ჩემი ქმრის საყვარელუ
ჩემი ქმრის საყვარელი ძალიან მაგარი ნაშაა.აი სწორედ ისეთი, მე რომ ავირჩევდი კაცი რომ ვყოფილიყავი. იცით -? არსებობენ ასეთი ქალებიც საკუთარი თავის ფასი რომ კარგად იციან , ისინი ღირსეული იერით მომზირალნი დაიარებიან, ყოველთვის ყურადღებით უსმენენ მოსაუბრეს , მათი მოძრაობები მუდამ დაუძაბავი და ხალასია, მათ არ სჭირდებათ მკერდის და წელის მოშიშვლება იმისთვის რომ მიიქციონ ყურადღება , ისინი გამოირჩევიან მეფური სიმშვიდით და არასოდეს არ ვარდებიან პანიკაში . წვრილი , გიტარისებრ თეძოებში გადაზრდილი მოქნილი წელით,მაღალი სწორი კანჭებით,ნატიფი მხრებით და უმწიკვლო ბავშვური სახით. მეც სიამოვნებით ავირჩევდი ასეთ ქალს- როგორც საკუთარი თავის სრულ ანტიპოდს. ღმერთო როგორ უხდება კაბა , როგორ ვნებისაღმძვრელად ეტმასნება მთელს სხეულზე, დახვეწილი ვარცხნილობა , მოვლილი ფრჩხილები. ხარისხიანი მაკიაჟი,და ძვირიანი პარფიუმი, დინჯი ქცევა, ელეგანტური მიმოხვრა , და ველური ავაზას მოქნილობა. აბა მე კი არ მგავს -მუდამ გადარბენაზე მყოფს , მუდამ ქოთქოთითა და თავპირისმტვრევით მორბენალს , მაინც ყველგან რომ მაგვიანდება, სახელდახელოდ ზევით აკრეფილი თმით,სულ ჯინსში და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილს( სად მაქვს კაბის დაუთოვების დრო და ნერვი)სახლსა და სამსახურს შორის ქრონილულად გაჩხერილს ,აბა ვინ შემომხედავს როგორც სასურველ ქალს ? - მე თავად ვეღარ აღვიქვავ ჩემს თავს ქალად კი არა ხან ადამიანადაც კი -ისე ვარ გადაშვებული თავით ყოველდღიურ რუტინაში ,რომ უფრო რაღაც მექანიკურ მანქანასთან თუ გამაიგივებს ვინმე . არა - რა ოხრობად წავშავდი იმ ავბედით დღეს ქალაქის ცენტრალურ ბანკში პირად ბანკირთან შესახვედრად , ხომ მითხრა საჩქარო არააო და ამ კვირაში როცა მოახერხებ მოდიო ? მარა სამსახურიდან ჩვეულებრივზე ადრე რადგან მომიწია გამოსვლა , მეთქი მოვასწრებ და გავიქცევი იმ საბუთზე ხელს მოუწერ და უცებ გამოვიქცევი თქო.. ბანკირმა ყველაფერი მზად მაქვსო მარტო ხელის მოწერაა საჭირო იპოთეკის გრაფიკის დახურვაზეო ( ბოლო 2 თვის იპოთეკის თანხა წინსწრებით გადავიხადეთ და ამ 7 წლიანი ვალის მისკივდილებას ერთი პატარა ფორმალობა ღა მაცილებდა ) ამიტომ მეჩქარებოდა ამ საქმის დროულად თავიდან მოცილება. მივედი .დავჯექი მოსაცდელში . გამოვიდა ეს ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი და მეუბნება : პროგრამამ გაჭედა -შეფერხებააო და თუ დრო გაქვთ ცოტა მოიცადეთ -წესით მალე გამოსწორდება , ხელს მოგაწერინებთ და მაშინვე გაგიშვებთო. მეც ვიფიქრე აქამდე რადგან მოვედი , ცოტას დაველოდები იქნებ გამოსწორდეს პროგრამა და იქვე ბანკის მოპირდაპირე მხარეს სწრაფი კვების ობიექტში გადავწყვიტე შესვლა . დილას სიჩქარის გამო , მშიერს მომიწია გამოსვლა ,როგორც ეს უმეტეს შემთხვეაში მემართება, თან წავიხემსებ ყავას დავაყოლებ და ამასობაში პროგრამაც იმედია გამოსწორდება გავიფიქრე მე და კიბეებზე დავეშვი. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ერთი ჩისბურგერი და ჭიქა ყავა შევუკვეთე , კუთხეში- პატარა მაგიდასთან მოვკალათდი და ჭამას შევუდექი ,ის იყო ყავის ჭიქა მოვიყუდე პირველი ყლუპის მოსასმელად და ..... ღმერთო რას ხედავს ჩემი თვალები , არა არ მომეჩვენა - იმ წამსვე ვიცანი ჩემი ქმარი ზურგიდან და დავინახე ისიც.ისინი იდგნენ სენსორული მონიტორის წინ რიგში , ქმარს ეჭირა მისი ხელი თავის ხელში და თითებს უკოცნიდა- ფუ რა ამაზრზენი სანახავია -გავიფიქრე მე , მაგრამ უნდა ვაღიარო : ქალი ნამდვილად ლამაზი იყო-ობიექტურად ლამაზი.... მე ყავის ჭიქა ხელში შემაცივდა ... ადგილიდან ვერ დავიძარი , ისეთი შეგრძნება დამეუფლა , აი თითქოს დამწვრობას რომ მიიღებ და სანამ ტკივილი დაგივლის -სხეულზე უკვე ხედავ დაზიანებულ, დაფუფქულ ქსოვილს და იცი, რომ წამის მეასედში გაუსაძლისი ტკივილი მოიცავს მთელს შენს არსებას , სწორედ ეს რამოდენიმე წამი სანამ ელოდები ამ აუტანელ მდგომარეობას უსაშველო მოლოდინის საუკუნედ გაქვს ნაქცევი. დაველოდე როდის მოვიდოდა მათი რიგი . მათ ციფრულ მონიტორზე შეუკვეთეს სასურველი მენიუ და დაელოდნენ შეკვეთის გამზადებას... მაგიდასთან არ დამსხდარან , ამიტომ მივხვდი ,რომ მენიუ წასაღებად შეუკვეთეს. შეკვეთა საკმაოდ მალე გამზადდა . აიღეს ქაღალდის ორი პაკეტი და ხელი- ხელ ჩაკიდებულები გავიდნენ . თვალი გავაყოლე ფანჯრიდან ... გზის იქითა მხარეს დავლანდე ქმრის მანქანა. მეგონა მანქანაში ჩასდებოდნენ და წავიდოდნენ , მაგრამ მანქანას ჩაუარეს და მახლობელ შენობაში შევიდნენ. - აჰ ბუდეც აქვე ჰქონიათ - გავიფიქრე მე და ნაცემი ძაღლივით ფეხი ავითრიე. საღამოს თავის დროზე მოვიდა სახლში. სახეზე ჩვეული სიმშვიდით , ივახშმა და პულტით ხელში ტელევიზორს მიუჯდა. მთელი საღამო ენაზე მადგა სათქმელი: მინდოდა პირში მიმეხალა, რომ დღეს თავის ნაშასთან ერთად დავინახე , რომ დღეიდან ჩვენ უცხო ადამიანები ვართ ერთმანეთისთვის , რომ უნამუსოდ მომექცა,რომ ბავშვების ფსიქიკაც არ დაინდო , რადგან დღეის შემდეგ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ და ეს საკმაოდ დიდი ტრავმა იქნება შვილებისთვის,რომ ჩემი შრომა -ჩემი თავდადება და ზრუნვა ,ამაო ყოფილა და ამდენი წელი სულ უქმად დამიხარჯავს , რომ ჩვენი მყარი და მეგობრული ოჯახი მხოლოდ ჩემი ილუზიების სამყარო ყოფილა და ბევრი ამდაგვარი ბანალური ფრაზა , მაგრამ მსგავსი არაფერი მითქვამს- ვერ ვუთხარი. საღამოს საწოლში ვითომც არაფერი მომხდარა ისევ ისე მიმიზიდა თავისკენ , ჩამიხუტა და მშვიდად დაიძინა. - იქნებ ჯერ ინტიმი არც ქონიათ ? დაეჭვებით გავიფიქრე მე და ფრთხილად გავჩოჩდი საწოლის ჩემი კიდისკენ . ჩვენს შორისაც ხომ ყველაფერი ძველებურადაა: კვირაში ორჯერ (ხანდახან სამჯერაც თუ ვარსკვალები კეთილად განეწყვებიან ) სავალდებულო ცოლ-ქმრული ვალის მოხდა საწოლში , დასვენების დღეებში ბავშვებთან ერთად სადმე გასართობად გასვლა, არდადეგებზე ერთო კვირით ზღვაზე დასასვენებლად გამზგავრება და ა.შ . -ამ მხრივაც ხომ არაფერი შეცვლილა თითქოს? - ვკითხე დაეჭვებით ჩემს თავს - ჰმ მაშინვე საკუთარ თავზე გამეცინა: - ახლა მეც დავიწყე იმ ქალებივით აზროვნება ,პირდაპირ თვალწინ რომ ღალატობენ ქმრები -ისინი კი ჯიუტად იმეორებენ , რომ არაფერი ხდება და უბრალოდ მოეჩვენათ,რომ ამას მათი ქმარი არ იაკდრებდა . ის ღამე საშინლად მეძინა , პერიოდულად მეღვიძებოდა მერე ცოტახნით ჩაძინებულს კოშმარები მესიზმრებოდა, ისევ მეღვიძებოდა და ასე დილამდე. დილით სრულიად ქანცგაწყვეტილი წამოვდექი. ჩვეულებრივზე უფრო ნელი ტემპით დავიარებოდი ოთახიდან- ოთახში და ამჯერად წყნარად -ყოველგვარი ქოთქოთის გარეშე ვასაუზმე და გავაცილე ბავშვები სკოლაში. სამსახურში რომ არ წავიდოდი წინა ღამითვე გადავწყვიტე ,ამიტომ დილით პირველ რიგში რაც გავაკეთე -ავად გახდომა მოვიმიზეზე და ერთი კვირით დავეთხოვე,მაგრამ რა უნდა მეკეთებინა ეს ერთი კვირა ბავშვებს სკოლაში და ქმარს სამსახურში , რომ გავისტუმრებდი ჯერ ზუსტად არ ვიცოდი. ჯერ მარტოდ დარჩენა და კარგად დაფიქრება მჭირდებოდა. -კარგი და რა უნდა ვქნა ახლა ? ზოგადად რას შვებიან ქალები ,როცა ქმრები ღალატობენ ? ვის ვკითხო ? ხომ არ დავგუგლო? - გუგლმა პასუხი ვერ გამცა. ისევ საკუთარი თავის ამარა დავრჩი. თავში ათასგვარი აზრი მიტრიალებდა. -რა გავაკეთო? არაფერი შევიმჩნიო და განვაგრძო ჩვეულებრივ ცხოვრება ? -კი მარა რატომ ?-რო რა ? ოჯახი არ დამენგრას -რეპუტაცია არ შემებღალოს , თუ ბავშვების ნერვებს გავუფრთხილდე ? -ღირს კი ეს ყველაფერი ჩემს გაჩუმებად ? ყველაფერზე თვალის დახუჭვად და ბედს შეგუებად ? სარკეში ჩავიხედე და იქ სრულიად უცნობი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს არც თუ ისე ურიგო გარეგეგნობის ქალი აღმოვაჩინე , უბრალოდ ძალიან გადაღლილი სახით და ჩამქრალი თვალებით. მთელი დღე და მთელი მომდევნო კვირაც ჩემს განკარგულებაში იყო , ბარათზე ხელფასი ახალი დარიცხული მქონდა თუმცა დიდ ნაწილს ვინახავდი ქმრის მანქანის სესხზე დასამატებლად ( ასე გადავწყვიტეთ : ბინის იპოთეკის დასრულების შემდეგ , ამ სესხსაც ორივე გავინაწილებდით) , მაგრამ ახლა ამ შეთანხმების ძალაში ყოფნის ვეღარანაირ მიზეზს ვერ ვხედავდი , ამიტომ პირველი რაც გავაკეთე ქალაქში გავედი და ყველა ნაცნობი თუ გაგონილი პრესტიჟული მაღაზია მოვიარე. რამოდენიმე ძალიან ლამაზი კაბა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კარგი ხარისხის კოსმეტიკა და პარფიუმი შევიძინე .სალონში თმა მოკლე-მოდურ სტილზე შევიჭერი და ფრჩხილებიც გავიკეთე. შემდეგ იმ ადგილისკენ გავეშურე სადაც , წინა დღით ჩემი ქმარი და მისი საყვარელი ბინაში შევიდნენ, მოპირდაპირე მხარეს მყოფ სწრაფი კვების ობიექრში შევიძურწე , ერთი ჭიქა ყავა შევუკვეთე და ორ საათზე მეტი ხანი ამაოდ მივშტერებოდი სადარბაზოს ფანჯრიდან . ისინი იმ დღეს არ გამოჩენილან. საღამოს შინ მოსულმა ქმარმა რომ დამინახა, ვა რა ხდება შენს თავს მშვიდობააო ? გაოცებით ამათვალიერ -ჩამათვალიერა და სამზარეულოსკენ გაეშურა. - კი უბრალოდ მომბეზრდა ერთფეროვნება და გადავწყვიტე რაღაც შემეცვალა , სხვათაშორის ვუპასუხე მე და ცხელი ვახშმით სავსე თეფში წინ დაუდგი. ეტყობა პასუხმა სრულიად დააკმაყოფილა და მშვიდად შეუდგა ჭამას. ისინი ძველ ადგილას არც მეორე დღეს გამოჩენილან- არც მესამე დღეს და მეოთხე დღესაც 3 საათიანი ლოდინის შემდეგ უკვე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი: - ნამდვილად ერთჯერადად იყვნენ მოსულები , ალბათ ასე იცვლიან ბინებს ,სხვადასხვა ადგილას ხვდებიან ერთმანეთს , აშკარად ტყუილად ვკარგავ დროს , გავიფიქრე იმედგაცრუებულმა და დამდუღრული - რაღაც უცნაური განწყობით , (აი ისეთით ცოტას რომ გაზიდებს კიდეც ) გამოვედი კარში, მაგრამ უეცრად კარის მიხურვისას , შუშაში ისევ დავინახე ჩემი ქმრის მანქანა. ძველ ადგილას გაჩერდა , და ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ. მე ცოტა განზე გავდექი ,მაგრამ აღარ მოვტრიალდი და ასე ზურგშექცეული შუშაში ვადევნებდი მათ მოქმედებას თვალს , ისინი ისევ იმ სადარბაზოს კართან შეჩერდნენ, აკრიფეს დომოფონის კოდი და მსწრაფლ გაუჩინარდნენ კარს მიღმა. ისევ კაფეში შევბრუნდი , დავჯექი ფანჯრის მხარეს კუთხეში და პირველი რაც გავაკეთე ბავშვებს დავურეკე. გავაფრთხილე, რომ შემაგვიანდებოდა და დავარიგე ვახშმის გასაცხელებლად საიდან რა უნდა აეღოთ და როგორ მოქცეულიყვნენ , ასევე ვთხოვე გაკვეთილების სწავლა უჩემოდ დაეწყოთ, რადგან მე ზუსტად არ ვიცოდი რა დროს მივიდოდი სახლში. მერე დაიწყო ლოდინის მტანჯველი წუთები, რომლებმაც იმ მომენტში მეჩვენებოდა თითქოს შიგნიდან დაშლა დამიწყეს , თუმც რაოდენ გამანადგურებლადაც არ მოქმედებდნენ ისინი ჩემზე, იმის შიში,რომ ეს წუთები ადრე თუ გვიან დასრულდებოდა- უარეს თავზარს მცემდა . მართლაც და რა უნდა მომემოქმედებინა ,როდესაც ისინი გარეთ გამოვიდოდნენ ? მივვარდებოდი და სკანდალს მოვუწყობდი ? თავს ლაფს დავასხავდი და სახალხოდ შევაჩვენებდი ? ვითომ რამით გამოასწორებდა ჩემს მდგომარეობას ამგვარი საქციელი ? - არა მაინც რა სულელი ვარ მეც რა, რომ დავეყუდე აქ მთელი კვირა კერძო დეტექტივივთ -რაიმე გეგმა რატომ არ დავისახე ? ასე სპონტანურად- მოუმზადებელმა რა უნდა მოვიმოქმედო ვიცი კი ? სანამ დავინახავდი იმ ორს კი ვიყავი დიდ გულზე ,მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგარმა ნაწილ -ნაწილ დაშლილ სხეულს თავი ვერ მოვუყარე , ვერ ვიაზრებდი თუ რატომ ვიყავი იქ -იმ ადგილას ,იმ დროს და რა მინდოდა საერთოდ. რა მინდა საერთოდ- რის მოღწევას ვცდილობ ? ვკითხე საკუთარ თავს და პასუხი რომ ვერ გავეცი , ასე დაშლილ-დანაწევრებულმა ამ უაზრო იდეის უგულველყოფა და შინ წასვლა გადავწყვიტე. როგორც კი ეს გადაწყვეტილება მივიღე ,ცოტა გულზე მომეშვა და სახელდახელოდ დავიწყე წასვლისთვის მომზადება. სკამის სახელურზე გადაკიდებულ ჩანთას მსწრაფლ წამოვავლე ხელი ,ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და გასასვლელისაკენ თავდაჯერებული და სწრაფი ნაბიჯით გავეშურე. ქუჩა გადავკვეთე და რადგან ჩემი ქმრის მანქანის გვერდით მიწევდა ჩავლა, შევეცადე მალე გავცლოდი იმ ადგილს რომ დროზე მოვფარებოდი მოსახვევს ,რათა თვალთახედვის არიდან ჩემი ქმრის მანქანა რაც შეიძლება მალე გამქრალიყო,მოსახვევი საკმაოდ ახლოს იყო და ამიტომ სულ რამოდენიმე წამი დამჭირდა იქამდე მისაღწევად , ის იყო თვალს უნდა მივფარებოდი ,რომ საბოლოოდ ინსტიქტურად გამეხედა ზემოთ ქუჩისკენ და სწორედ აქ ,უკვე მერამდენედ ისევ გავქვავდი. ისინი სადარბაზოდან გამოდიოდნენ... ისევ დამიარა მდუღარემ თმის ღერიდან ფეხის ქუსლამდე , ახლა მიჭირს იმ შეგრძნების ზუსტად არწერა , რასაც იმ წუთებში განვიცდიდი , მაგრამ დაახლოებით იმას გავდა თითქოს შიგნიდან ვიღაც გულ -მუცელს ცხელი შანთებით გინაწევრებს, მერე ერთმანეთში ზელავს და ასე აზელილს იქვე ტოვებს. ჩემდაგასაკვირად ამ მდგომარეობამ ნელ -ნელა სახე იცვალა და უეცრად , იქ სირღმეში ისეთმა სიცარიელემ დაისადგურა, მომეჩვენა ვიღაცას იმ წუთში რომ ჩაეძახა ჩემთვის - ცარიელი ქვევრივით უკან ამოვძახებდი. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა: აქ გონებამ პროტესტი გამომიცხადა და სხეულს ყოველგავრი შიშის და ღელვის იმპულსების გაგზავნაზე უარი უთხრა.ფეხებმა თავისით მიმიყვვანეს მანქანასთან და უკვე ჩამსხდრებს ის -ის იყო მანქანა უნდა დაეძრათ, რომ სწრაფად გამოვუღე უკანა კარი და მეც მათთან ერთად მანქანაში უკანა სავარძელზე ამოვყავი თავი. საქარე მინის ზემოთ დაკიდებულ სარკეში დავინახე ჩემი ქმრის გაფითრებული სახე, ქალიც გაშეშდა - ალბათ მიხვდა ვინც ვარ -ან იქნებ ადრევე იცოდა ვინ იცის ... სამარისებულმა სიჩუმემ რამოდენიმე წამს გასტანა- შეიძლება წუთსაც , ბოლოს ჩემი ქმარი შემობრუნდა ჩემსკენ და ის-ის იყო პირი გააღო რაღაცის სათქმელად ,რომ მე აწეული ხელისგულით ვანიშნე გაჩუმებულიყო და ვუთხარი: - არ გინდა ! ვიცი რის თქმასაც აპირებ- ალბათ ეს ის არაა რასაც მე ვფიქრობ ხომ ? მაგრამ ვაი რომ ეს ზუსტად ისაა რაც ვიფიქრე- ვიფიქრე კი არადა რასაც ეს ბოლო დღეებია ჩემი თვალით ვუყურებ, თუმცა არაუშავს ბარათაშვილის თქმისა არ იყოს ,, მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვია-შვილნი სოფლისა,, ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში , და ეტყობა არც ჩვენს აგვცდა გამონაკლისი.მოკლედ ასეა -თუ ისე , რადგან იმას ვეღარ შევცვლითრაც მოხდა , მინდა ჩემი სამომავლო გეგმები გაგაცნოთ: ალბათ ყველასთვის ნათელია ,რომ დღეის ამას იქით მე თქვენ ორის ცხოვრებაში ვეღარ ვითამაშებ ვერანაირ როლს ,ვერც მთავარს - ვერც მეორეხარისხოვანს, ამიტომ თუ ნებას დამრთავთ ამ სამკუთხედს ჩემი სახით ერთ კუთხეს ჩემითვე მოვამტვრევ, თუმცა მინდა ისიც გაითვალისწინო ჩემო ძვირფასო მეუღლევ ,რომ ბინას რომელიც ჩემს სახელზეა გაფორმებული, ჩვენ ორნი ვეღარ გავიყოფთ და შესაბამისად შენ და შენს მომხიბვლელ საყვარელს , უკვე ერთად მოგიწევთ საერთო ბუდის მოძებნა , მაგრამ ამ ვითარებიდანაც შეიძლება დადებითი დასკვნების გამოტანა:- სამაგიეროდ აღარ მოგიწევთ მალულად უბან- უბან სიარული და ჩუმი პაემნები,შეგიძლიათ მშვიდად და ყოველგვარი შიშის გარეშე დატკბეთ ერთმანეთთან სიახლოვით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. -გოგონი თქვენ მუშაობთ ? მივუბრუნდი უცებ ჩემი ქმრის საყვარელს... ქალი გაშრა, ხმა ვერ ამოიღო და რაღაც გაუგებრად ჩაილუღლუღა. -არა უბრალოდ თქვენი გაფრთხილება მინდოდა : რადგან ოფიციალურად გადმოგილოცეთ ჩემი ძვირფასი მეუღლე, მინდა ისიც ავღნიშნო, რომ მას ასევე მოჰყვება ბანკის საკმაოდ სოლიდური ვალები ,რომელსაც ჩვენ ორნი მეგობრულად ვინაწილებდით და რომლის განაწილებაც ახლა უკვე სავარაუდოდ თქვენ ორს მოგიწევთ.გარდა ამისა ამ სიმპათიურ მამაკაცს - როგორც ქმარს რათქმაუნდა უბრძოლველად გითმობთ ,მაგრამ როგორც ჩვენი საერთო შვილების მამას , მას არ ეხსნება ვალდებულება საკუთარ შვილებზე ზრუნვისა , ასე რომ ცოტას ალბათ კიდევ გაიჭირვებთ და ალიმენტის გადასახდელადაც გამონახავთ სახსრებს. ეს ყველაფერი ისეთი მშვიდი -გაწონასწორებული ხმით წარმოვთვი,რომ საკუთარი თავი და ხმაც კი მეუცხოვა , დღემდე ვერაფრით ვხვდები , საიდან და რა გზით დამეუფლა იმ მომენტში ასეთი ცივსისხლიანი სიმშვიდე. მერე მშვიდად გამოვაღე მანქანის კარები, გადმოვედი და მსუბუქი ხელის მოძრაობით თითქმის უხმოდ მივხურე.თავდაჯერებული იერით , მხრებგამართულმა მივაღწიე მოსახვევს და ისე გავეცალე იმ ავბედით ქუჩას, ზემოთ აღარც გამიხედავს. ტროტუარზე მოსიარულემ მაღაზიის შუშის დიდ ფანჯარაში საკუთარ გამოსახულებას გავაყოლე თვალი,და რაღაცნაირი შვებამოგვრილი სიამოვნებით გავიფიქრე: -ამის დედა ვატირე ,მეც თურმე რა მაგრად მიხდება ტანზე მომდგარი კაბა, აწი აღარასოდეს დავიზარებ საკუთარი თავისთვის კაბების დაუთოვებას....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი