ვიცი არ გწამს სიყვარულის ძალის დღემდე,


ვიცი არ გწამს სიყვარულის ძალის დღემდე,
აღმაფრენის ,რომ აშუქებს თვალებს სხივით,
მაგრამ მახსოვს გიყვარს ძილი შუადღემდე,
მას კი უყვარს კარს მოდგომა სისხამ დილით.

ვიცი მთვლიდი შეცდომად და მთავარ ცოდვად,
თუმცა გრძნობდი , რომ ძვალი ვარ შენი ნეკნის.
ვიცი თავსაც ,რომ ჩაუთვლი ამას ბოდვად
და სიმართლეს არასოდეს რომ არ ეტყვი.

არ ვაპირებ უტყვ ბრძოლაში შენთან შებმას,
შეხსენებას - რაც გწამდა და მიატოვე.
ბევრჯერ სიტყვა ჰგავს თვალებში ნაცრის შეყრას
თუ ამ სიტყვას ქმედებას არ მიაყოლებ.

მეც ვეცდები აღარ მწამდეს უკვე - მენდე ...
აღმაფრენის , რომ აშუქებს თვალებს სხივით.
გადავწყვიტე მეც ვიძინო შუადღემდე ,
რომ შემთხვევით არ მომადგეს კარზე დილით.

მარი ბაიდოშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი