწვა, როგორც ვეფხვი მშიერი,
ჩვენ დაგვაშორა ცოდვამ, რომელიც 
იყო ღმერთზეც კი უფრო ხნიერი...

ფარისევლობის სული წვეთავდა, 
გამხმარ ტყესავით მიწეწილ გულში,
და ისევ ისე ზანტად კვეთავდა, 
ჩემს უსაფრთხო ძილს სიზმრები მრუში...

კვალივით მირაჟს ვხედავდი თითქოს,
და სითბო იყო ცოდვაგამტარი,
სული კი იქცა სარეცხის სარჭად, 
სული გონების აზრთა მპარავი...

თუკი გაიგე, რაც ახლახანს ვთქვი, 
სული გარდაქმენ წელვად რეზინად,
და არასოდეს არ შეგრცხვეს თუკი
გადაიქეცი სოფლის დევნილად...

როგორც მბჟუტავი კვარი კრთის ანდაც,
როგორც უბრალოდ იწვის ლამპარი,
მასე იყავი და იფრთხილე რომ
არ გააჩაღო სულში ხანძარი...

თუკი აღმოჩნდი მიწისქვეშეთში, 
და თუ სინათლე არ უჩანს გვირაბს,
მაინც მოქაჩე, გახსნა დაუწყე, 
ნემსის ყუნწივით უსივრცო ჭიშკარს...

ვერ გავარკვიე მე რომელი ვარ - 
მხეცი, კაცი თუ ღმერთი - რომელი,
და ამ ფიქრების სიგრძეს ზომავდა,
თავზე დამდგარი მეფისტოფელი...

მე მიწისქვეშა მესერში მოვხვდი,
ვიწექი ჩუმად ჩონჩხად ქცეული,
სულს მიკორტნიდა და თან მათრობდა
ირგვლივ ეშმაკთა ცეკვა - ფერხული...

შენ არ გჯეროდა, რომ კაცთა სული
კვლავაც განაგრძობს სიცოცხლეს სადღაც
ჩემს დაკრძალვაზე ის ერთი სიტყვა
სულ უნებურად წამოგცდა ალბათ...

სიტყვას, რომელსაც ვეძებდი დიდხანს, 
ზეცაში, შენში, თუ მატრიცაში, 
ეღობებოდა მხოლოდ შენი ხმა,
და იმ ჭიშკარის ცრუ კარისკაცი...

მე გადავლახე მხოლოდ პირველი, 
რაკი მეგონე შენ - სიმულაკრა, 
გულმა, რომელიც ნაწყენი იყო,
აზრთა სიმცდარე გონს მიუთვალა...

ჩამოივლიდა ჩემს საუფლოსთან
მავანი კაცი და ღვინის მსმელი,
საფლავის ქვის წინ მზერას მაპყრობდა,
თვალები მისი არაფრისმთქმელი...

და მდარაჯობდა როგორც მწყემსი ცხვრებს,
როგორც ურმის თვლებს სოფლის გლეხკაცი, 
მზერა მოავლო ტყეს და საფლავებს, 
და დაეჭვებით შესვა ქეძაფი...

შემდეგ წავიდა, ალბათ ელოდნენ...
ცოლი, შვილები და ნათესავნი...
ასე დასრულდა ჩემი ამბავი, 
გადუწყვეტელი და ნახევარი...

ეს ხომ მესიზმრა და არ მომხდარა, 
რაღა მაწუხებს, რამ გადამრია, 
სული ოაზისს ითხოვს სასწრაფოდ, 
წყალი სწყურია ჩემს სამარიას...

მაინც ვერ შეცვლი უკვე დაწერილს,
რამდენიც უნდა სინჯო სიტყვები,
ღმერთს ლოცვას ეტყვი გაგაძლებინოს,
რაც მეტს შენს თავზე დაუფიქრდები...

თითქოს ჰაშიშით ვიყავი მთვრალი,
სიკვდილს წავგლიჯე ჩემი სხეული,
და განკუთვნილი ჩემთვის ხაფანგი,
ძირს ეგდო მძლავრად გადამტვრეული...

უკან არ უნდა დაგრჩეს სიტყვები,
უნდა მისდიო უკვალ ბილიკებს,
და არ გაბედო, რომ ჩაკლა შენში,
ალღო, რომელიც გზისკენ გიბიძგებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ლაშა კობიაშვილისტუდენტი2 წლის წინ

ვაახ, საუკეთესო ლექსია, რაც წამიკითხავს...

მარიამი სტუდენტი2 წლის წინ

ეს კომენტარი ახლა ვნახე :) დიდი მადლობა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი