როგორ გადავარჩინე შემთხვევით ერთი ოჯახი დანგრევას
შაბათი დღის მოღრუბლული შუადღე იდგა, სამსახურში წასვლა არ მიწევდა ,ამინდიც უჟმური დაემთხვა და გვიან ავდექი . რადგან საუზმე გამოვტოვე, სადილისთვის საგრძნობლად მომშივდა და გამახსენდა რომ მაცივარში სოფლის ვარია მედო ,გადავწვიტე ეს უღიმღამო დღე ცოტა მაინც შემელამაზებინა ვარიის შეწვას შევუდექი. ის-ის იყო დაბრაწული ვარია თეფშზე გადმოვიტანე და სუფრასთან მივიტანე , რომ უეცრად მობილურზე უცნბი ნომრიდან ზარი შემოვიდა: -ალო , მოახლოებული განცხრომის დროებით გადადების გამო უკმაყოფილოდ ჩავძახე ყურმილს პასუხი არ ისმოდა ,ყურმილის მეორე მხარეს არ ჩქარობდნენ -გისმენთ - უკვე აშკარად უკმაყოფილო ტონით გავიმეორე , და ხელი წითელი ღილაკისკენ წავიღე ,როცა მოულოდნელად ახალგაზრდა ქალის ხმა გაისმა: - ქალბატონო მინდა შეგატყობინოთ რომ თქვენი ქმარი გღალატობთ.... - უკაცრავად... გაოცებული უფრო კი დაბნეული ხმით ჩავეკითხე ყურმილს , იმ უბრალო მიზეზის გამო , რომ ქმარი არ მყავს და არც არასდროს მყოლია. - იცით რომ თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავს ? კითხვაზე კითვით მიპასუხა ახალგაზრდა ქალის ხმამ . ჯერ იყო და დავაპირე მეთქვა ,ნომერი შეგეშალა მეთქი , მაგრამ უცებ გავიფიქრე... იქნებ ცოტათი გავერთო ,მაინც დღეს ხომ არაფერი საქმე არ მაქვს და გადაწყვეტილება სწრაფად შევცვალე - ვიცი ...მტკიცე ხმით ვუპასუხე მე და მოხერხებულად მოვკალათდი სუფრასთან - მერე ? - ჩამეკითხა ქალის ხმა - რა მერე ? - ახლა მე ჩავეკითხე და დედას მომზადებული ტყემლის ბოთლი საგულდაგულოდ შევანჟღრიე. - იცით და ასე მშვიდად მპასუხობთ? - აბა რა გავაკეთო , ვიტირო ? ვუპასუხე და ქათამს მეჯი ავახლიჩე - რას აკეთებთ დაბნეული ხმით იკითხა ახალგაზრდა ქალმა. - მეჯს მივირთმევ , უპასუხე მე და ტყემალში ჩაწობილ ხორცის ნაჭერს კბილი გავკარი. - ვის მეჯს ? - უფრო დაბნეულად იკითხა ყურმილს მიღმა ქალის ხმამ - თქვენი წინამორბედის , ბოროტად ჩავიცინე მე გამოტენილი პირით. კავშირი უმალ გაწყდა .... მე მხიარულად ჩავიფრუტუნე და ხასიათგამოსწორებულმა აუჩქარებლად დავასრულე ტრაპეზი , რასაც სიამოვნებით დავაყოლე სოფლიდან დედაჩემისვე გამოგზავნილი ატმის კომპოტი. სუფრის ალაგება არ მქონდა დასრულებული რომ მობილური კვლავ აზუზუნდა . - მეხუმრეთ ხომ ? კითხვით მომმართა ქალის განაწყენებულმა ხმამ - კიდევ ერთხელ კაი გამარჯობა თქვენი ქალბატონო საყვარელო , უკვე გამახარა ნაცნობი ხმის კვლავ გაგონებამ. - ერთი მითხარით რატომ არ გაქვთ არანაირი რეაქცია ? რატომ არ ტირიხართ , არ ყვირიხართ , არ მლანძღავთ ,მე ხომ ეს ესაა გამოგიცხადეთ რომ თქვენი ქმრის საყვარელი ვარ ? - და რატომ უნდა ვიტირო ან ვიკივლო ? ძალით დაარხეინებული ხმით ჩავეკითხე - რავიცი როგორც წესი , ნორმალურ ცოლებს ასეთი რეაქცია აქვთ ხოლმე. აღშფოთდა ჩემი ,,ახლადგამომცხვარი „ ქმრის საყვარელი - და იქნებ სულაც არ ვარ ნორმალური ? ცოტა გავურთულე ახალგაზრდა ქალს საქმე - წავიდეს თუ წავა , არ მაინტერესებს . პატეთიკურად წარმოვთქვი მერე და ძლივს შევიკავე ფრუტუნი - ანუ უშვებთ ? - იმედშეპარული ხმით წარმოთქვა ქალბატონმა - და როდის ვაკავებდი რო ? - ვუპასუხე გაოცებული ტონით - რავიცი .... დაიბნა მოსაუბრე - ხოდა არც მე ვიცი.... უფრო მეტი გაურკვევლობა შევძინე საუბარს - ქალბატონო სულ ნუ ამიბნიეთ თავგზა , გამკაცრდა ხმა ყურმილის მეორე მხარეს -გამარკვიეთ ბოლოს და ბოლოს , უშვებთ ოთოს ჩემთან თუ არა ? - წაიყვანეთ - გავიღე მე დიდსულოვანი ჟესტი , ოღონდ ერთი პირობით : - რა პირობით ? დაიძაბა ხმა - ონისე ,ოსკარი , ოტო და ოლიკოც უნდა გამოვატანო -აზარტში შესულმა ჩამოვუთვალე იმ წამს პირზე მომდგარი სახელები. - ეგენი ვინღა არიან ? გაისმა ყურმილს მიღმა გაოგნებული ხმა - ძაღლი ,კატა,თუთიყუში და ხვლიკი . გამოიცანით ხვლიკს სად სძინავს ხოლმე ... საკონტროლო გასროლა მოვახდინე და უკვე მართლა ძალიან გამიჭირდა რომ არ გადამეხარხარა. რამდენიმე წამით დუმილი ჩამოვარდა ,ეტყობა გაგონილის გადახარშვას ცდილობდა, მერე გაუბედავად წამოიკნავლა - და, და რატომ იწყება ყველა სახელი ო ზე ? - თქვენს საყვარელს კითხეთ - მოუჭერი მკაცრად , მაგან შეურჩია ყველას... ასე გამოაცხადა: რადგან მე ოთარი მქვია - ჩემს ოჯახში ყველას და ყველაფრის სახელი ოზე უნდა იწყებოდეს . - - ხო მეც ეტყობა ამიტომ მეძახის ოქროს თევზს, გააკეთა ახალი აღმოჩენა დაეჭვებულმა ხმამ - - აი ხომ ხედავთ - გამარჯვებული ტონით ჩავეჭერი, თან გულში სიხარულით ვზეიმობდი ამ დამთხვევას - ეგ კი არადა ნივთებსაც გადაუკეთა სახელები , ოვზი, ოგიდა ,ოლევიზორი,ოვარძელი.... - -და თქვენ რომ ირინა გქვიათ ? მადლი მოისხა ხმამ და გამაწყვეტინა საყოფაცხოვრებო ნივთების უსასრულო სიის ჩამოთვლა - დიახ ირინა მქვია - დავეთანხმე მე რომელიც სინამდვილეში ნატა ვარ , მაგრამ იცით რას მეძახის თქვენი საყვარელი ? დავაინტრიგე - რას ? თითქმის ჩურჩულით იკითხა - წამით გადავავლე გონების თვალი ო ზე დაწყებულ სახელებს და პირველვე რაც მომადგა ენაზე ამაყად წამოვაყრანტალე - ოფელიას - და რატომ მაინცდამაინც ოფელიას ? დაინტერესდა ისევ ახალგაზრდა ქალბატონის ხმა - მმმ... ჩავფიქრდი , უცებ შექსპირის ჰამლეტი გამახსენდა - რავიცი , ალბათ იმიტომ რომ მონასტრიდან წამომიყვანა.... - მივხვდი რომ ეს უკვე პიკი იყო , რადგან ყურმილს მიღმა ჯერ მძიმე ქშენა გაისმა , ქშენას ქალის გამყინავი კივილი მოჰყვა... - იცით რა ქალბატონო ? მგონი თქვენ ყველანი შეშლილების ოჯახი ხართ ოთოს თამადობით .... არ მჭირდება არც თქვენი ოთო და არც ეგ თქვენი კატები, თაგვები და ხვლიკები... ისევ თქვენა გყავდეთ , ერთმანეთს ძალიან უხდებით , ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო თქვენზეა ზუსტად ნათქვამი . იმ ვაჟბატონს კიდევ უთხარით, რომ აღარ გაბედოს ჩემთან არამც თუ მოსვლა დარეკვაც კი ... და ტელეფონში წყვეტილი ზუმერი გაისმა.... აი ასე გადავარჩინე ერთ ჩვეულებრივ უქმე დღეს რომელიღაც ოჯახი დანგრევას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი