ზღვიდან ას მეტრში


ფანჯრის მიღმა ბინდდებოდა, მაისის საღამო ქალაქს ჩვეულებრივზე ცოტა უფრო გვიან ეუფლებოდა . მაიამ ხელის ნელი მოძრაობით გაწმინდა სამზარეულოს ძველ ფილაზე მიშხეფებული იმ მდუღარე ვახშმის   წვეთები ,რომელიც გაზქურაზე შემოდგმული თუხთუხებდა და ცეცხლს საგრძნობლად დაუწია. ის უყურებდა ძველ - ჯერ კიდევ საბჭოთა წყობის დროინდელ დაბზარულ და გახუნებულ ფილებს სამზარეულოს კედლებზე და თავისთვის ფიქრობდა:
-თვრამეტი წელი , თვრამეტი წელია რაც ამ ოჯახში ვარ და ვუყურებ ამ ჩამოჟამებულ კედელს , რომლის ფილებიც ვერა და ვერ შევცვალეთ... ვერა და ვერ ვაღირსეთ გაახლება ...
მაიი სად დაიკაგრე - გაისმა დედამთილის ხმა გვერდითა ოთახიდან -  როდის მაჭმევ ბოლოსდაბოლოს ?
-როცა ვახშამი გამზადდება - უნდოდა მიეხალა მაიას , მაგრამ პირზე მომდგარი სიტყვა უკან ჩაიბრუნა , მიხვდა რომ მაგისი თქმის თავიც არ ქონდა ( უფროსწორად იმის რაც ამ ფრაზის  თქმას მოყვებოდა ) სამსახურში სადაც ბუღალტრად მუშაობდა,  დეკლარაციების ჩაბარების რთული და დამღლელი  დღე ჰქონდა , გრძნობდა რომ ფეხზე ძლივს იდგა , თავი საშინლად გაბრუებოდა და  8 საათიანი განუწყვეტელი მუშაობისგან მისავათებულს , თვალწინ  ციფრებით გადაჭედილი  უზარმაზარი მონიტორი უციმციმებდა .
ამიტომ ნაცვლად იმისა რისი თქმაც უნდოდა ,  წარმოთქვა  მხოლოდ ერთი სიტყვა :
-მალე ...  და ქვაბის კედელს კოვზით კარტოფილის  ნაჭერი მიაჭყლიტა იმის  შესამოწმებლად, თუ რამდენად ეკლდა კიდევ მოხარშვა.
-მაშინ ჩაი მაინც დამალევინე მანამდე , პეჩენიაც დამიდე თეშზე , თორე შენ რომ გელოდო სული ამომხდება შიმშილით
გაისმა ისევ მეზობელი ოთახიდან დედამთილის ხრინწიანი ხმა 
-ახლავე , გასძახა მაიამ და ჩაიდანი შემოდგა.
წყალი მალე ადუღდა , მაიამ დედამთილს ჩაი დაუყენა და მუქი  ლერწმის შაქრით დაუტკბო ,რომელიც სპეციალურად მისთვის იყო განკუთვნილი  და სხვას არავის ჰქონდა უფლება მიჰკარებოდა ... სადღაც ამოეკითხა დედამთილს რომ ყავისფერი შქარი უფრო სასარგებლოა ვიდრე თეთრი და მას შემდეგ ოჯახისწევრებს გამოუცხადა ,რომ მხოლოდ ამ შაქრის მოხმარება სურდა. 
-მე ავადმყოფი ქალი ვარ ... თავს თუ არ მოვუფრთილდი დროზე ადრე გამისტუმრებთ სამარეში. იმართლებდა თავს  ქალბატონი ოლღა ,ყოველი ამდაგვარი ახირების გაყვანის მიზნით.
მაიაც ყიდულობდა -ეს შაქარი სუპერმარკეტებში  ერთი იმდენით მეტი ღირდა ვიდრე ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც ყიდულობდა ყოველ ხელფასის აღებისას სხვა პროდუქტებთან ერთად , ისევე როგორც ყიდულობდა  წამლებს ,  ვასკვლავის მალამოს , ქაფურ სპირტს( რომლითაც  ქალბატონი ოლღა სხეულის თითქმის ყველა ნაწილს იზელდა , მიუხედავად იმისა სტკიოდა თუ არა რამე და მის  ოთახში გამუდმებით ამ სპირტის საზარელი სუნი იდგა , ეს სუნი სახლის სხვა ნაწილებშიც საგრძნობლად აღწევდა)   ვაზელინს , პიტნის კამფეტებს( რომელიც  თავად სძულდა),  მაინცდამაინც ბერგამოტის ჩაის და მაინცდამაინც ბავშვის საპონს (რადგან სხვა საპნის მოხმარებაზე  დედამთილი კატეგორიულ უარს აცხადებდა )
შემოსასვლელი კარის მკვეთრი მოჯახუნების ხმა მოესმა...  ეს ალბათ სანდროა -გაიფიქრა  და შემოსასვლელისკენ გაიხედა , თხუტმეტი წლის სანდრომ ბოტასები ზონრების შეუხსნელად გაიძრო , ზურგჩანთა დაუდევრად მიაგდო და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი...
სანდრო არ შეჭამ ? წვნიანი თითქმის მზადაა გასძახა მაიამ შვილს 
-	არ მინდა ,  ნუ შემიჭამე ტვინი ამ წვნიანებით , ამოვიდა უკვე ყელში სულ ერთიდაიგივე- შეუღრინა დედას და კარს მიღმა გაუჩინარდა .
-ისევ ცუდ გუნებაზე დაბრუნდა - გაიფიქრა მაიამ - ამ ბოლო დროს სულ იღრინება, ნორმალურად აღარც მელაპარაკება , სულ გამიუცხოვდა ,  გარდატეხის ასაკს დავაბრალო  ? ვინ იცის რა უჭირს ,მე კი ამ სამსახურსა და სახლს შორის ქრონიკულად გაჩხერილს ვერაფერი შემიმჩნევია, ვინ იცის როგორ ვჭირდები სწორედ ახლა , ამ მომენტში ...  აბა მე რა დედა ვარ , დანაშაულის გრძნობამ  გულმუცელი აუწვა მაიას 
- თუ წვნიანი არ გინდა მითხარი რას შეჭამ და მოგიმზადებ ... ვერ მოისვენა და ოთახის კარი შეუღო შვილს.
-  შემეშვი ,ახლა  არაფერი მინდა , მერე ბუტერბროდს შევჭამ ,ზურგი შეაქცია ყურსასმენებჩამოცმულმა სანდრომ დედას და საწოლის მეორე მხარეს გადაბრუნდა..
აი ასე უღიმღამოდ გადიოდა დღეები ,, შემეშვის“ და ,, ყელში ამოვიდას“  ,
დაღლილობასა და გაღიზიანებებს შორის...
მობილურმა დაიწრიპინა ... ქმრის სმს -ი
-დამაგვიანდება არ მელოდო
მაიამ თვალებზე აიფარა ხელები ... - ეს უკვე მესამედ ხდება ამ ერთი კვირის მანძილზე , გაიფიქრა და საწოლი ოთახისკენ აითრია ფეხი.
უკვე ყველას ეძინა , სანდროსაც , დედამთილის ხვრინვაც კი აღწევდა მეზობელი ოთახის კედლებიდან , მაია კი  გაშეშებული იწვა , ჭერს მიშტერებული გახელილი თვალებით , ძილი არ მიჰკარებია , თავზე თეთრად დაათენდა, ზაზა მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა.
-ალბათ ისევ იმასთანაა  იმ ავტოსერვისის სადაც მუშაობს ,ახალ  ,,კლიენტთან,, ნათიასთან , რომელიც წარამარა ურეკავს ხოლმე საკუთარი ავტომანქანის ,,პირად; ხელოსანს   და გამუდმებით რჩევებს იღებს  თუ როგორ მოუაროს მას .
მაია აღარც კი ეკითხებოდა  ქმარს აღარაფერს , უბრალოდ აღარ უნდოდა , ძალაც აღარ შესწევდა ან უბრალოდ  ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა მისთვის ვინ იცის ?
დილის 6 საათია. მაია აბაზანაში კედელს მიყრდნობილი თანდათან ცურდება იატაკისკენ ,ნოხზე . პირზე ხელს იფარებს და მოგუდული ხმით ქვითინებს , წყალი ონკანში ბოლომდეა მოშვებული ,რომ მისმა მოთქმამ შინაურები არ შეაწუხოს... 
ძველი ხერხია -წლების მანძილზე გამომუშავებული და უტყუარი.
 -ოცდაცხრამეტის ხარ მაია , რა ჯანდაბა გაღრიალებს სკოლის მოწაფესავით -
ეკითხება თავის თავს მაია და კარის გასაღების ჩხაკუნი ესმის - ზაზა დაბრუნდა.
ახლა შევა მისაღებ ოთახში, დაწვება დივანზე და მშვიდად დაიძინებს ,  სადაც  უკვე  ორი წელი იქნება რაც  გადაინაცვლეს , რადგან მათი საწოლი  ოთახი დედამთილმა დაიკავა როცა  მათთან გადმოვიდა საცხოვრებლად რაიონიდან ფეხის მოტეხვის შემდეგ 
-	მე აქ უფრო მოხერხებულად ვიქნები ვიდრე მისაღებში - განაცხადა მან  და  როგორც სჩანს სამუდამოდ მოახდინა ცოლ -ქმრის საწოლი ოთახის ოკუპაცია.
დივანზე წოლა 2 ადამიანისთვის არც ისე კომფორტული აღმოჩნდა მითუმეტეს თუ ეს ორი ადამიანი უკვე საკმაოდ გაუცხოვებულია ერთმანეთის მიმართ და მაიამ ნელ ნელა გადაინაცვლა შვილის ოთახში , სადაც გასაშლელ საწოლზე იძინებს ხოლმე .
სანდრო  უკვე ისეთ ასაკშია,მაინცდამაინც არ სიამოვნებს დედა რომ მის პირდ სივრცეში იჭრება,იღრინება ,ჯუჯღუნებს , მაგრამ ჯერ კიდევ ითმენს . ის ერთადერთი ადამიანია ვინც ჯერ კიდევ ითმენს მაიას ამ სახლში .
 მეორე დღეს სამსახურში შესვენების შემდეგ მაია უფროსმა  გამოიძახა თავის კაბინეტში
მაია შიშმა აიტანა ,სანამ  იგი დერეფანში მიაბიჯებდა , გულში ყველა იმ შესაძლო შეცდომაზე ფიქრობდა ,რაც ანგარიშებში შეიძლებოდა რომ დაეშვა. ბოლო თვე ხომ ის თავს ისე გრძნობდა თითქოს  ბურუსში დაცურავდა  - უძილობა , დედამთილის უსასრულო კრიტიკა , ქმრის დუმილი ,  ბევრო რომ აღარ გავაგრძელოთ თავში სრული დომხალი ჰქონდა და სამსახურშიც მექანიკურად -ინერციით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს.
-	აშკარად რაღაც შეცდომა დავუშვი , აშკარად რაღაც უბედურებაა ჩემს თავს ... ტვინში ჩაქუჩივით ურტყავდა ეს ფრაზა მაიას მაშინაც კი , როცა დირექტორის კაბინეტის კარს აღებდა.
-	დაჯექი მაია , მიუთითა დირექრორმა მისი მაგიდის წინ მდებარე სკამზე და სათვალის  ზემოდან  გადმოხედა.
მაია სკამის კიდეზე გაუბედავად ჩამოჯდა და ნერვიულად დაიწყო თითების მტვრევა.
- გუშინ როდესაც მე  გადავხედე შენს გაანგარიშებას საგადასახადო გამოქვითვის საკითხებზე , პირდაპირ გაოცებული დავრჩი , მაია მინდა პირადად დიდი მადლობა მოგიხადო ,შენ ჩვენი ფირმა იხსენი უდიდესი ჯარიმისგან , შენ რომ არ გეპოვა ის შეცდომა დოკუმენტებში ,ახლა ორასი ათასიანი ჯარიმა არ აგვცდებოდა.
მაია დაბნეული შესცქეროდა უფროსს, - რა შეცდომა ? ის ხომ უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა ? -კი მართალია  ზოგჯერ შუაღამისასაც მუშაობდა და 2-3 ჯერაც კი გადაუმოწმებია ერთი და იგივე რიცხვების  სისწორე , მაგრამ ამას ხომ იმიტომ აკეთებდა რომ უძილო ღამეები როგორმე გადაეგორებინა და არ ეფიქრა ოჯახზე,ქმარზე ,შეუმდგარ ცხოვრებაზე...
დირექტორმა  მაგიდის უჯრა გამოაღო და იქედან კონვერტი ამოიღო
-	აქ  შენი პატიოსანი შრომით დამსახურებული პრემიაა, სამი ათასი ლარი .
მაია თვალებს არ უჯერებდა , მექანიკურად ჩამოართვა კონვერტი და ისე დახედა თითქოს რაც ხელში ეკავა მას არ ეკუთვნოდა, თითქოს  სხვისი ნივთი მისცეს დროებით შესანახად .
-სადმე დასასვენებლად არ გაწყენდა წასვლა , შენ ხომ დიდი ხანია კუთვნილი შვებულება არ გამოგიყენებია ,  მოულოდნელად გაშინაურებული ტონით უთხრა დირექტორმა  და მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი , როდესაც კართან მიაცილა.
მაია დაამუნჯა ასეთმა მოულოდნელობამ . საზოგადოებრივ ავტობუსში მჯდარი ძლიერად იხუტებდა ჩანტას და მასში მოთავსებული კონვერტის სითბო თითქოს ხელისგულს უცხელებდა .
-სამი ათასი ლარი , ღმერთო ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი არა ?  ძლივს გასაგონი ხმით ჩურჩულებდა ის მთელი გზა სანამ ავტობუსიდან ჩამოვიდოდა.
ჩვეულებრისამებრ , როდესაც მაია გჩერებაზე ჩამოდიოდა ის მარცხნივ შეუხვევდა ხოლმე ,სადაც ეგულებოდა პროდუქტების მაღაზია შედარებით იაფი ფასებით , მაგრამ ამჯერად მან გაუთვითცნობიერებლად მარჯვნივ აიღო გეზი და მიადგა შენობას რომელსაც გამოკრული ქონდა აბრა სახელწოდებით : ,, იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად „  მაია დაახლოებით 5 წუთი გაუნძრევლად იდგა ამ შენობის შუშის ვიტრინის წინ და შეჰყურებდა მასზე გამოსახულ ზღვის პეიზაჟს , მზიანსა და სავსეს ხალისიანი ფერებით , რომელიც სრულებით არ გავდა მაისის ამ უჟმური , წვიმიანი და ნაცრისფერი დღის ფერებს.
შიგნით შესულს ყავის და სურნელოვანი ყვავილების  ნაზი , სასიამოვნო სუნი ეცა...  ახალგაზრდა ქალიშვილმა, რომელიც საწერ მაგიდას მისჯდომოდა , აუჩქარებლად გადაიტანა კომპიუტერის მონიტორიდან მაიას სახეზე  მზერა და თბილი ღიმილით მიმართა  :
-რით შემიძლია დაგეხმაროთ ?
-მე, მე უბრალოდ დათვალიერება მინდა , თავი უხერხულად იგრძნო მაიამ ,  თითქოს იქ ყოფნის  არანაირი უფლება არ ჰქონდა.
-დაბრძანდით , მიუთითა გოგონამ სკამზე , თქვენ რომელიმე კონკრეტული მიმართულება გაინტერესებთ , თუ მე თავად მომცემთ უფლებას გირჩიოთ თქვენთვის მისაღები ვარიანტები ?
-მაია ჩაბღუჯული ჩანთით მდუმარედ ,დაძაბული იჯდა სკამზე , მერე უეცრად აღმოხდა :
-ზღვაზე , მე ზღვაზე მინდა , შორს ,მარტოს , სრულიად მარტოს .
რაღაც დროის მანძილზე ისინი განიხილავდნენ ვარიანტებს : ანტალია, ბელეკი, ალანია, კემერი, სიდე.
მაია არაფრის გაგებაში არ იყო , ამ სახელწოდებებიდან არც ერთი არ ეუბნებოდა რაიმე არსებულს ,  მის წარმოდგენაში ყველა სახელი ერთ დიდ მთლიანობას- ზღვას ერწყმოდა და ეს იყო მისთვის იმ მომენტში ყველაზე მთავარი.
-	რვა დღე დაგიჯდებათ ორიათას ცხრაას სამოცდათუთმეტი ლარი ,  დააჯამა ბოლოს გოგონამ ერთ- ერთი ეკონომ ვარიანტი , რომელშიც შედიოდა ერთადგილიანი ნომერი ზედ ზღვის პირას
-	ყველაზე კარგი ისაა რომ თქვენი სასტუმრო ზღვიდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს, ჩათვალეთ გამოხვედით თუ არა ზღვაზე ხართ  , ხო ასევე სერვისში  კვებაც შედის , დასძინა გოგონამ და კითხვით სავსე თვალებით შეაჩერდა მაიას .
-	მაია შიშით შეეხო ჩანთას სადაც კონვერტი იდო .
-	თითქმის მთლიანი თანხაა , არაფერზე არ მრჩება არც სანდროს ბოტასებზე , არც  ქმრის ახალ საპარსზე, დედამთილის წამლებზეც კი , გაიფიქრა სევდიანად მაიამ , მაგრამ იხტიბარი აღარ გაიტეხა და გოგონას კითხა:
-	როდის შეიძლება გამგზავრება ?
-	3 კვირაში შეგიძლიათ გაემგზავროთ  , ივნისის დასაწყისი უწევს და ზუსტად მაშინ იწყება მშვენიერი სეზონი.
მაიამ წამით თვალები მოხუჭა , წარმოიდგინა ფირუზისფერი ცა, ხაჩხაჩა მზე და ზურმუხტის სანაპირო , არავის დაუძახებს სადაა ჩემი სადილი , არავინ  შეუღრენს სიტყვებით  ,,შემეშვი“ , არავინ მისწერს „ამაღამ დამაგვიანდება“ . იქნება მხოლოდ ცა , ზღვა, მზე და თავად მაია .
-	გამიფორმე საგზური , ვყიდულობ... მტკიცე ხმით მიმართა მაიამ გოგონას და ჩანთიდან კონვერტი ამოაცურა .
საგზური მაიამ კარადაში დეკეცილ -დაუთოვებულ თეთრეულის დასტის შუაში დამალა . იმ სამი კვირის მანძილზე მაია  ისე გრძნიბდა თავს როგორც სიმზმარში,  მიუხედავად იმისა რომ ისევ ჩვეულებრივ ცხოვრობდა და იქცეოდა, დადიოდა სამსახურში , ალაგებდა , ამზადებდა ,რეცხავდა -მას შიგნიდან რაღაც ახალი ,ძალიან უცხო და უჩვეულო გრძნობა ნელ -ნელა უფრო მეტად ეუფლებოდა . თავადაც ვერ გაეგო ეს ახალი გრძნობა რას იწვევდა მასში სიხარულს თუ შიშს ან იქნებ ცოტ -ტოტა ორივეს ერთად ?
ეჩვენებოდა თითქოს შინაურები ხვდებოდნენ რომ მასში რაღაც ცვლილებები მიმდინარეობდა  , მაგრამ ხმა არავის ამოუღია , დედამთილი ისევ ჯუჯღუნებდა , სანდრო ისევ ისე უღრენდა და ზაზაც ისევ ჩვეულებრისამებრ იგვიანებდა ხან  კი სულაც არ მოდიოდა ხოლმე სამსახურის დასრულების  შემდეგ .
გამგზავრებას 3 დღე აკლდა როცა მაიამ მზადება დაიწყო , გამოიღო ათიოდე წლის წინ  ნაყიდი საცურაო კოსტიუმი,რამოდენიმე კაბა,  სანდლები , შარვალი , ერთი- ორი ზედა  და გაუხსნელი მზის დამცავი კრემი , რომელიც  ჯერ კიდევ შარშანწინ იყიდა ,როცა ბოლოსდაბოლოს ძლივს- ძლივს ვაი შავი დღით შეგროვებული ფულით როგორც იქნა გადაწყვიტეს წლების შემდეგ  დასასვენებლად გასვლა ქალაქიდან და ვერ განახორციელეს რადგან , დედამთილს ,,მოუოდნელად გულის შეტევა“ დაემართა  და ის შეგროვებული თანხა სულ მის გამოკვლევებს და ანალიზებს დასჭირდა ,ყველაზე პრესტიჟულ და ძვირიან კლინიკაში და  რის შედეგადაც დადგინდა ,რომ არავითარი გულის შეტევა არ ქონია
- და საერთოდაც , გამოუცხადა მაშინ ქალბატონ ოლღას ექიმმა - ანალიზებიც ბრწყინვალე გაქვთ და გულიც კაჟივით.ასე რომ კიდევ დიდხანს და ბედნიერედ იცხოვრებთ ,ფიქრი ნუ გაქვთო .
წინკარში გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა . მაია შეხტა , ღამის 2 საათი იყო და მაინცადამიც აღარც ქონდა იმედი რომ ზაზა დაბრუნდებოდა ...
-რას აკეთებ ?  ჰკითხა მაიას  კარებშივე  გაშეშებულომა ზაზამ ,როცა იგი ჩემოდნით ხელში იხილა
- ვემზადები 
-ვერ გავიგე სად ემზადები ? ზაზას დადარაჯებულ მზერას  დაეჭვების ნოტებიც შეერია.
-ზღვაზე მივდივარ  ერთი კვირით , დასასვენებლად, მარტო .... სიმართლის თქმა ამჯობინა მაიამ.
ისინი შეჰყურებდნენ ერთმანეთს , გაუცხოვებულნი,დაღლილნი, მრავალწლიანი თანაცხოვრებისას ერთმანეთიც რომ დაუკარგავთ და  რაღაც მნიშვნელოვანიც რომ გაუშვიათ ხელიდან , ის რაც ოჯახის სიმყარის, ოჯახის სიწმინდის საწინდარია. 
-სად ზღვაზე ,რას ბოდავ ქალო? მრისხანებაშერეული ხმით წამოიყვირა ზაზამ.
მაია აქამდე განუცდელმა სიმშვიდემ მოიცვა , სიმშვიდემ და რაღაცნაირმა სიმტკიცემ
-ხო პრემია მომცეს სამსახურში , ხოდა მეც გადავწყვიტე ეს თანხა ცხოვრებაში ერთხელ მაინც  საკუთარი თავისთვის მომეხმარებინა.
-პრემია მოგცეს და არაფერი მითხარი ?
-უნდა მეთქვა ? შეუბრუნა კითხვა მაიამ
-ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ , აუწია ტონს ზაზამ , მაჩვენე საგზური . მომთხოვნი ხმით გაუწოდა ხელი იმ იმედით რომ ,სინამდვილეში შეიძლება ეს მოგონილი საგზური არც არსებობდა, მაგრამ მაიამ თეთრეულის დასტიდან გამოაძრო საგზური და გაუწოდა ქმარს.
ზაზა კაი ხანს ჩაჰყურებდა ფურცელს თითქოს თვალებს არ უჯერებდა რასაც კითხულობდა , მერე ამოხედა საშინლად გაოცებული და გაწბილებული სახით და ჰკითხა 
-შენ რა მთელი ფული შენს თავს დაახარჯე ?
მაიას გაეღიმა და დაუდასტურა  - კი ,წარმოიდგინე მთელი ფული ჩემს თავს დავახარჯე 
-	მოიცა და ჩვენ ? კიდევ უფრო დაიბნა ზაზა
-	რა თქვენ , შენ  შენი ხელფასი გაქვს , დედაშენს საკუთარი პენსია , სანდროს მაინც არ უყვარს წვნიანები და კერძები ,ბუტერბროდებს  გაართმევს თავს და თავადაც მოიმზადებს , გაძლებთ ერთი კვირა როგორმე უჩემოდ.
ზაზას უჯცებ სახე წამოუწითლდა ,  ბრაზისგან ყვრიმალები დაებერა , საგზური ნაფლეთებად აქცია  და არაადამიანური ხმით დაიღრიალა
-ვერსადაც ვერ წახვალ , მომინდომა ქალბატონმა  დასვენება , 
-  დასასვენებლად მივდივარ , მარტო ...  სახედამანჭულმა წვრილი ხმით გამოაჯავრა 
- უყურე ერთი ამას , ამის სითავხედეს და სიძუნწეს დამიხედეთ , პრემია აიღო და ერთი სიტყვაც არ დასცდენია , ერთი პირით არ უკითხია იქნებ მეც რამე მინდა .
მაიას ის ბოლო მკრთალი იმედი გულის სიღრმეში რომ უკრთოდა და ფიქრობდა, იქნებ ქმარი გაგებით მოეკიდოს  მის ამ საქციელს , გაუცამტვერდა . თვრამეტი წელი ერთად არიან , ის კი მაიას გადაღლილობისაგან ჩაცვენილ თვალებზე , მის ჭაღარაშერეულ საფეთქლებზე , მის უკვე ღარებ- დამჩნეულ შუბლზე კი არა , მხოლოდდამხოლოდ ფულზე ფიქრობს.
-	მე ხვალ ამ ფურცელს თავიდან დავაბეჭდინებ  მშვიდად  წარმოთქვა მაიამ ეგ შენი გამოხტომები ვეღარაფერს შეცვლის , ხოლო რაც შეეხება სითავხედეს , თავხედი მე კი არა შენ ხარ ზაზა , საოცრად მშვიდი ხმით უპასუხა მაიამ , ვის გავხარ ასეთი      ,, ჭკვიანი „ დედიკოს ხომ არა ?  აბა რა გინდოდა შენ და შენი დედიკო დაპატრონებოდით ჩემს  პრემიას , ისე  როგორც ხელფასზე ხართ გადამჯდრები ?
-	შენ...შენ  სიტყვები აღარ ეყო ზაზას , მაიას საქციელის შესამკობად
-	ხო მე ,მე , მე ვარ ის , ვინც თვრამეტი წელია გივლით, გირეცხავთ ,გიმზადებთ , გიუთოვებთ და ამავდროულად ყოველდღე ვისმენ დედაშენის საყვედურებს, მე ვარ ის , ვინც სამი წელი ვაგროვებდი ფულს ,რომ შვებულებაში წავსულიყავით და მერე ის ფული შენი მანქანის რემონტს მოვახმარე, მე ვარ ის ვისაც წამოკიდებული მყავს კისერზე მთელი ოჯახი , სანამ შენ შენს ახალ კლიენტ ,, ნათიასთან ,, კოტრიალს უნდები .
-საიდან იცი ნათიაზე , ვინ გითხრა ?  გასცა საკუთარი თავი ზაზამ ისე, რომ ვერც კი მიხვდა .
მაიამ ნერვიულად გადაიხარხარა
-	შენ მართლა მხოლოდ ეგ გაღელვებს ხო ? საიდან გავიგე ნათიას ამბავი ? ის კი არა რომ  შენმა  დაღლილობისაგან გადავარდნაზე მყოფმა ცოლმა , მთელი თანაცხოვრების მანძილზე ერთადერთხელ გაიმეტა ფული საკუთარ თავს დასვენება მოუწყოს , არამედ ის ვინ მომიყვა ნათიას ამბავი ?
ოთახში პერანგისამარა , ნამძინარევი ქალბატონი ოლღა შემობანცალდა 
-	რა ამბავია რა გაღრიალებთ ? მერე რძალს შეხედა -  რით ვერ ისვენებ მაია ,ისევ ბურღავ ქმარს ხომ ?
-	დედა იცი ამ ქალბატონმა რა ჩაიდინა ?  ხუთი წლის ბავშვივით შესჩივლა ზაზამ დედამის , პრემია მიუციათ სამსახურში და არც კი გაგვაგებინა, მთელი ფული საგზურში მიაფშვიტა და ზღვაზე მიბრძანდება დასასვენებლად .
ქალბატონმა ოლღამ ხელები გაასავსავა , - სულ გადაირიე ქალო ? მე ვის სინაბარას მტოვებ ? წამლებს ვინ მომიტანს ? სადილს ვინ გაამზადებს ?

-თქვენი წამლები ქალბატონო ოლღა , ისევ იქ დევს სადაც გუშინ და გუშინწინ იდო ,თქვენს ტუმბოზე , ხოლო თუ შემთხვევით გაგითავდებათ ,  თქვენი შვილი გააგზავნეთ გიყიდით ან თავისი ხელფასით ან თქვენივე პენსიით.
-უსინდისო , წამოიკივლა ქ-ნმა ოლღამ , როგორ არ გრცხვენია ასე რომ მელაპარაკები ,მე ავადმყოფი ქალი ვარ.
-თქვენ ქალბატონო ოლღა , ჩემზე ჯანმრთელი ბრძანდებით ,  მიუბრუნდა მაია დედამთილს - თქვენი წნევა  ასოცი ოთხმოცზეა , მაშინ როცა მე ორასამდეც კი ამდის  ხოლმე ამ გაუსაძლისი ცხოვრების გამო.
-დედა რა ხდება , რა ამბავია აქ ? ახლა სანდრო შემოვიდა ,რომელსაც ასევე გაღვიძებოდა ხმაურზე და ვერ გაეგო რა ხდებოდა სამზარეულო ოთახში.
-დედაშენმა ... დაიწყო ბებიამისმა  , მაგრამ მაიამ სიტყვა გააწყვყეტინა
- მე მივდივარ ზღვაზე დასასვენებლად, მარტო... სამსახურში პრემია მომცეს , ხოდა მეც ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე წავიდე და დავისვენო.
- შენ , ზღვაზე ? გაოცდა სანდრრო
- ხო შენწარმოიდგინე მე , ზღვაზე  დასასვენებლად -დაუმოწმა ისევ მაიამ
- მაგან ოჯახს ფული მოპარა ,,, ჩაეჭრა საუბარში ზაზა , ვერსადაც ვერ წავა , მე ამას არ დაუშვებ, ხვალე წახვალ , გააუქმებ მგზავრობას  და მოითხოვ თანხის უკან დაბრუნებას .
 -ოჯახს ფული მოვპარე ? რომელი ფული ზაზა ? რომელსაც შენ მთელი ცხოვრება შენად თვლიდი ხომ ?  ეს ჩემი ფული იყო , ჩემი თავგამოდებული შრომის , ჩემს მიერ გატეხილი ღამეების , ჯილდო- ჩემს მიერ კარგად  შესრულებული სამუშაოსთვის .
-მერე რა , ჩვენ ხომ ოჯახი ვართ ? ამიტომ ყველაფერი საერთო უნდა გვქონდეს . გადავიდა ისევ ყვირილზე ზაზა
 -ჩემს ხელფასს მუდამ ეწოდებოდა  ,,  ჩვენი ‘’  განაგრძო მაიამ , მაშინ როცა შენი ხელფასი მარტო შენი იყო მუდამ და მაგისიც - თავი გაიქნია დედამთილისკენ მაიამ - მარტო თავისი. მე ჩემი ხელფასით ვყიდულობ პროდუქტებს , ვიხდი კომუნალურებს, ბავშვის მასწავლებლების ფულს , წამლებასც კი მე ვყიდულობ დედაშენისთვის , მაშინ როცა შენს , შენს ხელფასს  საბჯურავების შეცვლას , მეგობრებთან რესტორნებსა და ბარებში ქეიფს და მაიასთან პაემნისთვის სასტუმროს ნომრების დაჯავშნას ახარჯებ.
- მოკეტე , დაიღრიალა ზაზამ და თვალი სანდროსკენ გააპარა
- ვეღარ გამაჩუმებ , აღარ ვაპირებ საყვედურების მოსმენას არც  შენგან და არც თქვენგან ქალბატონო ოლღა , მიუბრუნდა ისევ დედამთილს მაია
- ერთი ის მითხარით რას უშვებით თქვენს პენსიას ? რატომ თქვენი პენსიაც არაა    ,, ჩვენი“ ისევე როგორც ჩემი ხელფასი ?
- მე ,მე ,დაიბნა უცებ დედამთილი , მე ჩემს პენსიას ჩემს დასამარხად ვაგროვებ , ეგ ჩემი დასამარხი ფულია , როცა მოვკვდები ისევ  თქვენ არ  შეგეშველებათ ? ეგეც ხომ შეღავათია ოჯახისთვის?  
- ქალბატონო ოლღა ამქვეყნად დაუმარხავი ჯერ არავინ დარჩენილა , თქვენც დაგმარხავთ როგორმე ნუ ნერვიულობთ, მიწის ზევით არ დაგტოვებთ .  მანამდე კი ცხოვრება გვინდა და არსებობა , და ცუდი არ იქნებოდა რომ თქვენსავე წამლებზე და კაპრიზებზე მაინც იხარჯებოდეს ეგ თქვენი პენსია . მითუმეტეს რომ კარგად ვიცი კაპიკიც არ გაქვთ გადადებული და რომ  თქვენს ქალიშვილს უგზავნით ყოველთვიურად ბანკის სესხის დასაფარად.
- ოლღას ნაცრისფერმა გადაჰკრა სახეზე , ხმა კი ვეღარ ამოიღო და თავისი ოთახისკენ დემონსტაციულად გაეშურა , მერე ძლიერად მიიჯახუნა კარი და მეორე დღემდე აღარ გამოჩენილა.

-	ვერსადაც ვერ წახვალ მეთქი , ჩაერთო კამათში ისევ ზაზა , კატეგორიულად მოვითხოვ , ხვალვე წახვიდე იმ ტურისტულ სააგენტოში და გამოითხოვო თანხა უკან ...
-	მამა დაანებე დედას თავი , წავიდეს რას ერჩი , თავისი ფულია და უფლება აქვს როგორც თავად მოისურვებს ისე მოიხმაროს ... სიტყვა  გააწყვეტინა სანდრომ მამას. 
მერე თბილად შეხედა დედას და ახლა მას მიმართა :
-	წადი დედა კარგად დაისვენე , გაერთე და ცოტა სული მოითქვი , ნამდვილად არ გაწყენს დასვენება .
 მაია ყველაფერს მოელოდა სანდროს გამოქომაგების  გარდა , გაოცებულმა შეხედა შვილს , თითქოს ყურებს არ უჯერებდა , ეს მართლა სანდრომ თქვა თუ მოესმა ?
-	შენც ამის მხარეს გადახვედი შე ლაწირაკო ? შეუღინა სანდროს გაწბილებულმა ზაზამ ,  მერე ნირწამხდარმა  ორივეს გემრიელად შეუკურთხა - ერთი თქვენი დედაც ... და ოთახიდან გველნაკმენივით გავარდა ...
-	იმ ღამით  მაიას არ უძინია , საწოლში თვალხილული ისევ ჭერს მისშტერებოდა , მაგრამ ამჯერად ბედნიერი იყო , ბედნიერი იმით რომ საკუთარი ინტერესების დაცვა შესძლო და იმითაც, რომ შვილმა არ გაწირა , შვილმა გაუგო და მიემხრო.
-	ახლა უკვე ზუსტად  ვიცი , რომ სწორად მოვიქეცი - ფიქრობდა ძილგატეხილი მაია , ახლა მივხვდი თუ რატომ მეუხეშებოდა სანდრო გამუდმებით , ეს იყო ერთგავრი პროტესტი მისი მხრიდან ჩემს უნიათობაზე , ჩემს შემგუებლობაზე , მე ხომ მის თვალში პატივისცემა დაკარგული  ვიყავი  , რადგან უსიტყვო და სუსტი ნებისყოფის ადამიანებს პატივს  არ სცემენ- მათით მხოლოდ სარგებლობენ. მშობლებმა უპირობოდ  ბოლომდე კი  არ უნდა გადადონ თავი შვილებისთვის და ოჯახისწევრებისთვის , არამედ თავისი თავის მეობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნონ. არ უნდა გაითქვიფნენ საყვარელი ადამიანების სურვილებსა და მოთხოვნილებებში და არ უნდა აქციონ ეს სურვილები თავისად. რათქმაუნდა მათ უნდა მისცენ შვილებს ყველაფერი აუცილებელი, იზრუნონ მათზე , გაზარდონ , გამოკვებონ, მხარი დაუჭირონ , მაგრამ პირველ ყოვლისა მათ უნდა აჩვენონ საკუთარი მაგალითით , თუ როგორია სწორად ცხოვრება.
       სანდრო  კი  რას ხედავს წლების მანძილზე ამ ოჯახში ? ერთის მხრივ  იგი ხედავს  საკუთარი მამის და ბებიის ეგოიზმს, სიცრუეს, ეშმაკობებს ,ხოლო მეორეს მხრივ  დედის დაღლილობას , უსასრულო თმენას , დამცირების ატანას ...ნუთუ ეს არის კარგი ოჯახის მაგალითი მისთვის ?  ნუთუ იგი შეძლებს ასეთ პირობებში გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს ღირსეულ ,ოჯახის დამცველ და ოჯახზე მზრუნველ მამაკაცად ?
რათქმაუნდა არა - თუ ასე გავაგრძელე, სანდრო გაიზრდება ზუსტად ისეთ უსინდისო, ადამიანების სათავისოდ გამომყენებელ  კაცად , როგორიც მამისია , არასოდეს არ სცემს პატივს ცოლს და არ აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ოჯახზე ... მე კი არ მინდა რომ ჩემი შვილი ასეთ ადამიანად ჩამოყალიბდეს. დღეს მე დავინახე რომ მასში არის ის მარცვალი , რომელიც საშუალებას მისცემს  ღირსეულ მამაკაცად ჩამოყალიბდეს , მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ მე მოვიქცე სწორად.
მე დღეს მივხვდი რომ სანდროს პატივისცემა დავიბრუნე,რადგან შევძელი და  ვაჩვენე მას ,რომ პიროვნება ვარ , ადამიანი და არა უსიტყვო და საკუთარი აზრის , საკუთარი სურვილების არ მქონე მონა. შესაძლოა სანდროს ვეცოდებოდი , მითანაგრძნობდა კიდეც როგორც შეეძლო , მაგრამ ამ ჩემი მონური საქციელის გამო , თანდათან წლების მანძილზე მან ჩემს მიმართ პატივისცემა დაკარგა , ხოდა  უკვე ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის საკუთარ სიმაღლეზე დგომა არა მარტო შენივე თავისთვისაა სასარგებლო , არამედ გარშემო მყოფ ადამიანებსაც შენს მიმართ დადებითად განმსჭვალავს. 

გამგზავრებამდე დარჩენილი ის სამი დღე პირდაპირ ჯოჯოხეთად იქცა, სახლში ისეთი დაძაბულობა სუფევდა თითქოს ჰაერიც კი გამყარებულიყო . ზაზა არ ელაპარაკებოდა მაიას და შვილის მეშვეობით შეუთუვლიდა ხოლმე  რამე თუ მოუნდებოდა                                        
-დედას უთხარი ლურჯი პერანგი გამიუთოვოს. 
ბოლო ხმაზე  აწეული   ჰქონდა ტელევიზორით უყურებდა ფეხბურთს , ხოლო როცა მაია ოთახში შედიოდა ,დემონსტრაცუილად შეაქცევდა ხოლმე ზურგს.
ქალბატონმა ოლღამ ხომ საერთოდ საკუთარ თავს გაადააჭარბა. იმ სამი დღის მანძილზე ორჯერ  გადააგდო ყინწი , გულის წასვლის გათამაშების მიზნით  და სასწრაფო გამოაძახებინა. სასწრაფოს ექიმები ხელებს შლიდნენ -ქალბატონო წნევა ნორმაში გაქვთ , პულსიც სტაბილური , რა გაწუხებთ კოკრეტულად ? ის კი ისტერიულად ტიროდა , მოსთქვამდა იმხელა ხმაზე რომ მთელ სადარბაზოს ესმოდა .  ექიმებსაც რაღა დარჩენოდათ ? დამამშვიდებელს უკეთებდნენ და მიდიოდნენ.
მაია ხმის ამოუღებლად -ჩუმად ყლაპავდა თავის ტკივილის წამალს და გამგზავრებამდე უკვე  საათებს ითვლიდა .
ერთადერთ სინათლის სხივად მის უჟმურ ცხოვრებაში , სანდრო ევლინებოდა , იგი თითქოს რადიკალურად სხვა ადამიანად იქცა , თითქოს ღრმა ძილისაგან ახლა გამოფხიზლდა, დედას აღარ ეუხეშებოდა, თბილად უყურებდა და ერთხელ  გაზქურასთან მდგარ მაიას  მოულოდნელად მოეხვია კიდეც .
-	მიყვარხარ დედა  . უთრხა ჩუმი ხმით მაიას , მაიამ მოზღვავებული ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოუგორდა ლოყაზე  , ქოჩორი მოუჩეჩა ,გულში ჩაიხუტა 
-	მეც მიყვარხარ დე , შენ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ.
გამგზავრების დღეს დილით მაღვიძარას ზარზე  ადრე ადგა მაია. სამზარეულოში შევიდა და ინსტიქტურად გაზქურისკენ გაეშურა საუზმის მოსამზადებლად ოჯახისთვის , მაგრამ საკუთარ თავს შეუძახა
-არა მაია დღეს არა, დღეიდან ეს რვა დღე მხოლოდ შენ გეკუთვნის და არავის არაფერს არ გაუკეთებ. ყავა მოიდუღა და მშვიდად მიუჯდა სამზარეულოს მაგიდას.
ორი ყლუპიც არ ქონდა მოსმული რომ ოთახში სანდრო შემოვიდა , გვერდით მიუჯდა და კითხა 
-დე გაგაცილებ თუ გინდა
-არა შვილი ტაქსი გამოვიძახე უკვე არ მინდა , შენ ხომ სკოლაში ხარ წასასვლელი , მაგრამ მადლობა რომ შემომთავაზე . გაუღიმა
- დე , ხომ დაბრუნდები ? ხმაში შიშშეპარულმა სანდრომ თვალები შეანათა
- შენ აუცილებლად დაგიბრუნდები დედიკო , ისევ გაუღიმა თბილად მაიამ.
- ამბობენ იქ ძალიან ლამაზია ხო ?
- კიი , თანაც იცი ?ისე ახარა მაიამ სანდროს თითქოს ის ყოფილიო შვილი და სანდრო მშობელი , ჩემი სასტუმრო ზღვიდან სულ რაღაც ას მეტრში ყოფილა, სულ ახლოს.
- მართლა ? მაგარია .
- მე ბევრ ფოტოებს გადავიღებ  შენთვის და გაჩვენებ , ვიდეოებსაც 
-აბა შენ იცი დე ,ბევრი იცურე და არაფერ ცუდზე არ იფიქრო.
სანდრო მოეხვია დედას , თბილად ისე როგორც ბავშვობვისას და ყელზე აკოცა.
მაია უსაზღვრო სინაზემ მოიცვა , ყელში გორგალ- გაეჩხერილმა ძლიერად ჩაიხუტა შვილი გულში , მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა ტირილისგან.
-მაინც არ იშლი შენსას არა ? გამოჩნდა კარში ზაზას სილუეტი 
-არა არ ვიშლი 

- კარგი ... ბოროტად ჩაიცინა ზაზამ, მის ხმაში მუქარა იგრძნობოდა .კარი გაჯახუნდა.

 მალე ტელეფონმა დაიწკრიალა ,ტაქსი მოვიდა . მაია კიდევ ერთხელ გადაეხვია სანდროს . საოცარია, თურმე რამდენად ბევრს ნიშნავს ეს წუთები მისთვის ამდენი წლის სიცარიელისა და მარტოობის შემდეგ საკუთარ სახლში.

ქვემოთ ტაქსი ელოდა , მძღოლმა უგულოდ დაუკრა თავი მისალმების ნიშნად და ბარგი ჩამოართვა საბარგულში შესანახად.
ტაქსში კი იჯდა ერთი ჩვეულებრივი   ცხოვრებისგან დაღლილი  ქალი . 
ვის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს გამგზავრება მისთვის უბრალო მგზავრობა არ იყო . ეს იყო რევოლუცია ,აჯანყება .  ახალი  , წინანდელი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებულის  დასაწყებად.
 ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა , დედამთილის სმს - მაია შვრიის ფანტელი სად გიდევს , ფაფა უნდა მოვიხარშო .
პირველად წლების მერე  მაიამ გულიანად გადაიხარხარა , მერე ტელეფონი გათიშა და ფიქრებს მისცა თავი , როგოც სანდროს დაპირდა,  არაფერ ცუდზე აღარ აპირებდა ფიქრს ( ყოველშემთხვევაში ამ 8 დღის მანძილზე მაინც ) , თვალებმილულული  მაია ფიქრობდა  ჩახჩახა  მზეზე , უკიდეგანოდ ლურჯ ზღვაზე და იმ სასტუმროს ერთადგილიან ოთახზე  რომელიც იმყოფებოდა ზღვიდან ას მეტრში და მას ელოდა  .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი