სიკეთის კეთებით სახელს ვერ მოიხვეჭ


მეოთხე კლასელი მათე აგერ უკვე მეორე  სასწავლო წელია , რაც სკოლაში გადის საგანს სახელწოდებით  ,,მე და საზოგადოება,,  დღესაც ნონა მასწავლებელი მთელი გაკვეთილი ესაუბრა ბავშვებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების ნებისმიერი წევრისადმი ადამიანობის გამომჯღავნება და მისთვის საჭიროების შემთხვევაში დახმარებს ხელის გაწვდა .
-          როდესაც ადამიანს სჭირდება დახმარება - ამბობდა ნონა მასწავლებელი - მიუხედავად იმისა თქვენი ნაცნობია იგი თუ ,სრულიად თქვენთვის უცნობი პიროვნება , აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ სიკეთე და დაეხმაროთ მას , რადგან ამით თქვენ შეიძლება იმ გარკვეულ დროის მონაკვეთში ,ადამიანის სიცოცხლეც კი იხსნათ.
მათემ ნონა მასწავლებლის მონათხრობიდან მოისმინა ისიც ,რომ ადამიანების დახმარება საჭიროა პატარაობიდანვე დაიწყოს ყველამ, განსაკუთრებით კი მოხუცების და ავადმყოფების დახმარებაა საჭირო , აქტიურად და უანგაროდ.
მათემ გადაწყვიტა რომ განვლილი მასალა სასწრაფოდ საჭიროებდა პრაქტიკაში გამოყენებას და სახლისაკენ განგებ ძალიან შენელებული ნაბიჯით მიმავალი, ყურადღებით აცეცებდა თვალებს აქეთ- იქეთ, იქნებ ვინმეს წავაწყდე, ვისაც ჩემი აქტიური და უანგარო დახმარება ჰაერივით ესაჭიროებაო.
ასე ნელ-ნელა მიუახლოვდა გაჩერებას და ჰოი საოცრებავ- გაჩერებეზე მართლაც იჯდა ერთი 60 წელს მიტანებული ხანშიშესული კაცი ,რომელიც მათეს მახვილი  და გამჭრიახე გონების კარნახით , ნამდვილად საჭიროებდა სასწრაფო დახმარებას. კაცის პოზა აშკარად რაღაც საგანგაშო მდგომარეობაზე მიანიშნებდა, იგი სკამის უკან აღმართულ კედელს  იყო მიყრდნობილი  თავით , თვალები დახუჭული ჰქონდა და საეჭვოდ გარინდებული ღრმად სუნთქავდა .
-          ცუდად ხართ ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ ? მკვირცხლად დაუსვა გაკვეთილზე ნონა მასწავლებლის მიერ ნასწავლი შეკითხვები მათემ კაცს.
-          იქ ჯიბეში წამალი მიდევს , თითქმის დაიჩურჩულა კაცმა, ისე რომ თვალები არც კი გაუხელია.
მათემ დაუყოვნებლივ გაუჩხრიკა კაცს ჯიბეები და მალე აღმოაჩინა  ფირფიტა ,რომელსაც ჯერ კიდევ არც ერთი აბი არ აკლდა.
-ერთი ტაბლეტი ენის ქვეშ ,ძლივს გასაგონი ხმით დაიჩურჩულა ისევ კაცმა.
მათემ თხოვნა შეუსრულა
-შენ კი არა , მე ჩამიდე შე ბოთე შენა - თავს ძალა დაატანა კაცმა და ოდნავ ხმამაღალი ნოტი აიღო.
- მათემ უმალ გადმოაფურთხა ტაბლეტი და მაშინვე ახალი უმარჯვა კაცს ხახაში.
თან თავისი წყლის ბოთლი ატაკა პირში და კაცმა მექანიკურად  ხმაურით გადაყლურწა წამალი.
-          ენის ქვეშ უნდა დაგედო, შე მამაძაღლო, მოსაწუწნია -ამოიღმუვლა კაცმა და თვალები ხარივით გადაატრიალა.
ბიჭმა დაუყოვნებლივ მოარიდა ფირფიტას მეორე აბიც და ისევ უმარჯვა პირში , ამჯერად  უწყლოდ.
კაცმა ენით მიუჩინა აბს საჭირო ადგილი და ლომპასის კამფეტივით გაწუწნა.
-          ახლავე სასწრაფოსაც  გამოგიძახებთ  , დაჰპირდა მათე კაცს  საქმიანად და ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა.
-          არაა საჭირო , უპასუხა კაცმა ძლივს გასაგონი ხმით
-          ეს ოსტეოქონდროზია,ნევრალგია -ისეთ შეგრძნებას იწვევს, როგორც ინფარქტის დროს,
აქედანაა წამოსული ზუსტად პანიკური შეტევებიც , ეს ვალიდოლი ეხლა გამიგრილებს საყლაპავს და უკეთ გავხდები , კარგი ბიჭი ხარ შენ ,წადი ახლა სახლში აღარაფერი მიჭირს .
ხელის სუსტი მოძრაობით ისეთი ჟესტი გააკეთა კაცმა, თითქოს თავიდან იშორებსო და ისევ მიესვენა გაჩერების კედელს.
მოხუცს თვალები კვლავაც დახუჭულ მდგომარეობაში ქონდა , შუბლზე ცივი ოფლის წვეთები უბზინავდა და ტუჩებზე მიტკლის ფერი დაჰკრავდა  მისი  მდგომარეობა დაუყოვნებლივ ჩარევას ითხოვდა .
-          აბა რა , მეტი საქმე არ მაქვს სახლში წავიდე , გაიფიქრა აღტკინებულმა მათემ და ისევ ნონა მასწავლებლის სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში:
-          ცხოველებიც კი არ ტოვებენ თანამოძმეებს საფრთხის  დროს , ხოლო ჩვენ ხომ ადამიანები ვართ ?
ასე რომ მათე ახლოს მიუჯდა მამაკაცს და დაელოდა პრეპარატის ამოქმედებას
-          პირი დამიბუჟდა - მეტყველების უნარი ცოტა დაუბრუნდა კაცს ,სულ აღარ მიმუშავებს ეს უტვინო თავი , მაგრამ რათ გინდა , ახია ჩემზე ,ამ ხნის კაცი რომ აცერცეტდება  და ამჩატდება მეტის ღირსიცაა . აბა რა მეგონა პაემანზე რომ ვეპატიჟებოდი ? ხომ გადამაგდო ?  ხომ გადამასხა ცივი წყალი ? ხოდა კარგიც მიქნა  , ახია ჩემზე . ის წამალიც რა ტყუილად ვიყიდე ამის დედა ვატირე....
       მათეს გონებამ კაცის ლაპარაკიდან მხოლოდ 2 ფრაზა აითვისა : ,, გადაგდება და ცივი წყალი „
-ხოდა მაგიტომაცაა ასე  ცუდად - გაიფიქრა მან - ჯერ გადაუგდიათ  სადღაც და მერე ცივი წყალიც დაუსხიათ ზედ  , მიკვირს ფეხზე როგორ დგას საერთოდ,   არა  აქ სასწრაფოს გარეშე არაფერი გამოვა , განა ნონა მასწავლებელმა დღევანდელ გაკვეთილზე ეგ გვასწავლა , გაჭირვებულ ადამიანს რომ დაინახავ არ დარეკო სასწრაფოშიო ?
გვერძე გადგა და  მალულად 112 ში დარეკა.
- ალო აქ გაჩერებაზე ერთი კაცია, ძალიან ცუდადაა, დიახ თვალები აქვს დახუჭული , დიახ ვიცი მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი , რა ნომერი ? დიახ ვხედავ ჭიშკარზე 151 ნომერი წერია ზედ გაჩერებასთანაა , არ ვიცი მგონი ნაცემია,ასე ამბობს გადამაგდეს და ცივი წყლით დამასველესო , პირიც დაუბუჟდა და ნერვებიც არ უნდა ჰქონდეს კარგ მდგომარეობაში , ასე ამბობდა ნევრალგიაო მჭირსო, დიახ მადლობა გელოდებით.
მათე საცხოვრებელი სახლის შენობის კუთხეს ამოფარებული დაელოდა სასწრაფოს გამოჩენას , არ გასულა ათიოდე წუთი , რომ ავადმყოფი მამაკაცი ფეხზე წამოფრინდა , გადმოაფურთხა თითქმის ბოლომდე გალეული აბი პირიდან და ლანძღვა გინების კორიანტელი დააყენა .
-ეტყობა მომჯობინდა - ვერ მოასწრო მათემ გაფიქრება, რომ სასწრაფოს მანქანამაც მკვეთრად დაამუხრუჭა გაჩერების წინ.
გაბღინძულმა და სიამაყით სავსე მათემ , სიამოვნებით გააყოლა ქუჩის კუთხეში გაუჩინარებულ სასწრაფო დახმარების  მანქანას თვალი , რომლითაც მის მიერ გადარჩენილი ერთი ადამიანის სიცოცხლე მიჰყავდათ.
სახლისაკენ მიმართულმა გზამ პირველად შეიძინა მათესთვის აზრი , მისი აღტკინებული გული საგულიდან ამოვარდნას ლამობდა , მან ხომ ასეთი სიკეთე და ადამიანური საქციელი გამოავლინა .
       ის ის იყო გადასასვლელზე შუქნიშანთან უნდა დამდგარიყო ,რომ შორიდან პარკში გრძელ სკამზე მჯდარ კიდევ   ერთ   განწირულ მამაკაცს მოჰკრა თვალი, მაგრამ ეს ბიძია  იმ კაცზე ოციოდე წლით ახალგაზრდა ჩანდა . სკამზე მჯდარი კაცს , თავი მუხლებში ჩაერგო და ჯიბიდან მოშიშვლებული ბოთლის ყელი მოუჩანდა. მათეს აზრით ეს კაცი იმ მოხუცზე უარესად გამოიყურებოდა.
არა რა , დღეს მაღალ ღმერთს დედამიწაზე მათეს სახით მფარველი ანგელოზი გამოუგზავნია . ეტყობა მისი ხელით უნდა რომ იხსნას ადამიანთა სიცოცხლე.
-          ბიძია ცუდად ხართ ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ ? ისევ გამოიყენა მათემ პრაქტიკაში ნონა მასწავლებლის მიერ  ახსნილი თეორია.
კაცმა ნელ- ნელა ასწია თავი , ჯერ ერთი თვალი გაახილა , მერე მეორე  და ბოჩოლასავით მიაშტერდა მათეს .
ეტყობა ვერ გაიგონა რა უთხარიო გაიფიქრა ბიჭმა და ისევ გაუმეორა შეკითხვა.
კაცმა ისევ რიგ-რიგობით  მოხუჭა ჯერ ერთი თვალი , მერე მეორე და ისე თითქოს ვიღაც სხვას არაამქვეყნიურ სამყაროში მყოფს ელაპარაკებაო  , დაიზმუვლა:
-          აახვიე ლარები - და ახლა მუხლებზე უფრო ქვევით ჩაკიდა თავი .
მათემ ამ უცნაური ფრაზიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოიტანა და ჩაეკითხა
-ბატონო ?
კაცს რამოდენიმე წამი დასჭირდა სიკვდილის კორიდორიდან გამოსასვლელად, მეორე თვალიც ისევ რომ გაახილა , კვლავ ბოჩოლასავით მიაშტერდა მათეს და მოულოდნელად იკითხა:
-სადა ვართ ? ,
- აქა ვართ პარკში , ახლავე დაგეხმარებით , სხაპასხუპით მიაყარა მათემ და ჯიბისკენ ტელეფონის ამოსაღებად წაიღო ხელი , მაგრამ ტელეფონის ნაცვლად წამლის ფირფიტა შერჩა ხელში რომელიც იმ წინა კაცს დაალევინა.
-უი იმ კაცის წამალი წამომყოლია , დანანებით გაიფიქრა მათემ , მაგრამ მერე თავი ინუგეშა : -არაუშავს  იქ საავადმყოფოში წამლების მეტი რა აქვთო და ახლა ამ მეორე ავადმყოფს ატაკა პირში ერთი აბი.
სიკვდილის კორიდორიდან გამომავალმა მამაკაცმა დაუფიქრებლად გადაყლაპა წამალი და ისევ  მიაშტერდა მათეს .
-          არაა ეს ენის ქვეშ უნდა დაიდოთ და გაწუწნოთ დამრიგებლური ტონით აუხსნა მათემ ვითარება და ახლა  მეორე აბი უმარჯვა.
-          მამაკაცმა ტუჩების  წკლაპაწკლუპით დაუწყო ლოღვნა აბს და თან დროდადრო  რაღაც გაუგებარი ფრაზების ნაგლეჯებს  ისროდა .
ამ ბიძიასგან კილომეტრებზე ისეთი სუნი იფრქვეოდა, ისეთი განწირული შესახედაობა ჰქონდა ,რომ აშკარა იყო სიტუაცია დაუყოვნებლივ  მოითხოვდა მათესგან ადამიანობის გამოვლინებას . ახლა ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და   რადგან მოქმედების ალგორითმი უკვე ნაცნობი იყო ,მან  გადაწყვიტა დრო უქმად არ დაეკარგა და სასწრაფო გამოიძახა.
როცა სასწრაფო დახმარების მანქანამ ეს ბიძიაც სირენების განწირული კივილით საავადმყოფოსკენ გააქანა , მათემ დაღლილი სახით შუბლზე კაცივით მოისვა მკლავი და გაიფიქრა:
-          ორი გმირული საქციელი  ერთ დღეში , აუ რას დააჭყეტავენ ჩამი კლასელები თვალებს რომ მოვყვები მე და საზოგადოების გაკვეთილზე ...
შინ მისულმა მათემ დიდხანს ითმინა , ერთის მხრივ გაგონილი ჰქონდა ,რომ კეთილი საქმეებზე მოყოლა სულაც არაა აუცილებელი და რომ ამით ტრაბახი მაინცდამაინც არაა ლამაზი საქციელი,იმიტომ რომ გმირობის ჩადენა უსახელოდ დარჩენას მოითხოვს. მეორეს მხრივ რა არის იმაში ცუდი ,თუკი მშობლები გაიგებენ თუ როგორ შეიცვალა მათე უკეთესობისკენ. ასე რომ მათე თითქოს და ისე -სხვათაშორის მოყვა სახლში დღევანდელი დღის თავგადასავალს.
დედა აღაფრთოვანა მათეს გმირობამ და თვალზე ცრემლიც კი მოადგა, მაგრამ მამა დადარაჯდა და სასწრაფოდ მოსთხოვა მათეს დღიურის ჩვენება. დღიურში არანაირი შენიშვნა არ ეწერა რამაც მამა უფრო მეტად ჩააგდო საგონებელში. დაიწყო საათნახევრიანი დაკითხვების კასკადი , რომელთა მსვლელობა მიანიშნებდა ჩამტვრეული მინების , ჩხუბისთავობის ან სხვა რაიმე წუწკობის ალბათობაზე .
ბოლოს გაწბილებულმა მათემ გამოაცხადა, რომ აღარასოდეს აღარავის დაეხმარებოდა, რომ ადამიანობის გამოვლინებას არანაირი აზრი არ ქონია.
მაგრამ ყველაზე  საშინელება იცი რა არის ? - მიაძახა აღშფოთებულმა მათემ დაეჭვებულ მამას - უნდობლობა - ეს მე შეურაცმყოფს , დიდები ხანდახან ბავშვებზე უარესად იქცევით , სასაცილოა პირდაპირ  რომ დამტკიცება მიწევს ,მაგრამ დაგიმტკიცებ!
-აი ნახე წამალი იმ მოხუც კაცს რომ ედო ჯიბეში და მთხოვა  ენის ქვეშ დამედო , შემთხვევით გამომყოლია .
-          საიდან გაქვს ეს წამალი
ახლა დაეჭვებული დედა ჩაერთო დაკითხვაში
-ხომ გეუბნები პირველ კაცს რომ ვასმევდი, იმისთვის მიცემა დამავიწყდა და გამომყვა.
- ეს ვიაგრაა , ჩაიფრუტუნა უცებ მამამ, და გაოგნებულ დედას გადახედა - ეტყობა ვალიდოლის ჯიბემდე ვეღარ უწია .
- ხოო შვილო ,  კაი დღეში ჩაგიგდია სასწრაფო დახმარების ბრიგადის და მიმღების ექიმები ვერაფერს ვიტყვი , ხარხარებდა მამა და თავს  აქეთ -იქეთ იქნევდა გამხიარულებული.
და აი აქ მათემ საბოლოოდ დაასკვნა რომ ,სიკეთის კეთებით სახელს ვერ მოიხვეჭ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი