ნეტავ სად ქრება ზღვარი


ნეტავ სად ქრება ზღვარი,
ცხადსა და სიზმარს შორის?
როცა გრძელდება წამი,
უკიდეგანო თრთოლვის.
ნეტავ სად წყდება ძაფი,
კიდით - კიდემდე ბმული?
ოცნება - ვით ზღვის ქაფი,
გაუსაძლისად რთული.
ნეტავ რას სწვდება მზერა,
სივრცის კიდემდის მჭვრეტი?
იქნებ ამჩნევდეს ვერას,
ანდა უნდოდეს მეტი.
ნეტავ რად ტყდება ხიდი,
ვითომ ნაგები ჩვენთვის?
ან ეს გზა საით მიდის,
რომელ ბილიკებს ერთვის?
რად ემსგავსება წუთი
დაუსრულებელ სივრცეს ?
როცა გრძნობები უტყვი,
ბნელ ლაბირინთებს მისდევს.
რად ენარცხება გრძნობა,
როცა ვეხებით ხელით?
როცა მიწაზე ხოხავს,
რატომ ეცვლება ფერი?
ნეტავ სად ქრება ზღვარი,
ცხადსა და სიზმარს შორის?
როცა გრძელდება წამი,
უკიდეგანო თრთოლვის.

მარი ბაიდოვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი