ინსტინქტი (100 სიტყვა)
თვალები ახალგახელილი ჰქონდა გიოს, მშობლიურ ქალაქს რომ მოსწყვიტა დედამ. ერთგული მეგობარი არ წაჰყოლიათ... ხან მათკენ გამოიქცეოდა, ხან ლეკვებიკენ. “ბოლოს მაინც დედობრივმა ინსტინქტმა სძლია და დარჩა.“¹ ყოველ წელს აპრილის თვეში დახვდებოდნენ ბებო და ყურშა აწ უკვე სტუმრებს და სააღდგომო რიტუალს სევდანარევ ღიმილსაც დაურთავდნენ ხოლმე. წელს... აღარავინ დახვედრიათ. არც ნაცნობ ყეფას აუკლია იქაურობა. მართა ბებო საკუთარი სახლის ეზოში მეზობლებს დაუსაფლავებიათ თურმე. ქრისტე აღსდგა! ნეტავ საქართველოს ერთიანობაც აღსდგებოდეს, თქვა 11 წლის ბიჭმა. ...დაჟანგულ მავთულს სურო გველივით მოხვეოდა ყელზე. — დე, ბებო მალე მოვა? – სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დაჭახუნებისას იკითხა გიორგიმ. ბიჭი იდგა. მავთულხლართებს იქეთ სოხუმში დატოვებული, გაუტარებელი ბავშვობა ელანდებოდა და ვერაფრით გაეგო, რატომ ტიროდა დედა. ___________________________________________________ ¹ ბელა კოპალიანის ჩანაწერის, ციტატის პერეფრაზი. ჩანაწერი საჯაროა, ყველა უფლება დაცულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი