***მინდა, რომ შენი თმის ღერების ხატვა ვისწავლო...


მინდა, რომ შენი თმის ღერების ხატვა ვისწავლო...
ვიცნობდე ყველა შენს ხვეულს.
მინდა, შემეძლოს დავაკვირდე ყველა შენს წამწამს,
წარბებს... არ მომბეზრდება მე მათი დათვლა.
მინდა, შენი ყველა ხალი ვიცოდე.
გამიჭირდება, მაგრამ მინდა, ვნახო შენი იარა — სულსა თუ გულზე...
მინდა, გიცნობდე ყველა ნაწილით,
ყველა თმის ღერით, ყველა ნაოჭით.
მინდა, გიცნობდე სურნელით.
მინდა, რომ შენი ხმაურიც ვიცნო...
ვიგრძნო ნაცნობი გულისცემა.

ვოცნებობ, გცნობდე შეხებით,
სუნთქვით...
გაგარჩიო გაზაფხულის ყვავილების
სურნელით გაჟღენთილ ჰაერში
და ასე ვეცადო შენამდე მოსვლას...
მომიყვანოს შენამდე შენი სხეულის სითბომ.
მინდა, იყო სინათლე, გამინათო გზები შენამდე —
თუნდაც შენამდე მოსული სრულად დამნაცროს
სულის მხურვალებამ.
მინდა, რომ იყო მზე — შემეძლოს შენი ხედვა ყოველგან...
ღამით კი მთვარემ გადმომცეს შენი დანაბარები კოცნა სინათლედ.

ვინა ხარ? ან ვინ ვარ?
ან კი ხარ?
თუ მე შეგქმენი?..
არა, არაა...
მე არ შემიძლია, მართლა არ შემიძლია — ამას ვერ ვიზამდი.
გამორიცხულია — ასეთს მე ვერ შეგქმნიდი...
მე ვერ დაგხატავდი...
არა, არა... გამორიცხულია.
მე არ შემიძლიხარ...
მე არ შემიქმნიხარ...
არა, ეს სისულელეა...
როგორ შევძლებდი?..
სადა ხარ?..

შენ ნამდვილი ხარ.
გამოგონილი — აქ მე ვარ მხოლოდ.

2024, 5 მარტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი