,,წერილი ბაბუს''
-იები დიდხანს ცოცხლობენ? -გააჩნია რამდენ ხანს დატოვებ მათ შენს გულში. -და თუ მე სულ მინდა მათი დატოვება? ხომ დაჭკნებიან? -სიყვარული და სითბო, ანუ მათ ენაზე წყალი არ მოაკლო და იცოცხლებენ. დღემდე ვუვლი ერთადერთ დამჭკნარ იას იმ იმედით, რომ ისევ სიცოცხლეს დავუბრუნებ, რომ ისევ “გაღიმებულს” დავინახავ და ისევ ვიგრძნობ იმ სითბოსა და სიყვარულის სურნელს, ჩვენს ურთიერთობას რომ ასდიოდა, რაღაც თავისებურად ტკბილი და სასიამოვნო. მტკივნეულია, რომ მავიწყდება ეს სურნელი, მავიწყდება შენი ხმა და მოგონებების მთელ საწყობში ვეძებ ისევ იმ იმედით, რომ თითოეულს დავიბრუნებ და ჩავკეტავ, რომ აღარ გამიფრინდნენ, შენსავით. ბავშვობიდან ყველა ჩემი სიტყვა, სურვილი თუ საქციელი შენ გიკავშირდებოდა და დღემდე ესეა. ყველასგან მალულად რომ ვგეგმავდით პაწუწუნა სახლის აგებას... შენი სურვილი იყო ჩემებურად მომეწყო და მერე იქ გავქცეოდი ხალხისგან დაღლილობას. შენს სურვილს ვეღარ ვუმკლავდები მარტო, ისიც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს, რომ ეს სახლი ცარიელია და არაფერია შიგნით ფერადი. არც იასამნისფერი, შენ რომ შემარქვი და არც ზღვისფერი შენ რომ ასე ძალიან გიყვარდა და შენი თვალების ფერი, მე რომ ასე ძალიან მიყვარდა. ნოემბერი ნოემბერი ნოემბერი. შენ იქეცი ამ თვედ და შემოდგომამ იცის, რომ წვიმების თვედ უნდა გაქციოს, რომ შენი სურნელი მე რომ ასე ძალიან მიყვარდა და ეხლაც მიყვარს ისევ მაგრძნობინოს. არაფერი დამრჩა შენი ლექსების, ჩანაწერების, წერილების და ერთადერთი იის გარდა. ფოტოები? საგულდაგულოდ შენახული. ტკივილის ფერით სავსე, შენი ღიმილის ვერ შემყურედ გადავიქეცი, მაშინ როცა საათობრივად შეგვეძლო სისულელეზე სიცილი. და როცა ვინმე ჩემს ჩანაწერებს გადაშლის, წაიკითხავს, რომ ჩემი თვალებით დანახული შენი სიკვდილი შემოდგომის საღამოებს ჰგავს, უფერულს, ამავდროულად ფერადს და ფერადს იმიტომ, რომ შენ აქ ხარ, აქ ხარ, ისევ ჩემთან, ჩემს გულსა და გონებაში და ვიცი, არასდროს დატოვებ იმ ადგილს შენ რომ ასე ძალიან გიყვარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
♥ :(
♥ :(