შენ კი


სევდით ივსება ავზი,
ასე შევცურავ-ბლუზით.
შენ გირჩევნია ჯაზი,
მე ვამჯობინე ბლუზი
ველტვი აღმართ გზებს -ხვეულს,
ეს სიმარტივე მზღუდავს.
შენ ეწაფები სხეულს,
მე ტემბრში გიწყობ სუნთქვას.
ვერ შემისიე კანქვეშ
ჭიანჭველების ჯარი.
მე მინდა შევწვდე სარკმელს,
შენ გინდა გახსნა კარი.
ვცდილობ მოვერგო ამ დროს
დავაიგნორო ფარსი.
მე მივეჩვიე ტანგოს,
შენ კი გიზიდავს ვალსი.
უკვე გავთვალე-ვიცი
ჩვენი მომავლის ბედი.
შენ ისხავ მორიგ ვისკის,
მე დილას ფხიზლად ვხვდები.
ხოდა ივსება ავზიც —
სევდით, ტკივილით, ცრემლით…
მე სვლას განვაგრძობ ამ გზით
შენ კი.....რავიცი შენ კი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი